“ენვერის” ახალი დეტალები

რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებას მოსკოვიდან ასლან აბაშიძის თანაგუნდელები ეხმაურებიან. ბადრი მელაძე და აჭარის ყოფილი შსს-ს მინისტრის მოადგილე, დავით ბაკურიძე პეტრე დევრიშაძეს ქართულ სპეცსამსახურებთან თანამშრომლობაში სდებენ ბრალს. შინაგან საქმეთა მინისტრ ვანო მერაბიშვილის განცხადებით კი, საქართველოში რუსეთის ჯაშუში ჯერ კიდევ ბევრია.

ოპერაცია “ენვერი”, როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალური კომენტარებიდან ირკვევა, 2006 წელს დაიგეგმა და წელს განხორციელდა. ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებული 13-ვე მოქალაქე აჭარის მკვიდრია. ამ ფაქტზე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, შოთა უტიაშვილმა შემდეგი განმარტება გააკეთა: “ყველა ეჭვმიტანილი ცხოვრობდა აჭარაში. 2004 წლამდე აჭარა ამტკიცებდა თავის დამოუკიდებლობას საქართველოსგან და მას რუსეთი უჭერდა მხარს, რაც იმას ნიშნავს, რომ გრუ-ს (რუსეთის სადაზვერვო სამსახური) იქ თავისუფლად მიუწვდებოდა ხელი თანამშრომლების გადასაბირებლად”.

დაკავებულთაგან აღიარებითი ჩვენება მხოლოდ ორმა– ბიზნესმენმა პეტრე დევრიშაძემ და მფრინავმა გაბრიელ უსტალიშვილმა მისცა. სწორედ დევრიშაძე აღმოჩნდა მოსკოვში გადახვეწილი ასლან აბაშიძის თანაგუნდელების სამიზნე.

ბადრი მელაძემ და დავით ბაკურიძემ მას ქართული სპეცსამსახურების აგენტობაში დასდეს ბრალი. საყურადღებოა ბაკურიძის განცხადება, რომელიც მან რუსულ გაზეთ MK-სთან გააკეთა: “სანამ აჭარის შსს-ში დავიწყებდი მუშაობას, მანამდე ვმუშაობდი საქართველოს უშიშროების სამინისტროში. სწორედ 1999 წელს მე გადავიბირე იგი საქართველოს სპეცსამსახურებისთვის. ის შეგზავნილი გვყავდა “ნაციონალურ მოძრაობაში” და გვაწვდიდა ინფორმაციას, რაშიც კარგ ფულს ვუხდიდით”.

ბაკურიძის თქმით, დევრიშაძე 2004 წლის მაისამდე მასთან თანამშრომლობდა, შემდეგ იგი ახალი ხელისუფლების სპეცსამსახურებში გადაბარგდა: “ხშირად მირეკავდა და მეუბნებოდა, მითხარი, სად დამალეთ აჭარაში იარაღი, სანამ დაჟანგულა, გავყიდოთო. მივხვდი, რომ ის უკვე იმათ (“ნაციონალების'”) სასარგებლოდ მუშაობდა”.

სხვა  ვერსიას ყვება ბადრი მელაძე. მისი თქმით, დევრიშაძეს ახლო ურთიერთობა აქვს აჭარის კუდ-ის ამჟამინდელ ხელმძღვანელთან, თემურ პატარიძესთან, რომელიც იყო ჯაშუშების ოპერაციის ხელმძღვანელი: “თემურის ძმა რუსეთში იყო დაკავებული. დევრიშაძე აქ იყო მის გასათავისუფლებლად ჩამოსული. დადიოდა სხვადასხვა ინსტანციაში, წერდა ოფიციალურ საჩივრებს და ა.შ. ამის შემდეგ დევრიშაძემ და პატარიძემ ერთობლივი ბიზნესი წამოიწყეს აჭარაში, იყიდეს თევზმჭერი სეინერი. დევრიშაძე ბათუმში გენერალ ბორისოვის საცხოვრებელ სახლში შეასახლეს. აი, ნახავთ, მას მალე გაათავისუფლებენ”.

მელაძის თქმით, კიდევ ერთი ეჭვმიტანილი, რუსლან გალოგრე იმისთვის დააპატიმრეს, რომ ვიღაცას ძველ ბათუმში არსებული მისი ძმის ოჯახის კუთვნილი სასტუმროს მითვისება უნდა. მელაძის ვერსიით, იმავე მიზეზით ანუ ბიზნესის წართმევის მიზნით, დააკავეს გევორქიანი და შიკოიანი.

ტენდერების მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, ბიზნესმენ დევრიშაძეს საქართველოს მთავრობასთან რაღაც კავშირები მართლაც უნდა ჰქონოდა. 2007 წელს მან ბათუმის ერთ-ერთ პრესტიჟულ უბანში ნორმატიულ ფასად შეიძინა მიწის ნაკვეთი. 2008 წელს კი საქართველოს მთავრობის მიერ გამოცხადებული ტენდერი მოიგო სწრაფმავალი კატარღის შესყიდვაზე.

ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებული ექვსი სამხედრო მფრინავის საქმეც ასლან აბაშიძის სახელს უკავშირდება. 2003 წელს ბათუმის აეროპორტში მფრინავების მოსამზადებელი სკოლა გაიხსნა, რომელშიც 12 კურსანტი ჩაირიცხა. აბაშიძის მმართველობის შემდეგ 11-მა სწავლა თბილისში გააგრძელა და ვერტმფრენის მართვის სპეციალობა აითვისა. მათ შორის 6 მათგანი დღეს პატიმრობაში იმყოფება. ტარიელ აბაშიძე, გოჩა დიასამიძე, დავით მესხიძე და ვიაჩესლავ პლუჟნიკოვი ბათუმელები არიან, გაბრიელ უსტალიშვილი სოფელ ბუკნარის მკვიდრია, ხოლო გელა კაკაბაძე სოფელ სტურუაში ცხოვრობს.

მფრინავ გაბრიელ უსტალიშვილის ჩვენებით, მისი გადაბირება ყოფილმა თანაკურსელმა და მეგობარმა – მიხეილ კვაჭანტირაძემ უმარტივესად შეძლო. ქართულიდან რუსულად ათარგმნინა ქართული ტელეკომპანიების საინფორმაციო გამოშვებები, რითაც შემდეგ იგი დააშონტაჟა.

გოჩა დიასამიძის მეუღლე, ალესია დიასამიძე ამბობს, რომ კვაჭანტირაძე ადრე მისი მეზობელი იყო: “ინასარიძის ქუჩაზე, 12-სართულიან სახლში, მეზობლად ცხოვრობდა. დედა რუსი ჰყავდა და რუსულენოვანი იყო. იგი ჩემს ქმართან ერთად ასლან აბაშიძის სამხედრო რაზმში. ე.წ. “ობეერში” მუშაობდა, მერე მფრინავების კურსებზე ერთად გააგრძელეს სწავლა, შემდეგ მიშა ცოლს გაშორდა და რუსეთში გადავიდა საცხოვრებლად. იქ სხვა ცოლი შეირთო. ამ გაზაფხულზე თუ ზაფხულში იყო ჩამოსული. მეგობრები რესტორანში წვეულებაზე დაპატიჟა. ცოტა ხნით გოჩაც იყო მისული. ჩვენც ვნახეთ. ამბობდა, რომ რაღაც სერიოზული ბიზნესი ჰქონდა წამოწყებული”.

ალესია ფიქრობს, რომ მფრინავების ძირითადი ბრალდება კვაჭანტირაძესთან მეგობრობაა: “დედაჩემის ოროთახიან ბინაში ვცხოვრობთ. გოჩა სიგარეტს არ ეწევა და ღვინოს არ სვამს. გადაამოწმეთ, ყველა ახლომდებარე მაღაზიაში ვალი გვაქვს. სამშობლოს ღალატი თუ უნდოდა, რაღაც გასამრჯელო ხომ უნდა მიეღო? ცხინვალის ომში მონაწილეობდა და საკუთარი თავის წინააღმდეგ გასცემდა ინფორმაციას?!”

ალესია მეუღლის ადვოკატს არ იცნობს, იგი მისმა მაზლმა დაიქირავა. ადვოკატი მიხეილ ქამადაძე აცხადებს, რომ ჯერ საქმეს არ გასცნობია.

ადვოკატი არ ჰყავს ვიაჩესლავ პლუჟნიკოვს. მისი მამა, იური პლუჟნიკოვი ამბობს, რომ თბილისში ჩასვლა ვერ მოახერხა: “ძირითადად, ჩემი შვილის ხელფასით ვცხოვრობთ. ადვოკატს ვეძებთ. მომხდარით გაოგნებული ვართ”. “რუსთავი-2”-ის მიერ გადაღებული ფილმის მიხედვით, პლუჟნიკოვი ბათუმში მობილური ტელეფონით გადაღებული კონცერტის კადრების რუსეთში გადაგზავნას ინტერნეტკაფედან ცდილობდა. თურმე ფაილი უჩვეულოდ დიდი იყო, რამაც სპეცსამსახურები დააეჭვა.

ტარიელ აბაშიძე ხიმშიაშვილის ქუჩაზე, ახალ ბულვართან, ცხოვრობს. მისი ზუსტი მისამართი მაღაზიის გამყიდველებმა მიგვასწავლეს: “მაგ საცოდავს შპიონობის რა ეტყობოდა. მაგის ოჯახს თვიდან-თვემდე სული ნისიად გააქვს”. ტარიელის დედამ ოფიციალური კომენტარის გაკეთება არ ისურვა: “არაფერი ვიცი, რა ვთქვა? ძალიან მინდა, ვნახო ჩემი შვილი და თვალებში ჩავხედო. ომის დროს ცხინვალსა და კოდორში დაფრინავდა. კოდორში სასწაულებრივად გადაურჩა სიკვდილს”.

კიდევ ერთი მფრინავი, დავით მესხიძე ბარცხანის დასახლებაში ცხოვრობს. ოჯახში არავინ დაგვხდა. მეზობელი ფერიდე სამნიძე ამბობს, რომ მესხიძეებს მატერიალურად ძალიან უჭირთ: “ჩემი შვილის კლასშია მაგის ბავშვი. ბავშვისთვის წიგნები ვერ უყიდიათ”.

კიდევ ერთი დაკავებული, ბათუმელი იკური სკრილნიკოვი, საქართველოს კონტრდაზვერვის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ორ რუს მოქალაქესთან, ვიალოვსა და მალჩუკთან ერთად, ჯერ კიდევ მაისში დააკავეს. ადვოკატ ნანა ანდღულაძის განცხადებით, ვიალოვსა და მალჩუკს, რომლებსაც სახლის ჩხრეკის დროს ორ-ორი ათასი დოლარი აღმოუჩინეს, 6-6 წლით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო სკრილნიკოვს კი, რომელსაც 38 ათასი დოლარის რუსეთიდან შემოტანა ედება ბრალად, 18 წელი მიუსაჯეს.

ორი თვის წინათ გაზეთ “ბათუმელებისთვის”  მიცემულ ინტერვიუში ნანა ანდღულაძემ განაცხადა, რომ მის დაცვის ქვეშ მყოფებზე სპეცსამსახურები ახორციელებდნენ ზეწოლას, სთხოვდნენ ჯაშუშობის აღიარებას და საქართველოს სპეცსამსახურებთან თანამშრომლობას: “ამჟამად მხოლოდ სკრილნიკოვს წაუყენეს ჯაშუშობის ბრალდება. იგი რუსეთის მოქალაქეა და რუსეთის არმიის გადამდგარი პოლკოვნიკი. სკრილნიკოვი მის მიმართ წაყენებულ არც ერთ ბრალდებას არ აღიარებს”, _ განაცხადა ანდღულაძემ. მისი თქმით, სკრილნიკოვს გამოძიება ამჯერად საქართველოს საზღვრის ყალბი პასპორტით გადმოკვეთას ედავება: “სკრილნიკოვი აქ ჯაშუშური ქსელის შესაქმნელად შემოუშვეს და თან ყალბი დოლარებიც გამოატანეს? ეს ლოგიკა გაუგებარია”.

საქართველოს ხელისუფლების ინფორმაციით, რუსეთის ჯაშუშთა ქსელი საქართველოში ჯერ კიდევ 2006 წელს გაიშიფრა. მაშინ ქართულმა სპეცსამსახურებმა 11 ადამიანი დააკავა, რომელთა უმეტესობა ბათუმელი ან ბათუმში დისლოცირებული სამხედრო ბაზის თანამშრომელი იყო.

Image 2592