სამართალი

ჯაშუშური ქსელი ქართულ–რუსულ ურთიერთობებში

29 ოქტომბერი, 2010 • 2142
ჯაშუშური ქსელი ქართულ–რუსულ ურთიერთობებში

საქართველოს პოლიციამ 20 ადამიანი დააკავა, რომლებიც რუსეთისთვის ჯაშუშობაში არიან ეჭვმიტანილნი. ინფორმაცია ამის თაობაზე, ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით, სააგენტო როიტერმა გაავრცელა.

იგივე სააგენტოს ცნობით, ყველა დაკავებული საქართველოს მოქალაქეა, რომლებიც ეჭვმიტანილნი არიან ყოფილ საბჭოთა ქვეყნებში  ჯაშუშური ქსელის შექმნაში, რომელსაც რუსეთისთვის უნდა ემსახურა.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო, აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით, ჯერ არანაირ კომენტარს ან დამატებით ინფორმაციას არ ავრცელებს. რუსული საინფორმაციო სააგენტოების ცნობით, ამ დროისთვის ოფიციალური მოსკოვიც დუმს.

დღემდე ყველაზე მასშტაბური ჯაშუშური ქსელი, რომელიც ქართველი სამართალდამცავების მტკიცებით, საქართელოში რუსეთის სასარგებლოდ მუშაობდა, 2006 წელს იქნა გამოვლენილი: მაშინ, 2006 წლის 27 სექტემბერს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ, ჯაშუშობის ბრალდებით, 4 რუსი სამხედრო მოსამსახურე და საქართველოს 11 მოქალაქე დააკავა.

აღნიშნულ ფაქტს ოფიციალური მოსკოვის მხრიდან მკაცრი რეაგირება მოჰყვა – კრემლმა საქართველოდან მაშინვე გაიყვანა საელჩოს თანამშრომლები, რის შემდეგაც, 2 ოქტომბერს, ოფიციალურმა თბილისმა მოსკოვს  ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებული 4 რუსი სამხედრო მოსამსახურე გადასცა.

იმავე დღეს ცნობილი გახდა რუსეთის ხელისუფლების გადაწყვეტილება, რომლის თანახმად, რუსეთმა საქართველოსთან სატრანსპორტო და საფოსტო კავშირი შეწყვიტა. ამასთანავე, ოფიციალურმა მოსკოვმა დაიწყო მკაცრი ზომების გატარება: ათობით რუსეთში მცხოვრები  საქართველოს მოქალაქე ქვეყნიდან იქნა გამოსახლებული და დეპორტირებული.

2006 წელს ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებული საქართველოს 11 მოქალაქე ქართული მართლმსაჯულების წინაშე 2007 წლის იანვარში წარსდგა: საინფორმაცია სააგენტო „ახალი ამბები–საქართველოს“ ცნობით, ატაშეს ბალოიანი, ვიქტორ ორეხოვი, ალექსანდრე ზალიანინი, ვიქტორ ზაბროდინი, იური ზაბროდინი, გოდერძი ძულაშვილი, გია კაკაურიძე, აზიზ ასლანიანი, კარენ აბოიანი, ფეოდორ აშრატიანი და ბესო გაბაიძე საპროცესო შეთანხმების საფუძველზე გაათავისუფლეს.

ჯაშუშების სკანდალიდან ხუთი თვის შემდეგ, 2007 წლის აპრილში, საქართველოსა და რუსეთს შორის სიტუაცია შედარებით დასტაბილურდა – აღდგა სატრანსპორტო და საფოსტო კავშირი, თუმცა ერთი წლის და სამი თვის შემდეგ, რუსეთისა და საქართველოს ურთიერთობა 2008 წლის აგვისტოს ომით დასრულდა.

საქართველოსა და რუსეთში ამ ხნის მანძილზე დაფიქსირებულია ცალკეული შემთხვევები, როდესაც რამდენიმე ადამიანი ჯაშუშობის ბრალდებით იქნა გასამართლებული, თუმცა მასშტაბური დაკავებები მხოლოდ ორჯერ და ორივეჯერ საქართველოში განხორციელდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი