სამართალი

ჯოკია ბოდოკიას სასამართლომ 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა

4 ნოემბერი, 2015 •
ჯოკია ბოდოკიას სასამართლომ 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა

შინაგან საქმეთა სამინისტრომ განსაკუთრებით დიდი ოდენობის ქრთამის აღების ბრალდებით თბილისის მერიის ზედამხედველობის სამსახურის აპარატის უფროსი ჯოკია ბოდოკია 2015 წლის 11 თებერვალს დააკავა. მას ბრალდება საქართველოს სსკ-ის 338-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ე,, ქვეპუნქტით” ჰქონდა წაყენებული. 

 

პროკურატურის ცნობით, სასამართლოში საქმის განხილვის პროცესში გამოიკვლიეს აუდიო-ვიდეოჩანაწერები,  რომელთა ანალიზით დადგინდა, რომ 2015 წლის თებერვლის დასაწყისში ჯოკია ბოდოკიას დაუკავშირდა  შპს „დარიოუშის“ წარმომადგენელი ნათია მახარაშვილი, რომელმაც სთხოვა კონსულტაციის გაწევა ქ.თბილისში, თაბუკაშვილის ქუჩა #32-ში მდებარე მიწის ნაკვეთზე სასტუმროს მშენებლობის ნებართვასთან დაკავშირებით.

 

“ჯოკია ბოდოკია ნათია მახარაშვილს  დაპირდა, რომ თანამდებობრივი ავტორიტეტის გამოყენებით დაეხმარებოდა სასტუმროს მშენებლობის ნებართვის მიღებაში, შესაბამისი ნებართვის გარეშე ზემოაღნიშნულ ტერიტორიაზე სადემონტაჟო სამუშაოების შესრულებაში და შენობის ექსპლუატაციაში შესვლამდე, მშენებლობის პროცესში წარმოშობილ საკითხებთან დაკავშირებით გაუწევდა სამსახურებრივ მფარველობას, რის სანაცვლოდაც ქრთამის სახით,  საერთო ჯამში, მოსთხოვა 181 500 აშშ დოლარი. 2015 წლის 11 თებერვალს კაფე „დავიდოვში“ ჯოკია ბოდოკიამ ნათია მახარაშვილს გამოართვა ქრთამის სახით მოთხოვნილი თანხის ნაწილი – 50 000 აშშ დოლარი, რა დროსაც დაკავებული იქნა სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომლების მიერ”

თბილისის საქალაქო სასამართლოს ცნობით, საქმის არსებითი განხილვისას ბრალდებულმა თავი არ სცნო დამნაშავედ.

 

“სასამართლომ განიხილა და შეისწავლა საქმეში არსებული და სასამართლო პროცესზე წარმოდგენილი მტკიცებულებები, მოისმინა მოწმეთა ჩვენებები და უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობათა და გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტის გათვალისწინებით, დადასტურებულად მიიჩნია, რომ ჯოკია ბოდოკიამ ჩაიდინა მისთვის ბრალად შერაცხული დანაშაული. სასამართლომ მას სასჯელის სახედ და ზომად თავისუფლების აღკვეთა 11 წლის ვადით განუსაზღვრა. ასევე, მას ჩამოერთვა სახელმწიფო სამსახურში დანიშვნითი თანამდებობის დაკავების უფლება 2 წლის ვადით,”– აღნიშნულია სასამართლოს განცხადებაში.


პროკურატურის განცხადებოთ, ჯოკია ბოდოკიას ბრალდების სისხლის სამართლის საქმიდან ცალკე წარმოებად  გამოიყო სისხლის სამართლის საქმე, რომელზეც ამჟამად მიმდინარეობს გამოძიება და სხვა პირთა ბრალეულობის  დადგენის შემთხვევაში მოხდება შესაბამისი რეაგირება.


მასალების გადაბეჭდვის წესი