სამართალი

დაგეგმილი აქცია ძაღლების თანხლებით

8 ივლისი, 2010 • 1400
დაგეგმილი აქცია ძაღლების თანხლებით

დაკავებული ბიზნესმენის, თამაზ ელიზბარაშვილის საკუთრებაში არსებული ძაღლების თავშესაფრის თანამშრომლები 130 ძაღლის სასამართლო შენობასთან მიყვანას და შენობის წინ  საპროტესტო აქციის გამართვას გეგმავენ.

”იმის გამო, რომ თამაზი დაპატიმრებულია, ჩვენ რთულ მდგომარეობაში აღმოვჩნდით, გვესაჭიროება მედიკამენტები, საკვები. ამ ყველაფერს იგი მთლიანად საკუთარი ჯიბიდან  აფინანსებდა”, -ამბობს თამაზ ელიზბარაშვილის საკუთრებაში არსებული ძაღლთა თავშესაფრის ვეტერინარი ელენა შეინა.

ვეტერინარის თქმით, ამ დღეებში აპირებენ, რომ ყველა ძაღლი, მათ შორის ავადმყოფი ძაღლებიც, სასამართლო შენობის წინ მიიყვანონ და თამაზ ელიზბარაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით, საპროტესტო აქცია გამართონ.

როგორც თავშესაფრის დირექტორი, თეიმურაზ მამოევი ამბობს, გაურკვეველია, რა მდგომარეობაში აღმოჩნდება თავშესაფარი,-”ერთი ტომარა ძაღლის საკვები 40 ლარი ჯდება. ამ ძაღლებს დღეში რამდენიმე ტომარა ჭირდებათ. ამის გარდა, მედიკამენტებიც გვინდა. ამ ყველაფრის ფულს ბატონი თამაზი იხდიდა”.

თამაზ ელიზბარაშვილს, ასევე,  ფირმა ”ელიზი” ეკუთვნის. ელიზბარაშვილი საქართველოში სიგარეტის ერთ-ერთი მსხვილი იმპორტიორია.

თამაზ ელიზბარაშვილის დაკავების ფაქტი ცნობილი გუშინ გახდა. პროკურატურამ ელიზბარაშვილთად ერთად მისი რძალი, მძახალი და ფსიქიატრიული საავადმყოფოს რამდენიმე ექსპერტი დააკავა.

როგორც თბილისის პროკურატურამ დაადგინა, 2004 წელს ბიზნესმენმა ელიზბარაშვილმა თავისი შვილის, გურამ ელიზბარაშვილისთვის, რომელიც მკვლელობისთვის იხდიდა სასჯელს,  ფსიქიატრიული კლინიკის ექსპერტებისგან, თანხის სანაცვლოდ, ყალბი შეურაცხადობის დასკვნა მიიღო.  ყალბი სამედიცინო დასკვნით გურამ ელიზბარაშვილმა სასჯელს თავი აარიდა.

მიმდინარე წლის 3 ივლისს, როგორც გამოძიებამ დაადგინა, ელიზბარაშვილი ასეთივე ყალბი ცნობის მიღებას ისევ შეეცადა. მან 2000 აშშ დოლარი ასათიანის სახელობის ფსიქიატრიული ცენტრის ექსპერტს გადასცა.

როგორც გამოძიებამ დაადგინა, დასკვნის მიღებას ელიზბარაშვილი თავისი რძლისა და მძახალის დახმარებით ცდილობდა.

სამართალდამცავებმა ქრთამის აღებისა და ყალბი ცნობების დამზადებისთვის ექსპერტებიც დააკავეს.

თბილისის საქალაქო სასამართლომ აღმკვეთ ღონისძიებად თამაზ ელიზბარაშვილს, მის მძახალს, მის ბიზნეს პარტიორს და ჯანდაცვის მინისტრის ყოფილ მოადგილეს მერაბ ქორჩილავას 2– თვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.  2004 წელს ქორჩილავას ელიზბარაშვილისგან 10 000 ლარის ქრთამის სახით აღება ედება ბრალად. დანარჩენ ბრალდებულებს სასამართლომ 5000-5000 ლარის გირაოს სანაცვლოდ წინასწარი პატიმრობიდან გაათავისუფლა.

ამჟამად გურამ ელიზბარაშვილი გლდანის #8 საპყრობილეში სასჯელს მკვლელობის მუხლით იხდის.

პრესით გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, ელიზბარაშვილს რამდენიმე წლის წინათ კონფლიქტი ჰქონდა სამართალდამცველებთან, რომლებმაც გურამ ელიზბარაშვილს და მამამისს “იქს-5” მარკის “ბეემვეს” ჯიპები ჩამოართვა. თავად ბიზნესმენი აცხადებდა, რომ ეს უკანონოდ მოხდა. შემდეგ ეს მანქანები, პრეზიდენტის განკარგულებით, ფინანსურ პოლიციას გადაეცა.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი