ლოპოტას ხეობაში სამხედროების დამატებითი ჯგუფი შევიდა

საქართველოს ძალოვანმა უწყებებმა გუშინ ღამით განაცხადეს, რომ საქართველო-რუსეთის საზღვრის დაღესტნის მონაკვეთზე აღმოჩენილი შეიარაღებული ჯგუფის დევნის ოპერაციას ახორციელებენ.

 

სპეცოპერაციის შედეგად მოკლულია 3 სპეცრაზმელი და შეიარაღებული ჯგუფის 11 წევრი. შსს-მ ბოლოს განაცხადა, რომ ალყაში ჰყავდათ მოქცეული ჯგუფის დარჩენილი 6 წევრი, რომელთა დაკავების მიზნით ოპერაცია უკვე რამდენიმე საათია გრძელდება.

 

სპეცოპერაცია 26 აგვისტოს გაუჩინარებული 5 ლაფანყურელი ახალგაზრდა მამაკაცის გათავისუფლებას მოჰყვა, რომლებიც, ოფიციალური ინფორმაციით, მძევლებად ჰყავდათ აყვანილი შეიარაღებული ჯგუფის წევრებს.

 

ახალგაზრდები გათავისუფლებისთანავე შსს-ს თანამშრომლებმა თელავის პოლიციაში გადაიყვანეს, სადაც ისინი მოგვიანებით ახლობლებმა მოინახულეს, თუმცა საცხოვრებელ სახლებსა და ოჯახებს ისინი ამ დრომდე არ დაბრუნებულან. ერთ-ერთი მათგანის – ტატო ღაღოლიშვილის მამა “ნეტგაზეთთან” საუბარში ამბობს, რომ მისთვის უცნობია მისი შვილის ამდენ ხანს პოლიციაში დაყოვნების მიზეზი.

 

საქართველოს მთავრობის განცხადებით, დივერსანტების ჯგუფი ლოპოტას ხეობაში დაღესტნიდან შემოვიდა, რასაც უარყოფენ და პროვოკაციას უწოდებენ რუსეთის სახელმწიფო უშიშროების სამსახურში.