აქვს თუ არა რაიმე საერთო დივერსანტების ჯგუფს ტერორისტებთან

შოთა ხიზანიშვილი აცხადებს, რომ ჯერ არ შეუძლიათ დანამდვილებით იმის თქმა, არიან თუ არა შეიარაღებული ჯგუფის წევრები დაღესტნური ბანდფორმირების წევრები ე.წ. ბოევიკები, როგორც ამას რუსული მედია იტყობინება.

 

“ეს ადამიანები არიან დივერსანტთა შეიარაღებული ჯგუფი. ბუნებრივია, რომ არიან ბოევიკური ბანდფორმირებების ჯგუფის წევრები, მაგრამ კონკრეტულად ვინ და რომელი, ამაზე ჯერ კომენტარს არ ვაკეთებთ”, – აცხადებს შოთა ხიზანიშვილი. მისივე თქმით, ჯერ-ჯერობით მათი ცოცხლად აყვანა ვერ მოხერხდა და, შესაბამისად, ამ ეტაპზე არ შეუძლიათ ზუსტი ცნობების გავრცელება შეიარაღებული ჯგუფის შემადგენლობის შესახებ. 

 

“დარჩენილი 6-დან ჯერ არც ერთი არ არის ლიკვიდირებული, ჩვენი მიზანია მათი დაკავება”, – აცხადებს ხიზანიშვილი.

 

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გუშინ ღამით გაავრცელა ცნობა, რომ საქართველო-რუსეთის საზღვრის დაღესტნის მონაკვეთზე აღმოაჩინეს შეიარაღებული ჯგუფი, რომლის დევნის ოპერაციაც დაიწყეს. მოგვიანებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოაქვეყნა განცხადება, სადაც აღნიშნული იყო, რომ მიმდინარეობდა ანტიტერორისტული ოპერაცია. რამდენიმე საათში შსს-მ განცხადების ტექსტიდან სიტყვა – “ანტიტერორისტული” ამოიღო და განაცხადა, რომ წარმოებს შეიარაღებული ჯგუფის წინააღმდეგ სპეცოპერაცია.

 

“ნეტგაზეთის” შეკითხვაზე, არიან თუ არა ტერორისტები დაღესტნის საზღვარზე აღმოჩენილი ჯგუფის წევრები და აქვს თუ არა ამ ოპერაციას, რომელიც უკვე 24 საათია გრძელდება, საერთო ანტიტერორისტულ ოპერაციასთან, შოთა ხიზანიშვილმა უპასუხა:

 

“ანტიტერორისტული არ წერია ჩვენს განცხადებაში ახლა… შეიძლება მანამდე შეეშალათ და შემდეგ შეასწორეს, არ ვიცი… ეს ადამიანები არიან დივერსანტთა შეიარაღებული ჯგუფი”.

 

სპეცოპერაციის შედეგად დაღუპულია 3 სპეცრაზმელი, შეიარაღებული ჯგუფის 11 წევრი და დაჭრილია 5 სპეცრაზმელი.