შარიანი პოლიტიკური აზერბაიჯანული შაირი

ევროკავშირის პრეზიდენტი ჰერმან ვან რუმპემ ბაქოში  პრეზიდენტ ილჰამ ალიევთან მოლაპარაკების შემდეგ აზერბაიჯანის მთავრობას მოუწოდა ადამიანის უფლებების დაცვის მხრივ ვითარების გამოსწორებისაკენ. მან განაცხადა, რომ ევროკავშირი დაინტერესებულია „სტაბილური, პროგრესული და ტოლერანტული აზერბაიჯანით“.

ვან რუმპე  მიესალმა გასულ კვირაში  ოპოზიციის ცხრა მომხრის პატიმრობიდან გათავისუფლებას და აღნიშნა, რომ საჭიროა ასეთი ნაბიჯების გაგრძელება.

აზერბაიჯანელი ოპოზიციონერები მეტ მხარდაჭერას და პრინციპულ პოზიციას მოელოდნენ ადამიანის უფლებათა დაცვის და უკანონო პატიმრების საქმეების მხრივ ევროკავშირის პრეზიდენტისგან, რომელმაც ბაქოს უცხო ენათა უნივერსიტეტში საპატიო დოქტორის წოდების მინიჭებასთან დაკავშირებით ორაზროვნად ახსენა „არაბული გაზაფხული“, როგორც ევროკავშირის მეზობლებთან ურთიერთობის ახალი პოლიტიკის გაღრმავების საბაბი.  თუმცა, იქვე აღნიშნა აზერბაიჯანისა და ევროკავშირის ერთობლივი პროექტების წარმატებასა და დემოკრატიის განვითარების საქმეში ალიევის მთავრობის დამსახურება.

ბაქოში  ვან რუმპეს სტუმრობას რამოდენიმე ხმაურიანი და რეზონანსული დაპატიმრება უძღოდა წინ, მათ შორის ყველაზე გახმაურებული საქმე  გაზეთ”თალიშის ხმის” მთავარი რედაქტორის, ჰილალ მამედოვის აყვანას უკავშირდება, რომელიც 21 ივნისს, დილის 11:00 საათზე,  უცნობმა პირებმა გაიტაცეს. ოჯახმა მხოლოდ 6 საათის ძებნის შემდეგ გაარკვია, რომ ის დაკავებული იყო სამართალდამცავების მიერ, დაკავების მიზეზი კი არავის არ განუმარტავს.

მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ მთავარ რედაქტორს ნარკოტიკების უკანონო შენახვაში ადანაშაულებდნენ. 2008 წელს ჰილალ მამედოვის  წინამორბედიც, პროფესორი და ლინგვისტი ნოვრუზალი მამედოვი, ასევე აბსურდული ბრალდების გამო დააპატიმრეს, რომელიც 2009 წლის აგვისტოში წამების შედეგად ციხის საავადმყოფოში გარდაიცვალა. მამედოვის დაკავების შემდეგ გაურკვეველ ვითარებაში დაიღუპა მისი ორივე ვაჟიც.

ჰილალ მამედოვის საქმე ქვეყნის გენერალურ პროკურატურას გადაეცა, რომელმაც დაკავებულს ახალი ბრალდებები წაუყენა. მას ბრალი სახელმწიფოს ღალატის, ნაციონალური, რასისტული, სოციალური და რელიგიური შუღლის, მტრობისა და ეთნიკური დისკრიმინაციის მუხლით წაუყენეს.
ბაქოელი  უფლებადამცველები და თავისუფალი ჟურნალისტები ამბობენ, რომ მამედოვის დაკავების საქმე მის მიერ ინტერნეტსივრცეში განთავსებულ ცნობილ ვიდეორგოლს „Ты кто такой, давай до свидания!“-ს უკავშირდება, რასაც თავად დაკავებულიც იზიარებს.

აზერბაიჯანულმა შაირობის მაგვარმა ფოლკლორული მოტივების სიმღერამ არნახული პოპულარობა მოიპოვა ინტერნეტში, აზერბაიჯანულ და რუსულ ენებზე ექსპრომტად შექმნილი შაირი ერთ-ერთ ქორწილში ძმებმა რუსტამოვებმა შეასრულეს. სიმღერის მთავარი ფრაზა ძალიან პოპულარული გახდა,  მას მოსკოვში პუტინის საწინააღმდეგო აქციებზეც იყენებდნენ, ხოლო ვიდეორგოლის ინტერნეტსივრცეში განმთავსებელ „თალიშთა“ კულტურული ცენტრის ერთ-ერთ ხელმძღვანელსა და გაზეთ “თალიშის ხმის“ მთავარ რედაქტორს სწორედ ამიტომ დაატყდა კრემლისა და ალიევის ხელისუფლების რისხვა.

 

მამედოვის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას საფრთხე ემუქრება, ამის შესახებ ორგანიზაცია – “რეპორტიორები საზღვრებს გარეშე” ავრცელებს. ჟურნალისტის საქმის გამოძიების მიმდინარეობის გამო, რომლის მიხედვითაც მას უვადო პატიმრობა ემუქრება, შეშფოთება გამოთქვა „მშვიდობისა და დემოკრატიის ინსტიტუტმა“, რომლის მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ  „მამედოვი აზერბაიჯანის ხელისუფლების რეჟიმის კრიტიკის, უფლებადაცვითი საქმიანობის, საკუთარი პოზიციის აქტიურად გამოხატვისა და ამით მოსახლეობაში  გავლენის გაზრდის გამოა დაკავებული“.

ევროკავშირის პრეზიდენტ ჰერმან ვან რუმპეს,  „ როგორც საპატიო დოქტორსა და პრეზიდენტ ალიევის კარგ მეგობარს“,  ბაქოს უცხო ენათა უნივერსიტეტის რექტორმა სთხოვა, სხვა დროს კიდევ ჩაეტარებინა აზერბაიჯანელი სტუდენტებისთვის ლექცია.