საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიულ საკითხთა დახმარების სამინისტროსთვის ცნობილია ბათუმისა და ზუგდიდის ციხეებში არსებული ინფრასტრუქტური პრობლემები. აღნიშნული განცხადება სამინისტრომ ომბუდსმენის განცხადების საპასუხოდ გავრცელა, სადაც ეწერა, რომ ზუგდიდისა და ბათუმის ციხეებში მღრღნელებს ვერ უმკლავდებიან, რაც პატიმართა ყოფას ართულებს.
სამინისტროს ცნობით, მათ ჯერ კიდევ 2010 წელს იცოდნენ ზემოაღნიშნულ დაწესებულებებში არსებული ინფრასტრუქტურული პრობლემების შესახებ, რა მიზნითაც დაიწყო დაბა ლაითურის(გურია) პენიტენციური დაწესებულების პროექტირება, რომლის მშენებლობაც მიმდინარე წელს დაიწყება და რომლის ექსპლოატაციაში შესვლისთანავე დაიხურება ბათუმისა №3 და ზუგდიდის №4 საპატიმრო დაწესებულებები.
საქართველოს სახალხო დამცველი 15 თებერვალს გავრცელებულ განცხადებაში წერს, რომ ბათუმისა და ზუგდიდის ციხეებში, მღრღნელების გარდა, პრობლემაა ყინვაში საკამრისი გათბობის არქონა, ციხის გადატვირთულობა, ასევე, შეზღუდულია ხანმოკლე პაემნებისა და გასეირნების ხანგრძლივობა და სიხშირე, უცხოეთის მოქალაქე მსჯავრდებულებს კი არა აქვთ თეთრეული და ჭურჭელი. ომბუდსმენის მონიტორინგის სამსახურის ცნობით, ბათუმის ციხეში საერთოდ არ არის ტელეფონის ხაზი, რის გამოც მსჯავრდებულები კანონით მინიჭებული უფლებით ვერ სარგებლობენ.