პატიმრებისადმი არასათანადო მოპყრობა ქუთაისის ციხეში

საქართველოს სახალხო დამცველის სპეციალურმა ჯგუფმა იმერეთის რეგიონში სასჯელაღსრულების დაწესებულებების მონიტორინგის შედეგად გაარკვია, რომ ქუთაისის  №2 ციხეში მსჯავრდებულებს კვლავ უკანონოდ ექცევიან, ხშირია კოლექტიური დასჯის და არასათანადო მოპყრობის ფაქტები.

საქართველოს სახალხო დამცველის სპეციალურმა ჯგუფმა იმერეთის რეგიონში სასჯელაღსრულების დაწესებულებების მონიტორინგის შედეგად გაარკვია, რომ ქუთაისის  №2 ციხეში მსჯავრდებულებს კვლავ უკანონოდ ექცევიან, ხშირია კოლექტიური დასჯის და არასათანადო მოპყრობის ფაქტები.

სახალხო დამცველის პრესსამსახურის ცნობით, მონიტორინგის მსვლელობისას, სპეციალური პრევენციული ჯგუფის წევრები გაესაუბრნენ პატიმრებს, დაწესებულებების თანამშრომლებს და სამედიცინო პერსონალს. ძირითადი აქცენტი გაკეთდა პატიმრებთან მოპყრობის საკითხებზე. ამ მხრივ კი განსაკუთრებული ყურადღების ქვეშ კვლავ ქუთაისის #2 დაწესებულება აღმოჩნდა.

ქუთაისის #2 დაწესებულებაში განთავსებული მსჯავრდებულები სახალხო დამცველის წარმომადგენლებთან გასაუბრებისას აღნიშნავენ, რომ თანამშრომლები მათ, როგორც წესი, ექცევიან უხეშად, გამომწვევად და დამამცირებლად. პატიმრების თქმით, ნებისმიერი კონტაქტი დაწესებულების თანამშრომლებთან შეიძლება მათი მხრიდან კონფლიქტის და შეურაცხყოფის მიზეზი გახდეს.

მიუხედავად იმისა, რომ პატიმრებს ერთ საათზე მეტი ხნით  ეძლევათ უფლება, გავიდნენ  სუფთა ჰაერზე, პატიმართა უმრავლესობა აცხადებს, რომ ისინი ერიდებიან აღნიშნული უფლებით სარგებლობას, რადგანაც იმ შემთხვევებშიც კი, თუ ერთი პატიმარი მეორეს მიესალმება, გასეირნება წყდება და პატიმრებს აბრუნებენ საკნებში.

ომბუდსმენის ინფორმაციითვე, ქუთაისის #2 დაწესებულებაში კვლავ გამოიყენება კოლექტიური დასჯის მეთოდები – ერთი პატიმრის გადაცდომისთვის ისჯება მთელი საკანი, რაც ადმინისტრაციისთვის ზეწოლის დამატებითი მექანიზმია. იგივე მდგომარეობაა საკნებში, სადაც   პატიმრები იძულებულნი არიან დააწესონ მორიგეობა, ხოლო მორიგე პატიმარს, მისი მორიგეობის დროს, პასუხი მოეთხოვება  სხვა პატიმრების ქმედებებზეც. მორიგეობაზე უარის თქმა, თავის მხრივ, ფიზიკური შეურაცხყოფის ან დასჯის მიზეზი ხდება.

სახალხო დამცველი დღეს, 9 თებერვალს, გავრცელებულ განცხადებაში ასევე აღნიშნავს, რომ წინა მონიტორინგისგან განსხვავებით, შეწყდა პატიმრების მოთავსება ე.წ. ,,ბოქსებში“ –   2–3 კვ.მ. ფართობის სათავსოებში, სადაც არც საწოლია და არც სკამი და  იქ მოთავსებულ პირებს პირდაპირ ბეტონის იატაკზე უწევთ ძილი.

მონიტორინგის ჯგუფის წევრებმა ასევე მოინახულეს სამარტოო საკნებში განთავსებული პატიმრები, რომლებმაც განაცხადეს, რომ არც განთავსებისას და არც მას შემდეგ მათ მიმართ რაიმე სახის ზეწოლა არ განხორციელებულა, თუმცა სხვა საკნებში მოთავსებულმა რამდენიმე მსჯავრდებულმა აღნიშნა, რომ როცა ისინი სამარტოო საკნებში იმყოფებოდნენ, მათ, დამცირების მიზნით, ყოველი დილის ,,შემოწმებისას“ გაშიშვლებას აიძულებდნენ. მონიტორინგის ჯგუფის წევრები აღნიშნავენ, რომ სამარტოო საკნებში მონიტორინგის დროს აუტანელი სიცივე იყო.

ომბუდსმენის ინფორმაციით, თითოეულ პატიმარს აბანოთი სარგებლობა შეუძლია კვირაში ერთხელ. მონიტორინგის მიმდინარეობისას რამდენიმე მსჯავრდებულმა ბანდეროლით მიიღო ჟურნალები და გაზეთი ,,კვირის პალიტრა“. პატიმრების თქმით, მათ ეკრძალებათ სხვა გაზეთების მიღება.

მონიტორინგის დროს ქუთაისის №2 სასჯელაღსრულების დაწესებულების კარანტინში იმყოფებოდა 23 პატიმარი. კარანტინის საკნის გაღებისას პატიმრები თავზეხელებდაწყობილ მდგომარეობაში დგებიან სახით ფანჯრისკენ. რამდენიმე მათგანმა აღნიშნა, რომ მათ დღეში დაახლოებით სამ–ოთხჯერ უწევთ ამ მდგომარეობაში სარკმელთან ყოფნა, რაც ზოგჯერ შესაძლოა ნახევარი საათიც კი გაგრძელდეს. საწოლიდან წამებში არ ან ვერ წამოდგომის შემთხვევაში, მათ დაწესებულების თანამშრომლები სჯიან. პატიმართა ნაწილმა სახალხო დამცევლის წარმომადგენლებთან ისიც აღნიშნა, რომ კარანტინში ყოფნისას, დილის შემოწმებაზე, მათ ადმინისტრაციის თანამშრომლები აყენებდნენ ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფას, თუმცა, მათივე თქმით, აღნიშნული არ ატარებდა რეგულარულ ხასიათს.

გარდა ამისა, კარანტინში განთავსებულ პატიმრებს არ აქვთ შესაძლებლობა, ისარგებლონ გასეირნების უფლებით და აბანოთი.  მათ არ ეძლევათ თეთრეული და ჰიგიენური ნივთები. ისინი, უმეტეს შემთხვევაში, სარგებლობენ საერთო ჭურჭლით.

ომბუდსმენის წარმომადგენლები იმყოფებოდნენ გეგუთის #14 დაწესებულებაშიც, სადაც  მონახულებული მსჯავრდებულებისგან არც ერთს არ გამოუთქვამს პრეტენზია მათ მიმართ თანამშრომლების მხრიდან მოპყრობის თაობაზე. პატიმართა გადმოცემით, მათთვის ძირითად პრობლემას წარმოადგენს ის ფაქტი, რომ დაწესებულებიდან არ იგზავნება არანაირი სახის საჩივარი და განცხადება. რაც შეეხება ადმინისტრაციასთან ურთიერთობას, მსჯავრდებულთა თქმით, დაწესებულების დირექტორი რეგულარულად მიდის მათ მოსანახულებლად, ესაუბრება და ცდილობს დახმარებას თავისი კომპეტენციის ფარგლებში. მონიტორინგის დროს არც ერთი მსჯავრდებული არ ყოფილა განთავსებული სამარტოო საკნებში და კარანტინში.

გეგუთის #14 და ქუთაისის #2 დაწესებულებებში იანვრის თვეში გაიხსნა „ავერსის“ აფთიაქი. ორივე აფთიაქს ემსახურება ერთი ფარმაცევტი – სამი დღე ქუთაისში და ორი დღე გეგუთში.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ნეტგაზეთი