სამართალი

ნიკა კვინტრაძის სიკვდილის ორი ვერსია[Video]

6 სექტემბერი, 2011 • • 2429
ნიკა კვინტრაძის  სიკვდილის ორი ვერსია[Video]

შინაგან საქმეთა სამინისტრო უარყოფს საიას განცხადებას 26 მაისს დაღუპული ნიკა კვინტრაძის სიკვდილის ახალი ვერსიის შესახებ და კვინტრაძის საქმესთან დაკავშირებით ახალ მტკიცებულებებს აქვეყნებს.

„ძალიან გაოცებული ვარ ასეთი გადაუმოწმებელი ინფორმაციის გავრცელებით,“– უთხრა ნეტგაზეთს შსს–ს ანალიტიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელმა შოთა უტიაშვილმა საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის მიერ გამოქვეყნებული ექსპერტიზის შედეგების კომენტირებისას.

საიას ვერსია

საიას იურისტი თამთა მიქელაძე ჟურნალისტებს ფოტო მასალას აცნობს
საიას იურისტი თამთა მიქელაძე ჟურნალისტებს ფოტო მასალას აცნობს

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ დღეს, 6 სექტემბერს ჟურნალისტებს გააცნო ერთ–ერთი ბრიტანული ექსპერტიზის ბიუროს დასკვნა, რომელიც ამტკიცებს, რომ 27 მაისს  მაღაზიის სახურავზე ნაპოვნი გარდაცვლილი ნიკა კვინტრაძე სამართალდამცავებს აქციის დაშლის შემდეგ, 26 მაისს დაკავებული ჰყავდათ.

ნიკა კვინტრაძე 25 მაისს პარლამენტის წინ მიმდინარე აქციაში იღებდა მონაწილეობას, აქციის დაშლის შემდეგ კი დაიკარგა. შსს–ს ინფორმაციით, კვინტრაძე აქციის კიდევ ერთ მონაწილესთან ერთად  27 მაისს, სამხედრო აღლუმის მეორე დღეს, თავისუფლების მოედანზე მდებარე ერთ–ერთი მაღაზიის სახურავზე გარდაცვლილი იპოვეს. სამართალდამცავების განცხადებით, ნიკა კვინტრაძე და სულიკო ასათიანი სახურავზე აქციის დაშლისას აძვრნენ, სადაც ისინი ელ. გადამცემ ხაზს შეეხნენ და გარდაიცვალნენ.

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ სასამართლო ექსპერტიზის ბიუროს ბრიტანეთში DABS Fingerprints/Forensics–ს გამოსაკვლევად გაუგზავნა ფოტო–ვიდეომასალა, სადაც, სავარუდოდ, კვინტრაძე იყო აღბეჭდილი.

გაგზავნილ მასალებს შორისაა 1. რუსთავი 2–ის ეთერით გასული ვიდეოკადრები, 2. ფოტო, რომელზეც ერთ–ერთმა მოწმემ კვინტრაძე ამოიცნო და 3. ნიკა კვინტრაძის პასპორტისა და პროზექტურაში გადაღებული ფოტოები. საკვლევი მასალა ესპერტიზის ბიუროს ექსპერტ კენეტ ლინჯს გაუგზავნეს.

ექსპერტიზამ გამორიცხა ფოტო–ვიდეომასალაში მონტაჟის ნიშნები. ექსპერტიზამ ასევე დაადგინა, რომ ვიდეომასალაში და იმ ფოტოზე, რომელზეც კვინტრაძე მეგობარმა ამოიცნო, ასახულია ერთი და იგივე სცენა, ოღონდ განსხვავებული თვალთახედვიდან.

საიას თქმით, ექსპერტიზამ დაადასტურა, რომ აქციის დაშლის დროს ნიკა კვინტრაძე დაკავებული იყო პოლიციის მიერ. შესაბამისად, არ არის გამორიცხული, კვინტრაძე პოლიციელების მიერ ძალის გადამეტების შედეგად გარდაცვლილიყო. შესაბამისად, “ახალგაზრდა იურისტები” სამართალდამცავებს ობიექტური გამოძიების ჩატარებისკენ მოუწოდებენ.

შეგიძლიათ ჩამოტვირთოთ ბრიტანული ექსპერტიზის ბიუროს მიერ ჩატარებული კვლევა, რომელსაც თან ფოტოებიც აქვს დართული. კვლევა ქართულ ენაზეა ნათარგმნი

შსს–ს ვერსია

კვინტრაძის საქმესთან დაკავშირებით შსს–ს მიერ გავრცელებული ვიდეო

შსს–ს ანალიტიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელის თქმით, სურათზე, რომლითაც აპელირებს საია, სულ სხვა პიროვნება, გიორგი ბაქრაძეა გამოსახული, რომელიც ახლაც ცოცხალია და ქარელში, სტალინის ქუჩაზე, 30 ნომერში ცხოვრობს.

საიას მიერ წარმოდგენილ ფოტოზე, სადაც მათი მტკიცებით, ნიკა კვინტრაძეა გამოსახული, ჩანს ხელშეკრული კაცი, რომელიც სახით ასფალტისკენ წევს. საიას მტკიცებით, რომელიც თავის მხრივ ბრიტანული ექსპერტიზის ბიუროს დასკვნას ეფუძნება, ეს ადამიანი ნიკა კვინტრაძეა. მას რუხი ფერის, ზოლიანი ჟაკეტი აცვია.

შსს ამტკიცებს, რომ 25 მაისს, აქციისას და 26 მაისს, აქციის დაშლის დროს, ნიკა კვინტრაძეს ლურჯი ფერის მაისური ეცვა და ამის დამამტკიცებელ ვიდეო–ფოტო მასალას ავრცელებს, სადაც მართლაც ჩანს 25 მაისს აქციაზე ნიკა კვინტრაძე ლურჯი მაისურით. შსს ასევე აქვეყნებს გარდაცვლილი კვინტრაძის ფოტოს, სადაც გამოსახულ გარდაცვლილს ლურჯი მაისური აცვია.

მერაბიშვილის უწყების მიერ გავრცელებულ ვიდეომასალაში  25 მაისის აქციაზე ჩანს გიორგი ბაქრაძე. მას რუხი ფერის, ზოლიანი ჟაკეტი აცვია, დაახლოებით ისეთი, როგორც სადავო ფოტოზე გამოსახულ მამაკაცს. გარდა ამისა, შსს ავრცელებს ჩვენებას, სადაც გიორგი ბაქრაძე ამბობს, სადავო ფოტოზე თავად არის გამოსახული და არა–ნიკა კვინტრაძე. ჩვენების მიცემის დროს გიორგი ბაქრაძეს იგივე ზოლიანი ჟაკეტი აცვია. კითხვაზე, ბაქრაძის ჩვენება შსს–მ როდის ჩაიწერა, უტიაშილი პასუხობს: „როცა კვინტრაძის საქმეზე სპეკულაციები დაიწყო, ჩვენ მოვიძიეთ ეს ადამიანი, რომელიც 26 მაისს რამდენიმე საათით იყო დაკავებული ეს ჩვენებაც ამ სპეკულაციების დაწყების დროსაა ჩაწერილი. ის ზოლიანი ჟაკეტიც ამოვიღეთ მისი სახლიდან. მერე სპკულაციები ამ თემაზე ჩაწყნარდა და ჩვენება აქამდე ამიტომ არ გამოვაქვეყნეთ.“

შსს–მ დღესვე გამოაქვეყნა განცხადება, სადაც წერია, რომ საქართველოს სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზამ დაადგინა, რომ კვინტრაძე გარდაცვლილია დენის დარტყმის შედეგად.

შსს სადავო ფოტოზე გამოსახული მამაკაცის ვინაობას მხოლოდ ჩაცმულობის მიხედვით ამტკიცებს, ბრიტანული სასამართლო ექსპერტიზის ბიუროს დასკვნაში კი ტანსაცმლის შედარებაზე საუბარი საერთოდ არ არის. კვინტრაძესა და ფოტოზე გამოსახულ ზოლიან ჟაკეტში გამოწყობილ მამაკაცს შორის მსგავსებას ბრიტანელი ექსპერტი სახის მოყვანილობებისა და სხვა, სულ 7 მსგავსი ნიშნის მიხედვით ამტკიცებს. ექსპერტიზის მიხედვით, ფოტოზე გამოსახულ მამაკაცსა და ნიკა კვინტრაძის ფოტოებს შორის შემდეგი სახის მსგავსებებია:

1. სახის ფორმა, 2. თმის ხაზზე არსებული ფერი, 3. შუბლისა და საფეთქლის არე –  მე-4  გამოსახულებაზე და სიკვდილის შემდეგ გადაღებულ ფოტოზე ჩანს მნიშვნელოვანი ამონაზნექი მარცხენა საფეთქელზე, რომელიც სავარაუდოდ დარტყმისგან იქნა მიყენებული. ორივე გამოსახულებაზე ამონაზნექის მდებარეობა, ფორმა და ზომა ერთნაირია, 4. წარბზედა რკალი, 5. ცხვირის ფორმა – ოდნავ ამოზნექილი ქედი, 6. ნიკაპის მოყვანილობა – წინ წაწეული, 7. ყური – სპირალის ფორმის, მიბმული ყურის ბიბილოთი.

მასალების გადაბეჭდვის წესი