სამართალი

პროკურატურა ფოტოგრაფთა საქმის მასალებს ავრცელებს

22 ივლისი, 2011 • • 1217
პროკურატურა ფოტოგრაფთა საქმის მასალებს ავრცელებს

რამდენიმე წუთის წინ საქართველოს მთავარმა პროკურატურამ ჯაშუშობის ბრალდებით დაპატიმრებული ფოტოგრაფების საქმესთან დაკავშირებით დამატებითი მასალები და ინფორმაცია გაავრცელა, მათ შორის არის დაკავებულთა სახლებიდან ამოღებული დოკუმენტები. უცვლელად გთავაზობთ პროკურატურის განცხადებას:

“საქართველოს პროკურატურას სურს მიაწოდოს საზოგადოებას დამატებითი ინფორმაცია ზურაბ ქურციკიძის, გიორგი აბდალაძის, ირაკლი და ნათია გედენიძეების საქმესთან დაკავაშირებით.

ვაქვეყნებთ საქმეში არსებულ დამატებით მტკიცებულებებს. აქვე გვინდა შეგახსენოთ, რომ ბრალედბულთაგან ერთ-ერთის თანხმობის გათვალისიწნებით, საქართველოს პროკურატურის ვებ-გვერდზე ასევე განთავსებულია ჩვენების საჯარო ნაწილი. 

ბრალდება თვლის,  რომ ზურაბ ქურციკიძე და გიორგი აბდალაძე წარსულში გადაიბირა რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტროს გენერალური შტაბის მთავარმა სადაზვერვო სამმართველომ. საქართველოში რუსეთის სპეციალური სამსახურის წარმომადგენლებთან საიდუმლო კავშირში მყოფი ზურაბ ქურციკიძე და გიორგი აბდალაძე სისტემატურად, რუსეთის სპეცსამსახურის წარმომადგენლებისაგან მიღებული მითითება-დავალებების შესაბამისად, უკანონოდ მოიპოვებდნენ და აწვდიდნენ მათ საქართველოს სახლემწიფო საიდუმლოების შემცველ დოკუმენტებს და სხვა მნიშვნელოვან ინფორმაციას. ირაკლი და ნათია გედენიძეები გარკვეული ანაზღაურების საფასურად დახმარებას უწევდნენ ამ უკანასკნელებს. ზურაბ ქურციკიძის ბრალდება

ზურაბ ქურციკიძის, გიორგი აბდალაძის, ირაკლი და ნათია გედენიძეების ბრალეულობა დასტურდება საქმეზე შეკრებილი შემდეგი მტკიცებულებებით:

1.    ჩხრეკის შედეგები. ნაპოვნი იქნა სახელმწიფო დაწესებულებებიდან უკანონოდ მოპოვებული და გამოტანილი საიდუმლო დოკუმენტები. ბრალდებულთა საცხოვრებელი ადგილებისა თუ მათ საკუთრებაში არსებული კომპიუტერული ტექნიკიდან ამოღებული საიდუმლო დოკუმენტაცია და სახლემწიფო საიდუმლოების შემცველი ინფორმაცია, რომელთა გასაჯაროებული ნაწილი ასევე გამოქვეყნებულია ამავე ვებგვერდზე;

2.    რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტოს გენერალური შტაბის მთავარი სადაზვერვო სამმართველოს წარმომადგენლებთან ხშირი სატელეფონო კონტაქტის დამადასტურებელი ამონარიდები;

3.     ადვოკატების თანდასწრებით ბრალდებულების მიერ მიცემული დეტალური აღიარებითი ჩვენებები.

საქმის მიმდინარეობისას ბრალდებულებმა ადვოკატების თანდასწრებით მიაწოდეს გამოძიებას საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოებისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ინფრომაცია. მოპოვებული მტკიცებულებების შესწავლის და ანალიზის საფუძველზე საქართველოს პროკურატურამ მიიღო გადაწყვეტილება, ოთხივე ბრალდებულთან გაფორმდეს საპროცესო შეთანხმება.

გადაწყვეტილებას საფუძვლად დაედო ბრლადებულების მხრიდან გამოძიებასთან თანამშრომლობის განსაკუთრებული გარემოებები, კერძოდ: ბრალდებულებმა ადვოკატების თანდასწრებით არა მხოლოდ აღიარეს ჩადენილი დანაშაული, არამედ დროულად მიაწოდეს შინაგან საქმეთა სამინისტროს კონტრდაზვერვის დეპარტამენტს მნიშვნელოვანი დეტალური ინფორმაცია, როგორიცაა: რუსეთის ფედერაციის სპეციალური სამსახურების საქართველოში არსებული საიდუმლო თანამშრომლების და მათთან კავშირზე მყოფი პირების ვინაობა, ამ სამსახურების საქართველოს სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული კონკრეტული გეგმები და ამოცანები, ინფორმაციის მიღების, მოპოვების და გადაცემის მეთოდები და აქამდე არსებული წესები (პრაქტიკა), ასევე მიაწოდეს ინფორმაცია რუსეთის ფედერაციის სპეციალური სამსახურების საფარქვეშ მოქმედი ორგანიზიების შესახებ.

დეტალური ინფორმაცია იმის თაობაზე, თუ რამდენად ფასეულია ბრალდებულების მიერ გამოძიებისთვის მოწოდებული ცნობები, მიეწოდა საქმის განმხილველ სასამართლოს.

ყოველივე ზემოთ ხსენებულიდან გამომდინარე, საქართველოს პროკურატურა იშუამდგომლებს სასამართლოს წინაშე ზურაბ ქურციკიძის, გიორგი აბდალაძის, ირაკლი და ნათია გედენიძეების მიმართ, საქმის არსებითი განხილვის გარეშე, პირობითი მსჯავრის გამოყენების თაობაზე. შუამდგომლობა

დამატებით იხილეთ ამავე ვებ-გვერდზე ახლადგამოქვეყნებული ინფორმაცია საქმეში არსებულ მტკიცებულებებთან დაკავშირებით.

მასალების გადაბეჭდვის წესი