„ნაცრისფერი ზონებისთვის“ დრო აღარაა“, — ამბობს ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე დევიდ მაკალისტერი.
გაფართოების პროცესსა და საქართველოსა და ევროკავშირის ურთიერთობების შესახებ მან „ნეტგაზეთის“ კითხვებს უპასუხა.
— ივნისში ევროპარლამენტი განიხილავს საქართველოს შესახებ კრიტიკულ ანგარიშს, რომელსაც საგარეო საქმეთა კომიტეტმა (AFET) უკვე მხარი დაუჭირა. „ქართული ოცნების“ მთავრობის წარმომადგენლები ხშირად აცხადებენ, რომ ევროპარლამენტის ანგარიშები და რეზოლუციები იმ ფურცლადაც არ ღირს, რომელზეც ისინია დაწერილი. რას უპასუხებდით ამ მოსაზრებას — რეალურად რა წონა და გავლენა აქვს ამ ანგარიშს?
— ანგარიში ასახავს საგარეო საქმეთა კომიტეტის პოზიციას და ევროპარლამენტში არსებულ მზარდ კრიტიკულ განწყობას საქართველოს მთავრობის მიმართ. შეფასება ძალიან მკაფიოა. საქართველო აღწერილია, როგორც კანდიდატი ქვეყანა „მხოლოდ ქაღალდზე“ და მთავრობის პოლიტიკა სერიოზულ შეშფოთებას იწვევს. ეს ანგარიში წვლილს შეიტანს დებატებში სანქციების, სავიზო პოლიტიკის, ფინანსური დახმარებისა და გაწევრიანების პროცესის მომავლის შესახებ. ამავდროულად, ის ნათლად მიჯნავს ხელისუფლების ქმედებებსა და საქართველოს საზოგადოების დიდი ნაწილის შეხედულებებს, რომელიც კვლავაც მხარს უჭერს ევროპულ ინტეგრაციას.
– ანგარიში მიუთითებს, რომ „ქართულმა ოცნებამ“ არა მხოლოდ შეაჩერა, არამედ რეალურად უკუაგდო საქართველოს ევროპული ინტეგრაციის კურსი. განიხილება თუ არა ამ მთავრობის პირობებში ევროკავშირთან ინტეგრაციის გზაზე დაბრუნება შესაძლო სცენარად?
– ევროკავშირსა და საქართველოს ხელისუფლებას შორის ურთიერთობები ყველაზე დაბალ ნიშნულზეა. ანგარიში ასკვნის, რომ „ქართულმა ოცნებამ“ ქვეყანა დააშორა ევროინტეგრაციის გზას. ეს არ ნიშნავს, რომ საქართველო ვერ გაწევრიანდება ევროკავშირში. საზოგადოების დიდი ნაწილი მხარს უჭერს ინტეგრაციას, საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლი კი ქვეყანას ამ მიზნისკენ სვლას ავალდებულებს. თუმცა წინსვლისთვის საჭიროა მთავრობის მხრიდან მკაფიო პოლიტიკური ცვლილება. რეპრესიების ამჟამინდელი დონე, ანტიევროპული რიტორიკა და სამოქალაქო საზოგადოებაზე ზეწოლა შეუთავსებელია ევროკავშირში გაწევრიანების სტანდარტებთან.
— თუ დემოკრატიული უკუსვლა არ შეჩერდება, შესაძლებელია თუ არა, რომ ევროკავშირმა მაინც აირჩიოს ჩვეული ურთიერთობის რეჟიმი საქართველოსთან, ქვეყნის სტრატეგიული მნიშვნელობის გათვალისწინებით? ევროკავშირი ინარჩუნებს პარტნიორულ ურთიერთობებს რეგიონის სხვა ავტორიტარულ ქვეყნებთან, მაგალითად, აზერბაიჯანთან. ხომ არ არის ეს ზუსტად ის, რაც „ქართულ ოცნებას“ სურს — დაკავშირებადობა, მაგრამ არა გაწევრიანება?
— საქართველოს აქვს სტრატეგიული მნიშვნელობა, განსაკუთრებით დაკავშირებადობის, სავაჭრო გზებისა და სტაბილურობის თვალსაზრისით შავი ზღვის რეგიონში. თუმცა ევროკავშირის კანდიდატის სტატუსს ახლავს პოლიტიკური პირობები. ევროკავშირი კანდიდატ ქვეყანას ვერ განიხილავს მხოლოდ ტრანზაქციულ პარტნიორად. წევრობისკენ წინსვლა დამოკიდებულია დემოკრატიაზე, კანონის უზენაესობასა და პოლიტიკურ თავისუფლებებზე. ურთიერთობები საქართველოს ხელისუფლებასთან უარესდება სწორედ იმიტომ, რომ მთავრობა საპირისპირო მიმართულებით სვლას აგრძელებს.
— სამთავრობო ტელეარხ „იმედს“ ერთი წლით აეკრძალა ევროპარლამენტში საქმიანობა. რამდენად გავრცელებულია ევროპარლამენტში მსგავსი შეზღუდვების დაწესების პრაქტიკა? გარდა ამისა, უნდა ველოდოთ თუ არა ანალოგიურ გადაწყვეტილებებს „რუსთავი 2“-ისა და „პოსტივის“ მიმართ?
— მსგავსი შეზღუდვები არაორდინალურია ევროპარლამენტისთვის და მიიღება მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში. ევროპარლამენტი მოელის, რომ აკრედიტებული მედიის წარმომადგენლები პატივს სცემენ ინსტიტუციურ წესებსა და ძირითად პროფესიულ სტანდარტებს.
— ევროკავშირმა გაფართოება გეოპოლიტიკურ აუცილებლობად გამოაცხადა. ამავდროულად, გააქტიურდა დისკუსიები სხვადასხვა ინიციატივაზე, იქნება ეს ერთსულოვანი გადაწყვეტილების წესის რეფორმა თუ უკრაინისთვის ასოცირებული წევრობის სტატუსის შემოღება. ასევე გახმიანდა, რომ მონტენეგროსთან გასაფორმებელი ახალი ტიპის გაწევრიანების ხელშეკრულება, შესაძლოა, მოდელი გახდეს სხვა კანდიდატებისთვისაც. მესმის, რომ ეს საკითხები ჯერ კიდევ განხილვის პროცესშია, მაგრამ თქვენი ხედვით, როდის და რა კონფიგურაციით მოხდება ევროკავშირის შემდეგი გაფართოება და სად იდგება საქართველო იმ დროისთვის?
— „ნაცრისფერი ზონებისთვის“ დრო აღარ დარჩა. რუსეთის აგრესიულმა ომმა უკრაინის წინააღმდეგ შეცვალა ევროკავშირის მიდგომა გაფართოების მიმართ. ამავდროულად, გაფართოება კვლავ რჩება დამსახურებაზე დაფუძნებულ პროცესად. ქვეყნები წინ მიიწევენ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ახორციელებენ რეფორმებს და უთანაბრდებიან ევროკავშირის პოლიტიკას. ამ პრინციპებზე გამონაკლისები ვერ დაიშვება. თავად გაწევრიანების პროცესი, სავარაუდოდ, გახდება უფრო ეტაპობრივი და მოქნილი გარკვეულ სფეროებში. მიმდინარეობს დისკუსიები ფაზურ ინტეგრაციაზე, ერთიან ბაზარზე ადრეულ წვდომასა და სექტორულ თანამშრომლობაზე სრულ წევრობამდე. საქართველო ერთ დროს „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ლიდერთა შორის იყო. ის, თუ როგორ და როდის დაუახლოვდება საქართველო კვლავ ევროკავშირს, დამოკიდებულია ქვეყნის შიგნით მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე.
ავტორი: ნინო ჩიჩუა
