ხელოვნება

საქართველო ევროვიზიის ფინალშია

11 მაისი, 2011 • • 1295
საქართველო ევროვიზიის ფინალშია

ჯგუფი Eldrine © პირველი არხი
ჯგუფი Eldrine © პირველი არხი

ქართული ჯგუფი “ელდრაინი” ევროვიზიის ფინალში გადავიდა. დიუსელდორფში გამართული ნახევარფინალური კონცერტის შედეგები რამდენიმე წუთის წინ გახდა ცნობილი. დღეს “დიუსლედორფ არენაზე” სულ 19 ქვეყნის წარმომადგენელი გამოვიდა, ფინალში კი მხოლოდ 10 მათგანი მოხვდა.

საქართველოს გარდა, ევროვიზიის ფინალში კიდევ ცხრა ქვეყნის წარმომადგენელი გადავიდა – ფინეთი, სერბეთი, ლიტვა, საბერძნეთი, აზერბაიჯანი, შვეიცარია, უნგრეთი, რუსეთი და ისლანდია. 12 მაისს დიუსელდორფში “ევროვიზიის” მეორე ნახევარფინალური კონცერტი გაიმართება, სადაც დანარჩენი ათი ფინალისტი გამოვლინდება. ტრადიციულად, ნახევარფინალში მონაწილეობის გარეშე რამდენიმე ქვეყანა – გერმანია, დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი, ესპანეთი და იტალია– ავტომატურად ხვდება. ევროვიზიის ფინალი დიუსელდორფში 14 მაისს ჩაატრდება და მასში მონაწილეობას სულ 25 ქვეყნის წარმომადგენელი მიიღებს.

წლევანდელი “ევროვიზიის” გამარჯვებულს მაყურებელი და ჟიური გამოავლენენ. მათი ხმები პროპორციულად, პრინციპით 50% – 50% -ზე გადანაწილდება. ევროპის მუსიკალური ფესტივალი პირველად 1955 წელს ჩატარდა. კონკურსს ევროპის მაუწყებელთა კავშირი ატარებს, ხოლო თითოეულ მონაწილე ქვეყნაში “ევროვიზაზე” წარსადგენ კონკურსანტს ამავე ქვეყნის საზოგადოებრივი მაუწყებელი ირჩევს და კონკურსის პირდაპირ ეთერში გადაცემის უფლებაც საზოგადოებრივ მაუწყებლებს აქვთ.

საქართველო “ევროვიზიის” კონკურსში 2007 წლიდან მონაწილეობს. ამ წელს საქართველოს სახელით ევროვიზიაზე სოფო ხალვაში გამოვიდა, რომელმაც მე-12 ადგილი დაიკავა, 2008 წელს ქვეყანა ევროფესტივალზე დიანა ღურწკაიამ წარადგინა. 2009 წელს კონკურსზე საქართველოდან “სტეფანე და 3G” უნდა წასულიყო, რომლებსაც მომზადებული ჰქონდათ სიმღერა ”Put In Disco”. კონკურსს რუსეთის დედაქალაქი მასპინძლობდა. კონკურსის დაყებამდე მედიასაშუალებები ავრცელებდნენ ინფორმაციას, რომ სიმღერას ორაზროვანი, პოლიტიკური დატვირთვა ჰქონდა, რომლის მიზანიც რუსეთის პრემიერ-მინისტრის შეურაცხყოფა იყო. ევროვიზიის ორგანიზატორებმა ქართულ მხარეს სიმღერის შეცვლა შესთავაზეს, თუმცა, საქართველომ კონკურსში მონაწილეობაზე უარი განაცხადა.

ნორვეგიაში 2010 წელს გამართულ “ევროვიზიაზე” საქართველოს წარმომადგენელმა სოფო ნიჟარაძემ მეცხრე ადგილი დაიკავა, გამარჯვებული კი გერმანიის წარმომადგენელი გახდა.

სკანდალით დასრულდა მიმდინარე წლის “ევროვიზიის” შიდა შესარჩევი ტური საქართველოში. გამარჯვებული ჯგუფის – Eldrine-ის სოლისტი თაკო ვადაჭკორია შიდა შესარჩევ ტურში გამარჯვებიდან რამდენიმე დღეში ახალმა სოლისტმა – სოფო ტოროშელიძემ ჩაანაცვლა. მაშინ თაკო ვადაჭკორია აცხადებდა, რომ Eldrine-ის პროდიუსერ კომპანიასთან კონტრაქტს ხელი მისთვის მიუღებელი პირობების გამო არ მოაწერა. თავის მხრივ, პროდიუსერულმა კომპანია „ტიტანმა“ კონტრაქტის პუნქტების შეცვლაზე უარი განაცხადა, ახალი სოლისტიც მალევე მოძებნა და “ევროვიზიაზე” წარსადგენ სიმღერაზე სოფო ტოროშელიძის მონაწილეობით კლიპიც გადაიღო.

ამავე თემაზე:

“ევროვიზია 2011” იწყება

მასალების გადაბეჭდვის წესი