ხელოვნება

“ევროვიზია 2011” იწყება

10 მაისი, 2011 • • 1507
“ევროვიზია 2011” იწყება

ჯგუფი Eldrine © პირველი არხი
ჯგუფი Eldrine © პირველი არხი

რამდენიმე წუთში, თბილისის დროით 23:00 საათზე, გერმანიის ქალაქ დიუსელდორფში “ევროვიზიის” კონკურსის ნახევარფინალი გაიმართება. წლევანდელ კონკურსზე საქართველოს წარმოადგენს ჯგუფი Eldrine, რომელიც  მეცხრე ნომრად გამოვა.

კონკურსის ქართველი მონაწილეები გერმანიაში ერთი კვირის წინ გაემგზავრნენ. ნახევარფინალურ ტურს საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი პირდაპირ ეთერში გადასცემს. “ევროვიზიის” კონკურსის ნახევარფინალები – 10 და 12, ხოლო ფინალი – 14 მაისს ქალაქ დიუსელდორფში გაიმართება.

წლევანდელი “ევროვიზიის” კონკურსში 43 ქვეყანა მონაწილეობს. მუსიკალურ ფესტივალს გერმანია წელს  დიუსელდორფში მესამედ უმასპინძლებს. ღონისძიება გერმანიაში პირველად 1957 წელს ფრანკფურტში, მეორედ კი 1983 წელს მიუნხენში გაიმართა. ევროპის მუსიკალური ფესტივალი პირველად 1955 წელს ჩატარდა. კონკურსს ევროპის მაუწყებელთა კავშირი ატარებს, ხოლო თითოეულ მონაწილე ქვეყნაში “ევროვიზაზე” წარსადგენ კონკურსანტს ამავე ქვეყნის საზოგადოებრივი მაუწყებელი ირჩევს და კონკურსის პირდაპირ ეთერში გადაცემის უფლებაც საზოგადოებრივ მაუწყებლებს აქვთ. ევროვიზიის წესების თანახმად, ფინალში ავტომატურად იღებენ მონაწილეობას გერმანიის, დიდი ბრიტანეთის, საფრანგეთის, ესპანეთისა და იტალიის (რომელიც 13- წლიანი პაუზის შემდეგ დაუბრუნდა კონკურსს) წარმომადგენლები. წლევანდელი “ევროვიზიის” გამარჯვებულს მაყურებელი და ჟიური გამოავლენენ. მათი ხმები პროპორციულად, პრინციპით 50% – 50% -ზე გადანაწილდება.

მიუხედავად ნახევარსაუკუნოვანი ისტორიისა, “ევროვიზიის” გამარჯვებულთაგან მსოფლიო მასშტაბის ვარსკვლავი სულ რამდენიმე მათგანი გახდა, მათ შორის 1974 წლის კონკურსში გამარჯვებული ABBA (შვედეთი), სიმღერით Waterloo, 1988 წლის კონკურსში გამარჯვებული Celine Dion (შვეიცარია) სიმღერით Ne partez pas sans moi, 1990 წლის კონკურსში გამარჯვებული Toto Cutugno (იტალია) სიმღერით Insieme.

საქართველო “ევროვიზიის” კონკურსში 2007 წლიდან მონაწილეობს. ამ წელს საქართველოს სახელით ევროვიზიაზე სოფო ხალვაში გამოვიდა, რომელმაც მე-12 ადგილი დაიკავა, 2008 წელს ქვეყანა ევროფესტივალზე დიანა ღურწკაიამ წარადგინა. 2009 წელს კონკურსზე საქართველოდან “სტეფანე და 3G” უნდა წასულიყო, რომლებსაც მომზადებული ჰქონდათ სიმღერა ”Put In Disco”. კონკურსს რუსეთის დედაქალაქი მასპინძლობდა. კონკურსის დაყებამდე მედიასაშუალებები ავრცელებდნენ ინფორმაციას, რომ სიმღერას ორაზროვანი, პოლიტიკური დატვირთვა ჰქონდა, რომლის მიზანიც რუსეთის პრემიერ-მინისტრის შეურაცხყოფა იყო. ევროვიზიის ორგანიზატორებმა ქართულ მხარეს სიმღერის შეცვლა შესთავაზეს, თუმცა, საქართველომ კონკურსში მონაწილეობაზე უარი განაცხადა.

ნორვეგიაში 2010 წელს გამართულ “ევროვიზიაზე” საქართველოს წარმომადგენელმა სოფო ნიჟარაძემ მეცხრე ადგილი დაიკავა, გამარჯვებული კი გერმანიის წარმომადგენელი გახდა.

სკანდალით დასრულდა მიმდინარე წლის “ევროვიზიის” შიდა შესარჩევი ტური საქართველოში. გამარჯვებული ჯგუფის – Eldrine-ის სოლისტი თაკო ვადაჭკორია შიდა შესარჩევ ტურში გამარჯვებიდან რამდენიმე დღეში ახალმა სოლისტმა – სოფო ტოროშელიძემ ჩაანაცვლა. მაშინ თაკო ვადაჭკორია აცხადებდა, რომ Eldrine-ის პროდიუსერ კომპანიასთან კონტრაქტს ხელი მისთვის მიუღებელი პირობების გამო არ მოაწერა. თავის მხრივ, პროდიუსერულმა კომპანია „ტიტანმა“ კონტრაქტის პუნქტების შეცვლაზე უარი განაცხადა, ახალი სოლისტიც მალევე მოძებნა და “ევროვიზიაზე” წარსადგენ სიმღერაზე სოფო ტოროშელიძის მონაწილეობით კლიპიც გადაიღო.

მასალების გადაბეჭდვის წესი