ხელოვნება

„თბილისი“ ევროპის სახლში

10 აპრილი, 2011 • • 1122
„თბილისი“  ევროპის სახლში

ევროკავშირის მხარდაჭერითა და ჰოლანდიის საელჩოს ინიციატივით, ევროპის სახლში გაიხსნა გამოფენა „citybooks”.

გამოფენაზე სულ 48 ფოტოა წარმოდგენილი. მათგან  24 ნამუშევარი ქართველი ფოტოგრაფის, კახა კახიანისაა, 24  კი– ბელგიელი ფოტოგრაფის ფილიპ ბერტესი.

გამოფენის თემა თბილისია.

ფოტოებსა და ჩანახატებში წარმოდგენილია ისეთი თბილისი, როგორსაც ავტორები ხედავენ, თუმცა მათ მიერ დანახული  თბილისი მრავალფეროვანია– თავისი ღირსებით, ნაკლით, კონტრასტულობით, სილამაზით, სიმახინჯით, და ა.შ.

ნახავთ როგორც ლამაზი შენობების, ასევე უაზროდ ჩამწკრივებული ჩვეულებრივი საცხოვრებელი სახლების ფოტოებს, თბილისის ყველაზე ლამაზ ადგილებსა და ნაგავსაყრელებსაც კი.

კახა კახიანის ფოტოებში  მიტოვებულ თბილისს აღმოაჩენთ. ვისაც მიაჩნია, რომ თბილისი მხოლოდ მთაწმინდისა და ანძის მონახაზია, ქართველი ფოტოგრაფის ნამუშევრებში სრულიად სხვაგვარ ქალაქს დაინახავს.

საინტერესოა ბელგიელი ხელოვანის თვალით დანახული თბილისიც: „ამ გამოფენაზე ძალიან ცოტა ხანი ვმუშაობდი. მითხრეს, რომ აინტერესებდათ განახლებული ქალაქი, ასე რომ, ავირჩიე  5 მნიშველოვანი ადგილი, გადავიღე ფოტოები, გავაკეთე ჩანახატები და ვეცადე გადმომეცა, თუ როგორ აისახა ქალაქის ცვლილება არქიტექტურაზე.“ – ამბობს ფილიპ ბერტესი.

გამოფენის დათვალიერებისას  სხვადასხვა ხმასაც გაიგონებთ, რაც ქალაქის ნაწილს წარმოადგენს. ესენია– ჩიტების, მანქანების მოძრაობის ხმები და ა.შ.

გამოფენაზე წარმოდგენილი ფოტოები წიგნის სახითაც გამოვა. ტექსტის ავტორები ანა კორძაია-სამადაშვილი და ლაშა ბუღაძე იქნებიან.

ევროპის სახლი „citybooks” 18 აპრილამდე უმასპინძლებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი