ხელოვნება

KONTAKTPHOTOS – დოკუმენტური ფოტოგრაფიის ქართული სააგენტო

17 თებერვალი, 2016 • 2662
KONTAKTPHOTOS – დოკუმენტური ფოტოგრაფიის ქართული სააგენტო

KONTAKTPHOTOS – ასე ჰქვია დოკუმენტური ფოტოგრაფიის ახალ ქართულ სააგენტოს, რომელიც უკვე აერთიანებს რამდენიმე ფოტოხელოვანს. ფოტოგრაფერი ნათელა გრიგალაშვილი, ანდრო ერაძე, ვახო ხეთაგური, გიორგი შენგელია, ბესო უზნაძე ერთობლივი ძალებით შეეცდებიან სააგენტოს საქმიანობაში წვლილის შეტანას. ვებსაიტზე kontaktphotos.com კი აქტიურად განთავსდება ქართველი ფოტოგრაფების უცნობი ნამუშევრები.

სააგენტოს დამფუძნებელი და ხელმძღვანელი ფოტოგრაფი ნათელა გრიგალაშვილია. როგორც ის ამბობს, სააგენტოს მთავარი მიზანი ფოტოგრაფების საქმიანობის პოპულარიზაციაა.

“სააგენტოს შექმნის იდეა საკუთარი პრაქტიკიდან გამომდინარე გამიჩნდა. მე წლების მანძილზე ვმუშაობდი პრესაში. მაგრამ შემდეგ დავიწყე დამოუკიდებლად პროექტებზე მუშაობა და ახლა არ ვიცი სად წავიღო ეს პროექტი. სად განვათავსო? სწორედ, აქედან გამომდინარე გამიჩნდა სურვილი, რომ შემექმენა პლატფორმა, დოკუმენტური ფოტოგრაფიისათვის, სადაც შესაძლებელი იქნება განათავსო ფოტო მასალა,” – ამბობს ნათელა გრიგალაშვილი.

ფოტოსააგენტო KONTAKTPHOTOS პრეზენტაცია-გამოფენა. ფოტო: ნეტგაზეთი/გუკი გიუნაშვილი

ფოტოსააგენტო KONTAKTPHOTOS პრეზენტაცია-გამოფენა. ფოტო: ნეტგაზეთი/გუკი გიუნაშვილი

საიტზე მოქმედი ფოტოგრაფების ალბომებთან ერთად, შეიქმენა ფოტოარქივი, სადაც განთავსდება იმ ფოტოგრაფების ნამუშევრები, რომელბიც წლების განმავლობაში მუშაობდნენ, თუმცა არ მიეცათ საშუალება გამოეფინათ თავიანთი ფოტოები. ერთ-ერთი ასეთი ფოტოგრაფი 85 წლის ბიძინა რიჟავაძეა ხულოდან. ის ხულოში გაზეთის ფოტოკორესპოდენტია.

“მან მოგვცა საკუთარი არქივი და განვათავსეთ საიტზე. ამ ადამიანს აქვს საოცარი ფოტოისტორია, ხულოსა და მთლიანად ამ რეგიონის. ვთვლით, რომ ისტორია ყველაზე კარგად ჩანს ფოტოებზე და ზოგჯერ, ფოტომოყვარულები გაცილებით საინტერესო მასალას ქმნიან,” – ამბობს გრიგალაშვილი.

პროექტი პირველ ჯერზე 6 თვეს გაგრძელდება. დაგეგმილია ვორქშოფებს, რათა ფოტოგრაფებმა ერთმანეთს გამოცდილება გაუზიარონ.

სააგენტო მხარს უჭერს ჯგუფურ და ინდივიდუალურ ფოტოპროექტებს, რომელთაც აქვთ დოკუმენტური და ჰუმანური ხედვა, რომლებშიც აისახება დღევანდელი ყოფა, თანამედროვე სამყარო და ადამიანი ამ სამყაროში, სოციალური გარემო და ცხოვრების სხვადასხვა ასპექტი – პოლიტიკა, საზოგადოება, ეკოლოგია, ადამიანის უფლებები. აგრეთვე სააგენტოს მიზანია, ხელი შეუწყოს საქართველოში ფოტოგრაფიის განვითარებას, ჩაატაროს სემინარები, ვორქშოფები და შეხვედრები.

ფოტოჟურნალისტი გიორგი შენგელია სააგენტოს უკვე შეუერთდა. მისი თქმით, სააგენტო საშუალებას მისცემს საკუთარი შემოქმედების რეალიზებასა და დოკუმენტური ფოტოგრაფიის პოპულარიზაციაში, რომელიც საქართველოში სათანადოდ არ არის დაფასებული.

“როგორც დოკუმენტური ფოტოგრაფიის შემქმნელსა და ფოტოჟურნალისტს მიმაჩნია, რომ აუცილებელია ჩემი ნამუშევრები გამოიფინოს ქართულ ვებზე. ჩემი ნამუშევრები ასახავს იმას, რაც საქართველოში ხდება. ფოტოგრაფია საქართველოში ყველას სხვადასხვანაირად ესმის. რადგან ფოტოგრაფიას გააჩნია დიდი სივრცე და ამ სივრცეში არსებობს ბევრი შტო. კონკრეტულად დოკუმენტური ფოტოგრაფიის თვალსაზრისით კი დაინტერესება არ არის მაღალი,” – ამბობს გიორგი შენგელია.

ფოტოსააგენტოს ვებგვერდი ფონდ “ღია საზოგადოება-საქართველოს ” მხარდაჭერით შეიქმენა.  სააგენტოსა და ვებ-გვერდის პრეზენტაცია გალერეა Black &White-ში 16 თებერვალს შედგა.

ფოტოსააგენტო KONTAKTPHOTOS პრეზენტაცია-გამოფენა. ფოტო: ნეტგაზეთი/გუკი გიუნაშვილი

ფოტოსააგენტო KONTAKTPHOTOS პრეზენტაცია-გამოფენა. ფოტო: ნეტგაზეთი/გუკი გიუნაშვილი

მასალების გადაბეჭდვის წესი