ხელოვნება

კონიჩიუა – ჩვენი კარი ღიაა თქვენთვის

17 მარტი, 2011 • • 1178
კონიჩიუა – ჩვენი კარი ღიაა თქვენთვის

იპოანიაში მცხოვრები ადამიანების მხარდასაჭერად საქართველოში ხვალ ერთდოულად ორი აქცია გაიმართება.

geOpen people for Japan – სადაც აქციის მონაწილენი სპეციალურად გამზადებულ პლანშეტზე საკუთარ მისამართებს დაწერენ იაპონელებისთვის სოლიდარობის გამოხატვის ნიშნად და სამწუთიანი ფლეშ–მობ აქცია, სადაც ასამდე ადამიანი  რუსთაველის მეტროსთან გამვლელებს იაპონურად მიესალმება.

იაპონიის საელჩოსთან შეკრებილი ადამიანები ეცდებიან, კატასტროფის მსხვერპლებს თანაგრძნობის ხმა მიაწვდინონ.

“ამ დღეს, ჩვენ გარდა, მსოფლიოს მრავალი ქვეყნის მოქალაქე გეგმავს სოლიდარობის აქციას, რადგან ბუნებრივი კატაკლიზმებით გამოწვეული ტრაგედიის სიმძიმე საზიაროა ნებისმიერი ქვეყნის მკვიდრისთვის”,–ამბობენ აქციის ორგანიზატორები.

ფლეშ მობის აქციის იდეის ავტორები ფიქრობენ, რომ რუსთაველის მეტროსთან ასამდე ადამიანის მობილიზებას შეძელებენ. თბილისში მოქმედი ორი ფლეშ-მობ ჯგუფი მზადაა ჩაერთოს აქციაში და სოლიდარობა გამოუცხადოს იაპონელებს.

”100 კაცამდე შევიკრიბებით, ვითომ ჩვეულებრივი გამვლელები, მოულოდნელად, ნიშანზე, ყველა დაიჩოქება მუხლებზე, როგორც იაპონელები ჩაის სმისას და  გაიკეთებს პირბადეს, დაახლოებით. 2-3 წუთის განმავლობაში ყველა გამვლელ-გამომვლელს მივესალმებით იაპონურად: კონიჩიუა. 3 წუთის მერე, თითქოს არაფერი არ მომხდარა, მოვიხსნით პირბადეებს და დავიშლებით”,-ამბობს ალექსანდრე ლორთქიფანიძე, აქციის ორგანიზატორი და ჟურნალ ”დრო მშვიდობისას” რედაქტორი.

ფლეშ–მობ აქცია ხვალ, დღის სამ საათზე, რუსთაველის მეტროსთან გაიმართება. ორი საათის შემდეგ კი იაპონიის საელჩოსთან geOpen people for Japan იმ ადამიანებს გააერთიანებს, ვინც სპეციალურ პლანშეტზე საკუთარი სახლის მისამართის დატოვებით  სოლიდარობას გამოუცხადებს იაპონელებს.

“ამ სიმბოლური ნაბიჯით მივანიშნებთ, რომ ჩვენი კარი არ არის ჩაკეტილი შეწუხებული იაპონიისთვის, რომ ჩვენნაირი მოქალაქეების განცდამ  ჩვენს ზღურბლს მიღმაც შემოაღწია, რომ ჩვენ თანავუგრძნობთ”,–ნათქვამია ორგანიზატორების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

პარალელურ რეჟიმში სოლიდარობის ეს აქცია გამეორდება ინტერნეტითაც. კატასტროფასთან დაკავშირებით იაპონელების მიერ სოციალურ ქსელებში გახსნილ ანგარიშებზე გაჩნდება ქართული მესიჯიც, რომლის მოცულობა გაიზრდება მისამართების მატებასთან ერთად.

მასალების გადაბეჭდვის წესი