ხელოვნება

Nina Sanguinarius – ილუსტრატორი ვიდეო თამაშების სამყაროდან

11 თებერვალი, 2016 • 2151
Nina Sanguinarius – ილუსტრატორი ვიდეო თამაშების სამყაროდან

სილვანას ვინდრანერი სიბნელეს წითელ მოსასხამსა და მოელვარე აბჯარში გამოწყობილი ნელი ნაბიჯით კვეთს. ბანშიების დედოფალს ამჯერად ბრძოლაში არავინ იწვევს, თუმცა საომარი მარშის ფონზე ქალღმერთი საკუთარ ხალხსა და შურსძიების მიზნებზე გვიყვება.

როცა დედოფლის ხმა ილევა, დარბაზში განათება ძლიერდება. სცენაზე გოგონა დგას. მისი სახის გარჩევა ძნელი აღარ არის. მას უჩვეულოდ მომწვანო-მონაცრისფრო სხეული და ცეცხლოვანი თვალები აქვს. ხელში უცნაური იარაღი უჭირავს – რამდენიმე ფენად შეკრული, წახნაგოვანი მშვილდი შესახედადაც კი მძიმეა. სილვანასი სცენასთან შეკრებილებს თვალს ავლებს, ესალმება და ისევ ქრება სიბნელეში.

ძნელია ამ სურათის მაყურებელმა წუთით მაინც არ დაკარგო რეალობის შეგრძნება და არ მოგინდეს დედოფლისათვის უკან ადევნება. თუმცა ეს ქოსფლეია – მაყურებელი კი თბილისის ივენთ ჰოლში შეკრებილი ვიდეო თამაშების მოყვარულები არიან.

ქოსფლეი ეს არის კოსტიუმირებული წარმოდგენა, რომელში მონაწილეობაც ნებისმიერ მსურველს შეუძლია. მთავარი მოთხოვნაა, რომ მონაწილე ვიდეო თამაშის, ფილმის ან კომიქსების პერსონაჟს განასახირებდეს. ყველაზე მნიშვნელოვანი კი კოსტიუმის შექმნის პროცესია – ქოსფლეის კონკურსის მონაწილე ვერ გახდები, თუ კოსტიუმის თითოეული დეტალი თავად არ შექმენი.

სილვანასად წელს ნინა მხოიანი გარდაისახა. ნინა ახლა 24 წლისაა. ვიდეო თამაშების გმირის როლის მორგება უკვე მეორედ სცადა. მისი პირველი გამოჩენა ქოსფლეის კონკურს, GameJam-ზე 2014 წელს გამარჯვებით დასრულდა.

“ყოველთვის ძალიან მომწონდა კოსტიუმირებული წარმოდგენები და ჩემთვის ერთადერთი მსგავსი გასართობი ჰელოუვინი იყო. შემდეგ უბრალოდ ინტერნეტში გადავაწყდი რუსი გოგონას შემქნილ Lich King-ს, ეს ერთ-ერთი ყველაზე რთულად გასაკეთებელი პერსონაჟია, ძალიან მომეწონა და დავინტერესდი როგორ ქმნიდნენ რეალობასთან ასე მიახლოებულ კოსტიუმებს.”

ინტერნეტში მოძიებული ინფორმაციით, Youtube-ზე ნანახი “გზამკვლევებით” ნინამ პირველ კოსტიუმზე მუშაობა დაიწყო. ბავშვობიდან ხატავს, ამიტომ ესკიზების შემქნა არ გასჭირვებია. როგორც თავად ამბობს, მთავარი პრობლემა ყოველთვის შესაბამისი მასალის პოვნაა, რომელიც ან ძალიან ძვირია, ან არ ამართლებს. თუმცა თავს არ ზოგავს სასურველი შედეგის მისაღებად.

Game Jam 2015. ნინა სილვანასის კოსტიუმით.

Game Jam 2015. ნინა სილვანასის კოსტიუმით.

“ყველაზე კარგი მასალა არის ვორბლა, რომელიც ძალიან ძვირი ღირს. რასაც მე ვაკეთებ 2 თვე, იმას ვორბლით აკეთებენ 2 კვირაში. ვორბლა გაცხელების შემდეგ ნებისმიერ ფორმას იღებს. სხადასხვა მიზეზების გამო ვიყენებ ჩვეულებრივ ტურისტულ პარალონს. თუმცა ყოველ ჯერზე ვსწავლობ ახალ დეტალებს.“

სანამ კოსტიუმი დასრულებულ სახეს მიიღებს ნინას წინ მინიმუმ ოთხთვიანი სამუშაო აქვს:

საბაზისო ფენას ქმნის ტურისტული პარალონით, რომელსაც ზემოდან უნდა გადაეკრას ქაღალდისა და წებოს რამდენიმე ფენა (გაშრობის შემდეგ მას ვეღარ ცვლის). როდესაც მიღებული მასალა გამყარდება, მას მანქანის ფითხით გაფარავს. შემდეგი საფეხური გლუვი ზედაპირით გადახეხვაა. გადახეხილ ზედაპირს წებო “ებოქსიტით” გადაფარავს, რომ საბოლოოდ გამყარდეს. თუმცა ბოლო ფენა შეიძლება შესაბამისად ვერ გაშრეს და კოსტუმმა ნაგვის ურნაში დაიდოს ბინა. ამას ემატება მოსასხამებისა და სხვა დეტალების შექმნა, რომლებიც ნაჭრის ან ტყავისგან იკერება.

“ძალიან დიდი დრო და ენერგია სჭირდება ამ პროცესს, მაგრამ მახსოვს პირველად, როდესაც Lich King-ის მახვილი გავაკეთე და დავაკვირდი, დაჯერებაც კი მიჭირდა, რომ ეს მე გამომივიდა. თითოეული წარმატებული დეტალე გაძლევს ძალას, რომ კიდევ უფრო გაშალო ფანტაზია,” – ამბობს ნინა.

ვიდეო თამაშები ბავშვობიდან იტაცებდა. სუპერ მარიოდან WarCraft-ის სამყარომდე (World of Warcraft) თითქმის ყველა მასობრივი და რთული თამაში გამოსცადა, მაგრამ მასზე WoW-ზე დიდი შთაბეჭდილება არც ერთს მოუხდენია.

“ყველაზე მეტად რაც მომწონს ამ თამაშში – ეს არის მისი მრავალფეროვნება. თითოეული ახალი საფეხური ახალი სამყაროა, ახალი ამბავია და შენც ასე პერსონაჟებთან ერთად, დაუსრულებლად მოგზაურობ. არასდროს ვყოფილვარ თამაშებზე მიჯაჭვული. ჩემთვის თამაშების ტურნირები არ არის მნიშვნელოვანი და არც ის რამდენ საფეხურს გავივლი. მე ამ სამყაროს ნაწილად ყოფნით ვიღებ სიამოვნებას.”

ნინა პროფესიით ხელოვნებათმცოდნეა. ხატვის ძირითადი ტექნიკა ბაბუამ ასწავლა, რომელიც დეკორატორი იყო. სამხატვრო აკადემიაში სწავლის გაგრძელებაზე არც კი უფიქრია; იცოდა, რომ ეს ყველაფერი მისთვის დროის კარგვა იქნებოდა.

“არც იმისი საშუალება მქონდა, რომ გამოცდისთვის სპეციალურად მესწავლა ხატვა, მევლო მასწავლებელთან და თან რაც ყველაზე მეტად არ მომწონს, ისაა, რომ აკადემიაში ცდილობენ გასწავლონ ხატვა ისე როგორც ეს მათ ესმით. მე კი მინდა ვხატო ისე, როგორც ეს ჩემს ფანტაზიასა და წარმოსახვაში ხდება.”

ამჟამად აკეთებს ილუსტრაციებს სამეცნიერო ფანტასტიკის ჟანრის უცხოური წინგებისათვის. დამკვეთს ონლაინ, სპეციალურ ინტერნეტ პორტალზე პოულობს. საკუთარ ნამუშევრებს ფეისბუკ გვერდზეც აქვეყნებს. ლიტერატურიდან კი ინსპირაციას არამხოლოდ დასახატად იღებს, არამედ უკვე საკუთარ მოთხრობებზე დაიწყო მუშობა.

“მომინდა, რომ დავწერო. მინდა, რომ საინტერესო, ფანტასტიკური ამბები მოვყვე ახალ სამყაროზე. ჯერ ახლა დავიწყე,”- ამბობს და დიდ შავ ბლოკნოტზე მიმითითებს, რომელსაც ახლა უკვე ყველგან დაატარებს.

ამბობს, რომ მეგობრების მხრიდან განსაკუთრებულ მხარდაჭერას ვერ გრძნობს, რადგან ეს მათთვის უბრალოდ გართობაა. მეგობრებს არც ის ესმით, როგორ შეუძლია ნინას თვეები დაუთმოს იმის შექმნას, რასაც სადემონსტრაციოდ მხოლოდ ერთი დღე ჩაიცვამს.

“არც ქოსფლეის პირველი ადგილი მაინტერესებს და არც პრიზები. მინდა, რომ ვაკეთო რაღაც რაც ძალიან დიდ სიამოვნებას მანიჭებს. ესეც ერთგვარი ხელოვნებაა – შენი შექმნილი ხელნაკეთი კოსტუმი.”

როგორ თავად ამბობს, სიამოვნებით აიღებდა საკუთარ თავზე ქოსფლეის ღონისძიების ორგანიზებას და მას გაცილებით უფრო მასშტაბურს გახდიდა. ფიქრობს გააკეთოს ქოსფლეი გამოფენა.

“ერთ დიდ სივრცეში, რომ გამოვიტანოთ ყველა ის ქოსფლეი, რომლებიც ამ დრომდე შექმნეს მონაწილეებმა. საინტერესო იქნებოდა, კარგი ვიზუალური და მუსიკალური გამორმებით. დამთვალიერებელი უკეთ ნახავდა თითო დეტალს და უფრო მეტ ადამიანს ვანახებდით, რომ ქოსფლეის კეთება არა მხოლოდ გატაცება, არამედ ხელოვნებაა,” – ამბობს ნინა.

ნინას სურდა საერთაშორისო კონკურსებში საკუთარი კოსტიუმებით გასვლა, თუმცა რეგისტრაციის დროს საქართველო მონაწილე ქვეყნების რიგებში ვერ აღმოაჩინა.

“გადაწყვეტილი მქონდა წავსულიყავი BlizzCon-ზე, რომელიც ერთ-ერთი უდიდესი კონფერენციაა. ვიცოდი, რომ ვერ გავიმარჯვებდი, იქ უმაღლესი დონის ქმნილებებით გამოდიან სცენაზე, მაგრამ უბრალოდ მონაწილეობა ჩემთვის დიდი მოვლენა იქნებოდა. მოვხვდებოდი იმ გარემოში, სადაც ყველას ესმის ჩემი. მაგრამ სამწუხაროდ, საქართველოდან ქოსფლეიზე განაცხადი ვერ გავაკეთე.”

ნინა ახლა მამასთან ერთად ცხოვრობს, რომელიც მის ინტერესებსა და მისწრაფებებს იზიარებს. მან და ნინამ უკვე დაიწყეს სახელოსნოს მოწყობა. ამ დრომდე ნინა ხელსაწყოებს თავად აგროვებდა და შესაბამისი ნივთების საყიდლად ე.წ. “ელიავას ბაზრობის” ხშირი სტუმარიცაა. დღემდე კოსტუმზე მუშაობა სახელოსნოს გარეშე უხდებოდა. მანეკენის არქონის გამო ყველა დეტალს თვითონ იხდენს და ნატურალურ ზომებზე მუშაობს.

ახალი სახელოსნოს დახმარებით Warcraft-ის სამყაროს კიდევ ერთი წევრისათვის გეგმავს ფრთების შესხმას.

“მინდა შემდეგში კიდევ უფრო გავაუმჯობესო ჩემი ქმნილება. ამჯერად კიდევ ერთი მთავარი პერსონაჟის გაკეთებას ვგეგმავ, რომელსაც დიდი ფრთები აქვს. არ ვიცი როგორი გამოვა, თუმცა წარმოდგენით უკვე შევქმენი. არ მინდოდა, შიდა სამყაროს რომელიმე მთავარი პერსონაჟის გამოტოვება, ამ დრომდე თანმიმდევრობით მივყვებოდი, მაგრამ ახალი იდეა იმდენად მომწონს, რომ მემგონი, რომ რამდენიმეზე უარს ვიტყვი.”

ჯერ არ იცის შემდეგი ქოსფლეი როდის მოეწყობა, თუმცა ეს ხელს არ უშლის ახალი სახელოსნოსა და უკეთესი მასალის პოვნის იმედით შემდეგ ქმნილების ესკიზები დახატოს.

მასალების გადაბეჭდვის წესი