ხელოვნება

JAZZ SERIES – Monty Alexander Trio

20 თებერვალი, 2011 • • 1434
JAZZ SERIES – Monty Alexander Trio

ჯაზ სერიები თბილისის ივენთ ჰოლში მსმენელს ისთერნ პრომოუშენმა წარუდგინა.  მაყურებლის წინაშე  სცენაზე მონტი ალექსანდერის ტრიო წარსდგა.

Monty Alexander (მონტი ალექსანდერ)- Vocal/Piano
Hassan Shakur (ჰასან შაქურ) – Acoustic Bass
Johan Landesbergen (ჯოან ლანდესბერგენ) – Drums

ივენთ ჰოლში იდეალურ-იდილიური გარემო იყო. მსუბუქი განათება, შენი საყვარელი სასმელი ხელში და მუსიკა, რომელსაც სამი არაჩვეუელებრივი მუსიკოსი  შენგან სულ რამდენიმე ნაბიჯის დაშორებით ქმნის. რაღაც მომენტში შეიძლება გეფიქრა, რომ რომელიმე მყუდრო ჯაზ-ბარში ზიხარ, სადაც შენი საყვარელი ბენდი უკრავს.

კონცერტის დაწყებამდე მაყურებელი აღფრთოვანებული იყო იმით, რომ უნდა მოესმინა მუსიკოსისთვის, რომელსაც უთანამშრომლია ისეთ ვარსკვლავებთან, როგორებიც არიან: ფრენკ სინატრა, ტონი ბენეტი, ქუინს ჯონსი, ბობი მაქფერინი.  კონცერტის შემდეგ აღარავის ახსოვდა, რომ მონტი ალექსანდერი ფრენკ სინატრასთან ერთად უკრავდა. ახსოვდათ მარტო ის, რომ მონტი უკრავდა არაჩვეულებრივად.

წარმოშობით იამაიკელი პიანისტის მუსიკაში იგრძნობოდა იამაიკური მოტივებიც. „იამაიკაში ჩემი ფესვებია და ეს, რა თქმა უნდა, მუსიკაშიც იგრძნობა. როცა ამერიკაში ჩავედი, მომიწია, იამაიკური და ამერიკული მუსიკა ერთმანეთთან შემეთავსებინა. დღესაც ბევრი იამაიკელი მუსიკოსი იქცევა ასე, ათავსებს ამერიკულსა და იამაიკურს და მათი მუსიკა ყოველთვის ძალიან საინტერესო გამოდის“ – ამბობს მონტი ალექსანდერი.

კონცერტის შუა ნაწილში ისედაც სმენადქცეული, გასუსული მსმენელი გააოცა ბობ მარლის „No Woman No Cry”-ს მონტისებურმა ვერსიამ. მთავარი თემა ათასნაირად დაატრიალა კლავიშებზე, შემდეგ კი კონტრაბასს გადასცა ესტაფეტა. მოკლედ, კარგად ნაცნობმა იამაიკურმა მელოდიამ მთელი დარბაზი აიყოლია და ალაგ-ალაგ ღიღინიც კი გაისმა.

ბოლო სიმღერის შემდეგ ტაში, რა თქმა უნდა, არ შეწყვეტილა და ბისზე გამოსულმა ტრიომ კიდევ რამდენიმე კომპოზიცია შეასრულა. მელოდიკაზე დაკვრისა და ბალადის სიმღერის შემდეგ,  როცა მსმენელმა  აპლოდისმენტები გააგრძელა, ტრიო კიდევ ერთხელ დაბრუნდა სცენაზე, თუმცა ამჯერად მონტი ალექსადერმა საჩვენებელი თითი ასწია, გაგვაფრთხილა,  მარტო ერთს დავუკრავო და ისევ მიუჯდა როიალს.

ჯაზსერიებს 22 მარტს  დუ­ე­ინ დოპ­სი­სა და The Hellraisers-ის კონცერტი დახურავს. ამ კონცერტზევე გახდება ცნობილი შავი ზღვის ფესტივალის პროგრამა და ჯაზის მოყვარულებს ისევ ექნებათ დღე, რომელსაც უნდა დაელოდნონ.

მასალების გადაბეჭდვის წესი