კინოხელოვნება

პოლა მარკოვიჩის ‘’პრიზი’’

12 თებერვალი, 2011 • 1255
პოლა მარკოვიჩის ‘’პრიზი’’

11 თებერვალს ბერლინის ფესტივალზე ორი საკონკურსო ფილმის ჩვენება გაიმართა – ამერიკელი რეჟისორის ჯეი სი ჩანდორის ‘’უკიდურესი ზარის” და მექსიკელი რეჟისორის პოლა მარკოვიჩის ‘’პრიზი’’.

‘’უკიდურესი ზარი’’ 2008 წლის ფინანსურ კრიზისს და მის გამომწვევ მიზეზებს ეხება. ფილმის ავტორები ერთ-ერთ მსხვილ ამერიკულ კომპანიაზე დაკვირვებით, ცდილობენ ფინანსურ კრიზისის ძირითადი მიზეზების ახსნას. კომპანიის თანამშრომლები, რომლებიც ფინანსურ ხრიკს მიმართავენ, შეძლებენ დაანგრიონ არსებული ბაზარი და თავად გახდნენ  მონოპოლისტები. ყველაფერი კომპანიის ფინანსური განყოფილების მუშაკის გათავისუფლებით იწყება, რომელიც ახალგაზრდა თანამშრომლებს ბაზრის დანგრევის დაუსრულებელ გეგმას დაუტოვებს. გეგმის არსებობის შესახებ ფინანსური განყოფილების უფროსიც შეიტყობს. ამ უკანასკნელის როლს კევინ სპეისი ასრულებს, რომელიც ამ ამბავს, თავისთავად, კომპანიის უფროსს შეატყობინებს, რაც საბოლოოდ მისი მფლობელის ყურამდეც მივა. კომპანიის მფლობელი (ჯერემი აირონსი, ტეხასური აქცენტით) ვერტმფრენით მოევლინება კომპანიას და ხელქვეითებს გეგმის სასწრაფოდ შესრულებას მოსთხოვს.

ფილმი იმდენად გადატვირთულია სპეციალური ტერმინებით, რომ მაყურებელს უჭირს გაიგოს, კონკრეტულად რა გეგმა ანგრევს ბაზარს. დადებულ ვიდეოზე ისმის კიდეც ერთ-ერთი ჟურნალისტის პრეტენზია პროფესიული ტერმინების მიმართ.

პოლა მორკოვიჩის ფილმი,‘’პრიზი’’ იმის კარგი მაგალითია, თუ როგორ შეიძლება ცუდმა რეჟისორმა, მიუხედავად კარგი მსახიობებისა და შედარებით ნორმალური აპარატურისა, ყველაფერი ჩააფლავოს და ფილმი  სუბიექტური, აჩუყებული გრძნობების გადმოცემის მარაზმად აქციოს. ორსაათიანი ფილმი, რომელიც ბავშვებს, კონფორმიზმს, მშობლებს, სამხედრო პროპაგანდასა და სკოლაში სწავლებას ეძღვნება, ფილმის ავტორისთვის მხოლოდ ბავშვობის შთაბეჭდილებების აღდგენად რჩება.  გადაღების დროს რეჟისორი ზღვის სანაპიროზე სეირნობისას სევდიანი პანორამებით და კინო-კამერით თამაშით უფრო  იყო დაკავებული, ვიდრე ფილმის შინაარსზე რეალური ფიქრით.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი