ხელოვნება

ვარლამ შალამოვი და საბჭოთა გულაგების ქვაში გაყინული მატიანე

16 იანვარი, 2016 • 5146
ვარლამ შალამოვი და საბჭოთა გულაგების ქვაში გაყინული მატიანე

“საკვებით ტკბობის გაგრძელების ათასი ხერხი არსებობდა. შეგეძლო, ეს პური გელოკა, სანამ ხელისგულიდან არ გაქრებოდა. შეგეძლო, ნამცეცები მოგეციცქნა, უციდესი ნამცეცები, და თითო ნამცეცი გეწუწნა, პირში ენით გეტრიალებინა.” – ვარლამ შალამოვი “მაისი” (1959 წ.)

“პაპიროსის ქაღალდი ჭირხლით იფარებოდა, და მავანი უფროსი, ბრძანების მკითხველი, ფურცელს ხელთათმანით აშორებდა თოვლის ფანტელებს, რომ მორიგი დახვრეტილის გვარი გაერჩია და დაეძახა.” – ვარლამ შალამოვი “როგორ დაიწყო ყველაფერი” (1964 წ.)

“სოციალურად მავნე ელემენტი” ვარლამ შალამოვი პირველად საკონცენტრაციო ბანაკში სამი წლით 1929 წელს გაამწესეს. ამის შემდეგ საბჭოთა გულაგებსა და შრომა-გასწორების კოლონიებში, ციხეებსა და ქარხნებში არაერთი მძიმე წლის გატარება მოუხდა. შალამოვს ბრალს სდებდნენ კონტრევოლუციურ საქმიანობაში. განსაკუთრებით მძიმე ციმბირის უკიდურეს ნაწილში, კოლიმაში მოხდილი სასჯელი აღმოჩნდა. ამ დროის განმავლობაში ვარლამ შალამოვმა მრავალი ავადმყოფობა და შიმშილი გამოსცადა, მაგრამ მაინც გადარჩა. მწერალმა საზოგადოებაში რეაბილიტაცია 1956 წლამდე ვერ შეძლო.

“კოლიმაში ცხედრებს მიწას კი არა, ქვას მიაბარებენ. საიდუმლოებას ქვა ინახავს და ამხელს. ქვა მიწაზე საიმედოა, მარადიული გამყინვარება საიდუმლოებებს ინახავს და ამხელს. კოლიმაში დაღუპული ყოველი ჩვენი ახლობელი – ყოველი დახვრეტილი, ჩაქოლილი, შიმშილით სისხლგამშრალი – ჯერაც შეიძლება ამოიცნო, თუნდაც ათეულობით წლის შემდეგ. კოლიმაში გაზის ღუმელები არ იყო. გვამები ქვაში, მარადიულ გამყინვარებაში იცდიან.” – ვარლამ შალამოვი “ლენდლიზი” (1965 წ.)

ლიტერატურის ეროვნული მუზეუმი გამოფენას მასპინძლობს მწერალ ვარლამ შალამოვის ცხოვრების შესახებ. 15.01.16. ფოტო: გუკი გიუნაშვილი

ლიტერატურის ეროვნული მუზეუმი გამოფენას მასპინძლობს მწერალ ვარლამ შალამოვის ცხოვრების შესახებ. 15.01.16. ფოტო: გუკი გიუნაშვილი

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლექტორი, ფილოსოფოსი გიორგი მაისურაძე დარწმუნებულია, რომ ვარლამ შალამოვს დღევანდელ საზოგადოებაში არასათანადოდ აფასებენ, როგორც მწერალს და როგორც ისტორიულად მნიშვნელოვან ფიგურას. ამას ბევრი მიზეზი აქვს: მსოფლიო ლიტერატურას ახასიათებს, როდესაც ერთ პიროვნებას ამოირჩევენ და ის გადაიქცევა მოვლენის სიმბოლოდ. ამ შემთხვევაში, გულაგის მთავარ მემატიანედ ალექსანდრ სოლჟენიცინი იქცა. სოლჟენიცინისა და შალამოვის მიმოწერაში ჩანს, რომ შალამოვი აკრიტიკებდა მას ფაქტების ზედმეტად გამხატვრულების გამო. თვლიდა, რომ სოლჟენიცინმა ზედმეტი ფანტაზიით შეავსო რეალობა, რომელიც ბევრად უფრო სასტიკი და დაუნდობელი იყო, ვიდრე მას აღწერდა.

“შალამოვი არ დაიყვანება, ასევე, მხოლოდ საბჭოთა საკონცენტრაციო ბანაკების მემატიანის დონემდე. ის არის, ჩემი აზრით, მე-20 საუკუნის ერთ-ერთი უდიდესი მწერალი, გამორჩეული მწერალი მსოფლიო ლიტერატურაში. მის მიერ აღწერილი მოვლენები და ყველაფერი, რაც მას დაუწერია, შეიძლევა ითქვას, რომ უნიკალურია თავისი ფორმითა და შინაარსით. მან აღწერა ფაქტობრივად შეუძლებელი რეალობა. ადამიანი, რომლის არსებობა დამოკიდებულია ცოცხალი ორგანიზმის გადარჩენის ინსტიქტზე. ადამიანი, როგორც ჩვენ ის წარმოგვიდგენია – თავისი მორალით, ემოციური სამყაროთ, ამაღლებული იდეალებით – ეს ყველაფერი ქრება, ” – ამბობს გიორგი მაისურაძე.

ვარლამ შალამოვის თავის მოთხრობაში “სენტენცია” აღწერს მდგომარეობას ბანაკიდან სახლში დაბრუნების შემდეგ. აღწერს პროცესს, როდესაც იწყება მისი ხელახალი გაადამიანება და ამბობს, რომ პირველი გრძნობა, რომელსაც არასდროს მიუტოვებია, ეს არის ბრაზი. ჩამონათვალში სულ ბოლო ადგილზეა სიყვარული.

ლიტერატურის ეროვნული მუზეუმი გამოფენას მასპინძლობს მწერალ ვარლამ შალამოვის ცხოვრების შესახებ. 15.01.16. ფოტო: გუკი გიუნაშვილი

ლიტერატურის ეროვნული მუზეუმი გამოფენას მასპინძლობს მწერალ ვარლამ შალამოვის ცხოვრების შესახებ. 15.01.16. ფოტო: გუკი გიუნაშვილი

“ამაზე ამბობს, რომ სიყვარულის გრძნობა ან დაგიბრუნდება, ან არა. იმიტომ, რომ ყველაფერი ადამიანური არის გადარეცხილი, ის ადამიანური ქსოვილი, რომელიც წარმოშობს მის ემოციურ სამყაროს, მის ზნეობრივ წარმოდგენებს, მის იდეალებს. ეს ყველაფერი არის გამქრალი,” – ამბობს მაისურაძე.

შალამოვი თავად 3-ჯერ დაქორწინდა. მისი ბოლო სიყვარული ირინა სიროტინსკაია იყო, რომელზეც 1966 წელს იქორწინა. სწორედ ამ წლებში დაიბეჭდა მისი “კოლიმური მოთხრობების” პირველი ტირაჟი ნიუ იორკსა და კიოლნში. სამწერლო კარიერას ხელი დაბრუნების შემდეგ მიჰყო. ამბობდა, რომ ყველა, ვინც ამტკიცებს, რომ საკონცენტრაციო ბანაკებში წერდა, უბრალოდ ტყუის.

“ბანაკი ეს არის გამოცდილება, რომელიც არაფერს გაძლევს. ის ადამიანს არაფერს ასწავლის,” – შალამოვი წერს, რომ ბანაკში ყოფნისას არაფერი უსწავლია, გარდა ურიკის ტარებისა.

“ამ თვალსაზრისით ვერ ვიტყოდი, რომ შალამოვს ჰყავს ანალოგი ლიტერატურაში – ეს არის ყველაზე რადიკალური გამოცდილება. მის მოთხრობებში არ არის საუბარი მხოლოდ იმაზე, თუ რა ცუდია საბჭოთა სისტემა, არამედ ეს არის ის გამოცდილება, რომელიც ადამიანმა თუ პირადად ვერ მიიღო, ვერასოდეს წარმოიდგენს,” – ამბობს გიორგი მაისურაძე.

შალამოვი ასევე, წერდა კრიმინალურ სამყაროზე, რომელიც საბჭოთა ქვეყნებში საკმაოდ იდეალიზებული იყო. ის სისტემის წინააღმდეგობადაც კი ესახებოდა ხალხს. ვარლამ შალამოვი ამის სრულიად საწინააღმდეგო სურათს გვიჩვენებს. ციხეებში გატარებული წლების შემდეგ ამბობდა, რომ სწორედ ისინი არიან ყველაზე გამორჩეული სადისტები და მათ მიმართ ოდნავი სენტიმენტიც კი არ შეიძლება, რომ ჰქონდეს ვინმეს.

მოხუცებული ვარლამ შალამოვი ჯერ მოხუცთა თავშესაფარში გადაიყვანეს, ხოლო შემდეგ ფსიქიატრიულ განყოფილებაში, სადაც 1982 წლის 16 იანვარს გარდაიცვალა.

სწორედ ვარლამ შალამოვსა და მის შემოქმედებას ეძღვნება ლიტერატურის მუზეუმში გახსნილი გამოფენა.  ლიტერატურის მუზეუმის მიერ მომზადებული დოკუმენტები ფოტოებითა და ნახატებით 35 დიდ პლაკატზეა განთავსებული და ქართულადაა კომენტირებული. დოკუმენტებზე საუბარია როგორც შალამოვის ცხოვრებასა და საქმიანობაზე, ასევე ნახსენებია სხვა მწერლებიც, ისეთები, როგორებიც არიან ბორის პასტერნაკი, ოსიპ მანდელშტამი, ალექსანდრე სოლჟენიცინი. ლაშა ბაქრაძის, ლიტერატურის მუზეუმის დირექტორის თქმით, ეს მსოფლიოში პირველი დიდი გამოფენაა მწერლის შესახებ.

ლიტერატურის ეროვნული მუზეუმი გამოფენას მასპინძლობს მწერალ ვარლამ შალამოვის ცხოვრების შესახებ. 15.01.16. ფოტო: გუკი გიუნაშვილი

ლიტერატურის ეროვნული მუზეუმი გამოფენას მასპინძლობს მწერალ ვარლამ შალამოვის ცხოვრების შესახებ. 15.01.16. ფოტო: გუკი გიუნაშვილი

“ყველას, ვისაც აინტერესებს საბჭოთა წარსული, დააინტერესებს ეს გამოფენაც. შალამოვი არის უმნიშვნელოვანესი ფიგურა ლიტერატურული თვალსაზრისით და მის მიერ აღწერილი სამყარო საბჭოთა გულაგების შესახებ არის უნიკალური ინფორმაციის მატარებელი,” – ამბობს ლაშა ბაქრაძე.

გამოფენა მუზეუმში 18 თებერვლამდე დარჩება, თუმცა მაღალი დაინტერესების შემთხვევაში დამთვალიერებელს შესაძლოა თებერვლის ბოლომდე მიეცეს მისი გაცნობის საშაულება.

მასალების გადაბეჭდვის წესი