ხელოვნება

“ქალი წარსულიდან” – 2

26 იანვარი, 2011 • 2036
“ქალი წარსულიდან” – 2

გუშინ და დღეს რუსთაველის თეატრში საპრემიერო დღეებია. რობერტ სტურუას ყოფილმა მაგისტრანტმა, უკვე შემდგარმა რეჟისორმა მაკა ნაცვლიშვილმა რუსთაველის თეატრში უკვე მეორე სპექტაკლი ახალგაზრდა გერმანელი დრამატურგის როლანდ შიმელპფენიგის პიესა “ქალი წარსულიდან” საქართველოს გოეთეს ინსტიტუტის მხარდაჭერით დადგა. მანამდე მაკა ნაცვლიშვილი ფართო მაყურებლის წინაშე დავით გაბუნიას პიესით “საპნის ოპუსი” წარსდგა. მახსოვს თეატრალური ელიტის, ცნობილი გავლენიანი მსახიობების, რეჟისორების აღფრთოვანება ახალგაზრდა რეჟისორის ექსპერიმენტული სპექტაკლის გამო, რომელიც რუსთაველის თეატრის სარეპეტიციოში დაიდგა. ქართველებს ერთი უცნაური თვისება გვაქვს, ყველაფერში რადიკალები ვართ, ჯერ გავაღმერთებთ და გმირად ვაქცევთ მავანს, ხოლო შემდეგ ჩვენსავე გაღმერთებულს უმოწყალოდ “ზეციდან მიწაზე ვამარცხებთ”. ამის მაგალითები ქართულ თეატრში არაერთია.

 

არადა, ახალგაზრდა რეჟისორების უმრავლესობა თითქმის ყოველთვის კარგად იწყებენ, მაგალითისთვის დავით დოიაშვილის პირველი დადგმებიც კმარა, ამ მაგალითის არგუმენტად სოსო ნემსაძის და ირაკლი გოგიას სპექტაკლებიც გამოდგება, რომლებმაც სტუდენტობის დროს მიიქციეს ფართო თეატრალური საზოგადოების ყურადღება, ხოლო შემდეგ ინტერესი მათ მიმართ თითქმის გაქრა. ასე მოხდა მაკა ნაცვლიშვილის შემთხვევაშიც. ერთ-ერთ თეატრალურ დისკუსიაზე, რომელიც მარჯანიშვილის თეატრში გაიმართა, დისკუსიის მოდერატორებმა მაკა ნაცვლიშვილი ქართული თეატრის გარდუვალ და საიმედო პერსპექტივად მონათლეს. შესაბამისად, თეატრალური მაყურებლის მოლოდინი ახალი სპექტაკლისადმი დიდი იყო, თუმცა მოლოდინი მაკა ნაცვლიშვილმა ვერც თეატრის კრიტიკოსებს, ვერც მის გულშემატკივრებს და მეგობრებს გაუმართლა.

 თანამედროვე გერმანელი დრამატურგის პიესა “ქალი წარსულიდან” უკვე მეორედ განხორციელდა ქართულ სცენაზე. პირველი დადგმა პაატა ციკოლიას (ლევან წულაძის ხელმძღვანელობით) ეკუთვნის, რომელიც მარჯანიშვილის თეატრის სხვენში დაიდგა, ხოლო მეორედ როლანდ შიმელპფენიგის გმირებმა სიცოცხლე რუსთაველის თეატრის მცირე სცენაზე დაიწყეს. კრიტიკა კიდევ უფრო კომპრომისული იქნებოდა რეჟისორის მიმართ, სპექტაკლი ექსპერიმენტულ სცენაზე რომ განხორციელებულიყო. ეს ორი დადგმა კონცეფტუალურად, პოზიციის თვალსაზრისით, რადიკალურად განსხვავდება ერთმანეთისგან, რაც ბუნებრივია, რადგან დამდგმელები სხვადასხვა სქესის წარმოამდგენლები არიან. გარდა ამისა, პიესის მთავარი თემა ქალისა და მამაკაცის დაკარგული სიყვარული და ამით გამოწვეული შურისძიებაა.

მისტიკური დრამა მაკა ნაცვლიშვილის ინტერპრეტაციით, არის ქალის გამარჯვება მამაკაცზე შურისძიების გზით. შურისძიების მსხვერპლი კი მთავარი გმირის (ზურაბ ინგოროყვა) ვაჟიშვილია (სანდრო მიკუჩაძე-ღაღანიძე), რომელსაც კლავს 24 წლის წინათ მთავარ გმირზე შეყვარებული ქალი (ნანუკა ხუსკივაძე) და, რაც მთავარია, ეს კაცი (ზურა ინგოროყვა) ტოვებს ცოლს (ნინო თარხან-მოურავი) და მიჰყვება მას. თანაგანცდას იწვევს ნინო მაყაშვილის გმირიც, რომელსაც შეყვარებული სამუდამოდ მიატოვებს. ეს პასაჟი სპექტაკლში ლოგიკას და მოტივაციასაა მოკლებული, თუმცა ეს არ არის სპექტაკლში ერთადერთი შემთხვევა, რომელიც ამის თქმის საშუალებას გვაძლევს. მთავარი პრობლემა მაინც ხელობის, პროფესიის საკადრისად ფლობის უუნარობაა. მიუხედავად იმისა, რომ ახალგაზრდა რეჟისორმა სპექტაკლში რუსთაველის თეატრის ვარსკვლავები და, შესაბამისად, გამოცდილი მსახიობები დააკავა, შედეგი არასახარბიელოა. სპექტაკლის ცქერისას მიჩნდებოდა შთაბეჭდილება, რომ მსახიობებმა ბევრი ვერაფერი მიიღეს პროფესიული ზრდის თვალსაზრისით ახალგაზრდა, თუნდაც საინტერესოდ მოაზროვნე რეჟისორისგან. რაკი მსახიობებზე ჩამოვარდა სიტყვა, უნდა აღინიშნოს, რომ, სამწუხაროდ, ვერც ერთმა მათგანმა აქტიორული თვალსაზრისით სიახლე ვერ შემოგვთავაზეს, მათ მიერ შექმნილ მხატვრულ სახეებს აკლია სიცხადე და სიმკვეთრე, სამწუხაროდ, არც ტიპაჟებია გამოკვეთილი. რუსთაველის თეატრის არაჩვეულებრივი მსახიობები ამ საათნახევრის განმავლობაში ჩვეულებრივ მსახიობებად იქცნენ. სპექტაკლის მოქმედი გმირები ხშირად ისტერიკაში ვარდებიან, ყვირიან, გარბიან, მაგრამ ბუნდოვანია, რატომ სჩადიან ამას; ვის, რას, რატომ ან სად გაურბიან?

სპექტაკლი შედგება სხვადასხვა რეჟისორთა კუპიურებისაგან, ხერხებიც, რომელთაც ახალგაზრდა რეჟისორი გვთავაზობს, ტრივიალური და უკვე მრავალგზის აპრობირებულია ქართულ თეატრში. სამწუხაროდ, კუპიურებისა და ციტატების შესახებ არაფერია მითითებული სპექტაკლის პროგრამაში. სპექტაკლი რამდენიმეწუთიანი პაუზით იწყება, რომელმაც მე, პირადად, რობერტ სტურუას გენიალური სპექტაკლის “გოდოს მოლოდინში” საექსპოზიციო ნაწილი გამახსენა, როდესაც, თითქოს, რამდენიმეწუთიან პაუზაში სცენაზე არაფერი ხდება, ყველაფერი გაყინულია, მაგრამ მაინც ხდება მნიშვნელოვანი საკვანძო პასაჟები, მაკა ნაცვლიშვილმა კი რობერტ სტურუასაგან ნასესხები ფორმა ვერ განავითარა და იდეას ვერ დაუქვემდებარა. სპექტაკლის საექსპოზიციო ნაწილში დადგმული ხელოვნური პაუზა მაყურებლის მოთმენისუნარიანობაზეა გათვლილი, მაგრამ რისთვის?

მაკა ნაცვლიშვილის სპექტაკლში ციტატებს სხვა უცხოელი რეჟისორების სპექტაკლებიდან ბევრჯერ ვხვდებით. მაგალითად, ფინალში, როცა შემოდიან სცენის დეკორატორ-მემონტაჟეები და იწყებენ დეკორაციის დაშლას, იდეა არაჩვეულებრია და მას უდავოდ აქვს მეტაფორული დატვირთვა სპექტაკლში – ჩვენ თვალწინ ინგრევა პერსონაჟთა სამყარო, დაინგრა ოჯახი, სიყვარული, მომავალი… მსგავსი ფინალი აქვს თანამედროვე გერმანელ რეჟისორს კონსტანცე ლაუტერბაჩს სპექტაკლში “ბერნარდა ალბას სახლი”. იგივე ხერხს იყენებდა ოსტერ მაიერიც. გარდა ამისა, სპექტაკლში გამოყენებულია ქაღალდით დამზადებული სცენის ფონი, რომელიც ორი ოთახის კარს ერთმანეთთან აკავშირებს (მხატვარი ნუცა ჭყონია). ეს თეთრი ფონი ჩრდილების შექმნის საშუალებას იძლევა, რომელიც ვიზუალურად ნამდვილად იძლევა ეფექტს, გარკვეულ მიზანსცენების ორიგინალურ გადაწყვეტაზეც მიუთითებს, მაგრამ ეს ხერხიც ბევრ ქართველ და უცხოელ რეჟისორს ჰქონდა გამოყენებული. სპექტაკლის ბოლოს კი ამ კედელს პერსონაჟები ანგრევენ (ანუ ქაღალდის კედლებს ხევენ). დეკორაცია სადაა და გამორიცხავს სიჭრელეს. მაკა ნაცვლიშვილი თავის თანამოაზრე მხატვართან ნატო ჭყონიასთან ერთად სცენურ სივრცეს კონტრასტის პრინციპებზე აგებს. ნაცრისფერს თეთრს უპირისპირებს. სცენური სივრცის კონტრასტული გადაწყვეტა სპექტაკლის პერსონაჟთა გრძნობათა ბუნებაზე მიუთითებს. დაუდგენელია სპექტაკლის რიტმიც, ის ცვალებადია.

სპექტაკლის ჟანრულ გადაწყვეტას პიესის მისტიკური ხასიათი განსაზღვრავს. ასეთი მისტიკური ეპიზოდი სპექტაკლში არაერთია, პერსონაჟები მუდმივად გადიან რეალურისა და ირეალურის ზღვარზე. რეჟისორი ხშირად მიმართავს კვამლს, სცენა ბურუსითაა მოცული და იქმნება კიდეც მისტიკური გარემო, რომელიც მაყურებელში უფრო გაურკვევლობის და დაბნეულობის განცდას იწვევს, ვიდრე ირეალურ სამყაროში მოგზაურობის, ან თუნდაც– თვალთვალის.

“ქალი წარსულიდან – 2” ზუსტად ის თეატრალური პროდუქტია, როგორც ავთო ვარსიმაშვილის “კავკასიური ცარცის წრე – 2” და გიზო ჟორდანიას “სამგროშიანი ოპერა – 2”, რომლებიც მათ პირველ წყაროებს მხატვრული სიმაღლით ვერ უახლოვდებიან და ნამდვილ სექონდ ჰანდ – ებს წარმაოდგენენ.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი