აფიშახელოვნება

“შალვა ქიქოძე 120” – თბილისში მხატვრის პერსონალური გამოფენა გაიხსნება

22 დეკემბერი, 2015 • 6833
“შალვა ქიქოძე 120” – თბილისში მხატვრის პერსონალური გამოფენა გაიხსნება

25 დეკემბერს, 17:00 საათზე საქართველოს ეროვნული მუზეუმის დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნულ გალერეაში ქართველი მოდერნისტი მხატვრის, შალვა ქიქოძის 120 წლის იუბილესადმი მიძღვნილი გამოფენა და წიგნის “შალვა ქიქოძე 120” პრეზენტაცია გაიმართება. გამოფენა 10 თებერვლამდე გაგრძელდება.

შალვა ქიქოძის პერსონალური გამოფენა ასწლიანი პაუზის შემდეგ პირველად იმართება. გამოფენილ ნამუშევართა უმეტეს ნაწილს ქართული საზოგადოება პირველად დაათვალიერებს. ნამუშევრები წარმოდგენილია საქართველოს ეროვნული მუზეუმისა და კერძო კოლექციებიდან.

შალვა ქიქოძის პერსონალურ გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება მხატვრის 300-მდე ფერწერული და გრაფიკული ნამუშევარი, წიგნის ილუსტრაცია, ქართველ და უცხოელ ხელოვანთა შარჟი, ჩანახატი, პოლიტიკური კარიკატურა, მის მიერ შესრულებული, ახლად მიკვლეული ვიტრაჟის ამსახველი ფოტომასალა, დაკარგული ნამუშევრების სტენდი, მხატვრის ცხოვრების ამსახველი დოკუმენტაცია და საარქივო მასალა.

გამოფენის ორგანიზატორთა განცხადებით, გამოფენა მიზნად ისახავს, საზოგადოებას მაქსიმალურად ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდოს ქართველ ხელოვანზე, რომლის მემკვიდრეობაც მოიცავს არა მარტო მის მხატვრობას, არამედ მის წერილებს თანადროულ ქართულ ხელოვნებასა და მის მომავალზე, პარიზულ და ზოგადად ევროპულ კულტურაზე, საქართველოსა და ევროპის პოლიტიკურ ვითარებაზე.

ექსპოზიციაზე დამთვალიერებელი ასევე იხილავს ამონარიდებს მისი მიმოწერიდან იმდროინდელ ცნობილ და მისთვის ახლობელ ქართველ მოღვაწეებთან, მათ შორის- დიმიტრი შევარდნაძესთან, ვიქტორ ნოზაძესთან, გერონტი ქიქოძესთან და სხვა.

გამოფენის ფარგლებში გაიმართება შალვა ქიქოძის წიგნი-ალბომის „შალვა ქიქოძე 120“ პრეზენტაცია, რომელიც საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით გამოიცა. მონოგრაფიის ავტორები არიან ხელოვნებათმცოდნეები- მაია ციციშვილი და ირინე აბესაძე.

შალვა ქიქოძე 1894/5 წელს დაიბადა სოფელ ბახვში (ოზურგეთის რაიონი). სწავლობდა თბილისის ქართულ სათავადაზნაურო გიმნაზიაში; 1914 წლიდან მოსკოვის უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე; 1916 წლიდან მოსკოვის „ფერწერის, ქანდაკების და ხუროთმოძღვრების სამხატვრო სასწავლებლის“ ფერწერის განყოფილებაზე.

ქიქოძე 1918 წელს დაბრუნდა თბილისში. იგი თანამშრომლობდა სახელოვნებო ჟურნალებთან: „თეატრი და ცხოვრება“, „თეატრი და მუსიკა“, „Искусство“, ასევე, სატირულ-იუმორისტული ჟურნალების, „ეშმაკის მათრახი“ და „ლახტი“ რედაქციებთან. 1919 წელს მონაწილეობდა „ქართველ ხელოვანთა საზოგადოების“ მიერ მოწყობილ ქართველ მხატვართა საგაზაფხულო და საშემოდგომო გამოფენებში.

1920 წელს გაემგზავრა პარიზში, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის სახალხო განათლების სამინისტროს სტიპენდიანტის რანგში. 1921 წელს პარიზის „დამოუკიდებელთა სალონში“ მოეწყო დავით კაკაბაძის, ლადო გუდიაშვილის და შალვა ქიქოძის ნამუშევრების ერთობლივი გამოფენა. იმავე წელს პარიზის „ლა ლიკორნის“ გალერეაში ჩატარდა სამი ქართველი მხატვრის (შ. ქიქოძე, დ. კაკაბაძე, ლ. გუდიაშვილი) ნამუშევრების გამოფენა და გამოიცა კატალოგი. შალვა ქიქოძე სამშობლოში ვეღარ დაბრუნდა. 1921 წელს 27 წლის შალვა ქიქოძე ფრაიბურგში გარდაიცვალა. მხატვრის მეგობრებმა და ნათესავებმა მისი მემკვიდრეობა პარიზიდან სამშობლოში ჩამოტანეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი