ხელოვნება

ჯულიან ბარნსის ახალი რომანი პირველად საქართველოში გამოვა

10 დეკემბერი, 2015 • 3206
ჯულიან ბარნსის ახალი რომანი პირველად საქართველოში გამოვა

ბრიტანელი მწერლის ჯულიან ბარნსის ახალ რომანს „დროის ხმაური“, რომლის გამოცემა ბრიტანეთში 2016 წლის 28 იანვარს არის დაგეგმილი, ქართველი მკითხველი თვენახევრით ადრე გაეცნობა.

ქართულ ენაზე „დროის ხმაურის“ გამომცემელია „დიოგენე“. რომანის ელექტრონული ვერსია უკვე განთავსდა saba.com.ge-ზე, ბეჭდური წიგნი კი რამდენიმე დღეში გახდება ხელმისაწვდომი წიგნის მაღაზიებში.

წიგნის გამომცემელთა თქმით, ჯულიან ბარნსი ერთ-ერთი საუკეთესო თანამედროვე ბრიტანელი მწერალია და როგორც წესი, მისი ყოველი ახალი წიგნი ინგლისურენოვან ლიტერატურულ სამყაროში წლის მოვლენაა.

ბარნსი არაერთი პრესტიჟული ჯილდოს მფლობელია, მათ შორის ბუკერის პრემიის, რომლის ფინალისტიც მწერალი სამგზის იყო, 2011 წელს კი „ბუკერის“ ლაურეატი გახდა, რომანისთვის „დასასრულის განცდა“. „დასასრულის განცდა“, ისევე როგორც მისი ორი რომანი -„ფლობერის თუთიყუში“ და „ინგლისი, ინგლისი“, ნათარგმნია ქართულად. „დასასრულის განცდის“ მიხედვით მალე ფილმსაც გადაიღებენ, რომელშიც მთავარ როლს შარლოტ რემპლინგი შეასრულებს.

ბარნსის ახალი წიგნი „დროის ხმაური“ ბიოგრაფიული რომანია. მისი მთავარი გმირი დიდი რუსი კომპოზიტორი დიმიტრი შოსტაკოვიჩია. სტალინის ეპოქაში ცხოვრება და მისი კვალი ხელოვანზე, რომელიც ცდილობს თავი გადაირჩინოს და შექმნას ღირებული მუსიკა. ავტორიტარული რეჟიმი, რომლისთვისაც ჩალის ფასი აქვს ადამიანის სიცოცხლესაც და შემოქმედებით მისწრაფებასაც, წიგნის გმირს მორალური კომპრომისებისკენ უბიძგებს.

„დროის ხმაური“ ქართულ ენაზე „საბას“ პრემიის ლაურეატმა ზაზა ჭილაძემ და გია ჭუმბურიძემ თარგმნეს. წიგნის რედაქტორი ირმა ტაველიძეა.

მასალების გადაბეჭდვის წესი