კინოხელოვნება

“საახალწლო ზღაპარი” პრემიერისთვის ემზადება

17 დეკემბერი, 2010 • • 1701
“საახალწლო ზღაპარი” პრემიერისთვის ემზადება
პირველი ქართული 3დ ფორმატის ანიმაცია “საახალწლო ზღაპარი” პრემიერისთვის ემზადება. 23 დეკემბერს ზღაპარი კინოეკრანებზე პირველად გამოჩნდება.
90– წუთიანი ანიმაციის სცენარის ავტორი და რეჟისორი შალვა რამიშვილია. ნეტგაზეთთან საუბარში იგი ამბობს, რომ მისთვის ყველაზე მნიშვნელოვანია, თუ როგორ მიიღებს მაყურებელი მის ფილმს. ეს იმდენად მნიშვნელოვანია, რომ ანიმაციური ფილმის ფესტივალზე გაგზავნა და კინოკრიტიკოსთა შეფასებები მეორეხარისხოვნად ეჩვენება.
“ეს ძალიან საინტერესო პროექტია იმ კუთხით, რომ პირველად გაკეთდა 3დ ანიმაცია ქართულად, თან ასეთი ქრონომეტრაჟით”.
საახალწლო ზღაპარში მოქმედება ორ სხვადასხვა დროში ხდება, 2000 წლის წინათ– წარსულში და 22–ე საუკუნეში – მომავალში. მთავარი მოქმედი გმირები ყოვლისშემძლე ნატვრისთვალისთვის იბრძვიან.
“თემა კეთილის და ბოროტის ჭიდილია”,–ამბობს რამიშვილი.
როგორც თითქმის ყველა ზღაპარში, მით უფრო საახლაწლო ზღაპარში, ბოროტზე კეთილი იმარჯვებს.
მიუხედავად იმისა, რომ ანიმაციური ფილმი ზღაპარია, ის მხოლოდ ბავშვებისთვის არ იქნება საინტერესო. შალვა რამიშვილი ამბობს, რომ შეეცადა  ფილმი ყველასთვის საინტერესო გამოსულიყო.
“საახალწლო ზღაპარს” გივი ბერიკაშვილი, გია ბურჯანაძე, ირაკლი ფრანგიშვილი და მათთან ერთად 7 მსახიობი ახმოვანებენ.
მუსიკის ავტორი სალომე კორკოტაშვილია, ფილმის მხატვარი კი –ზაალ სულაკაური.

მასალების გადაბეჭდვის წესი