კინოხელოვნება

კინოფესტივალის მესამე დღე ამერიკული ბლუზისა და ჯაზის თანხლებით

9 დეკემბერი, 2010 • 1211
კინოფესტივალის მესამე დღე ამერიკული ბლუზისა და ჯაზის თანხლებით

ფესტივალის მესამე დღეს საოცარი დასასრული ჰქონდა. ცოტა არ იყოს, უცნაურია დღის აღწერას ბოლოდან რომ ვიწყებ, მაგრამ იმდენად შთამბეჭდავი იყო ცოცხალი (და მერე როგორი) მუსიკის თანხლებით იქვე გახმოვანებული შავ-თეთრი ფილმი, რომ არ შემიძლია ამ ყველაფრის აღწერა ბოლოსთვის შემოვინახო.

კინოთეატრ ამირანის დარბაზი სავსე იყო. სცენის წინ მოთავსებული იყვნენ ამერიკელი მუსიკოსები – ბეთ კასტერი და მისი ბენდი. ბეთ კასტერი კლარნეტისტი და კომპოზიტორია, რომელმაც სპეციალურად დაწერა მუსიკა „ჩემი ბებიასთვის“.

ამერიკული ბლუზისა და ჯაზის, თანამედროვე კლასიკური და ფოლკლორული მელოდიების შერწყმა საოცრად უხდებოდა ფილმს. ზუსტად იყო შერჩეული ყოველი ნოტი – ნაბიჯების ხმა, საათის წიკწიკი, სიცილი და ა.შ.  ბენდთან ერთად ფილმს ახმოვანებდა მსახიობი და რუსთაველის თეატრის დირექტორი ზაალ ჩიქობავაც. მოკლედ, ამ ყველაფერმა ერთად მოლოდინს გადააჭარბა.

მანამდე, მთელი დღის განმავლობაში, კინოთეატრ რუსთაველში სეანსები მიმდინარეობდა. მაყურებელმა ორი საკონკურსო ფილმი იხილა: სერგეი ლოზნიცას „ჩემი ბედნიერება“ და თომაშ ემილ რუძიკის „ხულიგნები საერთო საცხოვრებელში“. ორივე ფილმი თავად რეჟისორებმა წარადგინეს.

სეანსის შემდეგ სერგეი ლოზნიცამ ხალხს საშუალება მისცა, დაესვათ მისთვის კითხვები. ის ვრცლად და გასაგებად პასუხობდა ყველა მათგანს, მაგრამ მაყურებლის უმრავლესობისათვის მაინც ბევრი რამ დარჩა გაურკვეველი. „ჩემი ფილმი არ არის პასუხი, ეს არის კითხვა, რომელმაც უნდა შეგაწუხოთ და დაგაყენოთ სწორ გზაზე პასუხისაკენ“. – თქვა ლოზნიცამ.

მეორე საკონკურსო ფილმი თომაშ ემილ რუძიკმა წარადგინა. „ხულიგნები საერთო საცხოვრებელში“ არის ისტორია ადამიანების შესახებ, რომელთაც სრულიად განსხვავებული ცხოვრება აქვთ და ერთმანეთთან არაფერი აქვთ საერთო, გარდა საცხოვრებლისა. მათი გზები ლიფტში იკვეთება. „ერთხელ შევნიშნე, რომ ადამიანები ლიფტში პატარა ჯგუფებს წარმოქმნიდნენ ერთმანეთისგან. გადავწყვიტე თამაში წამომეწყო. 5 დღის განმავლობაში დილიდან საღამომდე საკმაოდ მაღალი შენობის ლიფტით დავდიოდი. ასე გავიცანი უამრავი საინტერესო ადამიანი და სწორედ აქედან დამებადა იდეა, გადამეღო ფილმი სახლიდან შორს მყოფ უცხოელებზე  გერმანიაში. ფილმში ყველა ისტორია ლიფტითაა დაკავშირებული“ – ამბობს რეჟისორი.  სამწუხაროდ, ლოზნიცას ფილმისგან განსხვავებით,  ამ ფილმზე ცოტა ხალხი იყო, ამის მიზეზი კი ფატიჰ აკინის „soul kitchen“-ის პარალელური ჩვენება გახლდათ.

კონკურსი უფრო და უფრო საინტერესო ხდება. ჟიური, ჯერჯერობით, თავს იკავებს ყველანაირი კომენტარისგან. ასე რომ, დაველოდოთ 11 დეკემბერს და ვნახოთ, ვის ერგება შეცვლილდიზაინიანი პრომეთე. მანამდე კი მაყურებელს ბევრი ძალიან საინტერესო ფილმი ელოდება. 

მასალების გადაბეჭდვის წესი