კინოხელოვნება

”მწვანე”=ნედლი=არაგულგრილი კინო

9 დეკემბერი, 2010 • 1460
”მწვანე”=ნედლი=არაგულგრილი კინო

2 დღის წინ ოჯახური ძალადობის წინააღმდეგ კამპანიისა და ცხელი ხაზის ამუშავების პრეზენტაციაზე ვიყავი, სადაც სარეკლამო კომპანია ”ფორმულა კრეატივის” სამი კლიპი უჩვენეს. ქართული რეკლამისთვის უჩვეულო ლაკონურობა, ზუსტად და ორიგინალურად მოწოდებული მესიჯები – მოკლედ, რეკლამას თავისთავად არ ვერჩი, მაგრამ რაღაც უკმაყოფილებლობის გრძნობა მაინც გამომყვა. ვუსმენდი ”კრეატივის” დირექტორს (თუ სტატუსი არ მეშლება) ლექსო მაჭავარიანს და მახსენდებოდა დაახლოებით ერთი თვის წინ ფეისბუკზე გაჩაღებული ცხარე დისკუსიები ირაკლი ჩარკვიანის ძეგლის დადგმასთან დაკავშირებით. მას, როგორც ამ იდეის ერთ-ერთ ინიციატორს, ბევრი ეკამათებოდა – ქალიც (მათ შორის, მეც) და კაციც – და მიიჩნევდა, რომ ეს ძეგლომანიის ჩვეულებრივი გამოვლინება იყო. საბოლოოდ დისკუსიისგან თავის არიდება ბ.-ნმა ლექსომ მარტივად, ქალების არაკომპეტენტურობაზე გადაბრალებით სცადა – ”სნობი ნაშები ჩემ ვოლზე ნურაფერს დაწერენ, რა”, ”არ შემიძლია ეს ქალები, გუშინ ხელები ფქვილში რომ ჰქონდათ ჩაყოფილი და დღეს ფემინისტები რომ გახდნენ”. ეს ტიპური მაჩოურ-მასკულინური კამათის ფორმაა, რომელიც რაციონალურ არგუმენტაციას სრულიად ირაციონალურ (და ისევ ქალებზე იტყვიან, ირაციონალურები არიანო!) ”დისკურსს” უპირისპირებს – ”ქალი ხარ და რა გელაპარაკო”.

ეს, ალბათ, სწორედ ის პერიოდი იყო, როცა ”ფორმულა კრეატივი” ამ კლიპებზე მუშაობდა – ისე, ზერელედ, კვალიც რომ არ დაუტოვებია…

გუშინწინ დამეზარა ამაზე რაიმეს დაწერა, მაგრამ დღეს ისევ გამახსენდა, თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალის საღამოს სეანსიდან რუსთაველს ფეხით რომ მოვუყვებოდი – მოგეხსენებათ, ამ დროს ფიქრებს სად არ მიყავხარ! მით უმეტეს, რომ მთელი დღე ახალგაზრდა ირანელი რეჟისორის ჰანა მახმალბაფის ფილმით ”მწვანე დღეები” ვიყავი დამუხტული, რომელიც შარშანდელი არჩევნების წინა პერიოდის თეირანს, ცვლილებების იმედით მცხოვრებ და ფრუსტრირებულ ირანელებს გვიჩვენებს. ჰანა მართლაც ახალგაზრდაა – 21 თუ 22 წლის – და არა ქართული გაგებით, როცა 50 წლის ხელოვანს ისევ ახალგაზრდად და პერსპექტიულად მივიჩნევთ. მისი კინოც ჯერ კიდევ ”მწვანეა” – რეჟისორულად დაუხვეწავი, დრამატურგიულად და სტუქტურულად არათანაბარი, სტილისტურად ეკლექტური (ქრონიკისა და დოკუმენტური კადრებიდან ამოვარდნილია პირობითი და ზედმეტად თეატრალური ეპიზოდები), მაგრამ ეს ის შემთხვევაა, როცა ამ ყველაფერს ნაკლებ ყურადღებას აქცევ; როცა არც ცუდი ხარისხის გამოსახულება გიშლის ხელს – მით უმეტეს, რომ პერიოდულად დანისლული თვალებით დანახულს ისედაც ეკარგება სიმკაფიოვე – და არც ცუდი საუნდი – მით უმეტეს, რომ ასევე პერიოდულად ყურებში რაღაც გიგუგუნებს.

ყველაზე შთამბეჭდავ ეპიზოდში კი, როდესაც ფილმის პროტაგონისტი ყოფილ პრეზიდენტ ხათამისთან შესახვედრად უზარმაზარ სტადიონზე შეკრებილ ხალხს მიმართავს – უფრო სწორედ, თავისთვის ჯიუტად იმეორებს სიტყვებს, რომელიც უნდოდა, რომ ექს-პრეზიდენტისთვის ეთქვა – მაყურებელიც თითქოს ისეთივე თავბრუსხვევას განიცდის, როგორც ახალგაზრდა ქალი (შორეული ასოციაციებით კალატოზიშვილიც კი გამახსენა).

ახალგაზრადა რეჟისორის დამოკიდებულება იმის მიმართ, რასაც იღებს ემოციურია, ალბათ, უფრო ზუსტი იქნება – არაგულგრილი და თან დისტანციურიც; ის ცდილობს, გაარკვიოს, რამ გამოიყვანა მწვანით შემოსილი ამდენი ხალხი მუსავის მხარდასაჭერად? რატომ ხდება, რომ ყოველ ოთხ წელიწადში ერთხელ ირანელების დიდი ნაწილი ცვლილებების მოლოდინში ანთებულები იმედგაცრუებულნი და სასოწარკვეთილები აღმოჩნდებიან, თეირანი კი კვლავ ”ცრემლებისა და პოლიციის ქალაქად” რჩება?

ჰანა მახმალბაფი ცნობილი მამის მოხსენ მახმალბაფის ”კინემატოგრაფიული კლანიდან” არის; მახმალბაფის, რომელიც პოლიტიკურად ანგაჟირებულია და მისი ქალიშვილების პოლიტიკურ კინოსაც ხშირად ირონიულად უყურებენ, როგორც მამის საქმიანობის ერთგვარ ტირაჟირებას. არ ვიცი, რამდენად დიდია მათზე ავტორიტეტული მამის გავლენა – იქნებ ესეც მასკულინური კულტურის მორიგი ხერხია, ქალის საქმიანობის ინსპირაციის წყაროდ და მარეგულირებლად ისევ მამა/მამაკაცი წარმოაჩინოს (ანუ ”ქალი ხარ და აბა, რა უნდა გააკეთო”)? ვხედავ მხოლოდ ერთს – ახალგაზრდა, მაგრამ აბსოლუტურად არაინფანტილური რეჟისორის დამოკიდებულებებს, მის ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებზე მეყსეულ და ადეკვატურ რეაქციებს, არასწორხაზოვან ემოციებს…

რამდენი იმედგაცრუება და სასოწარკვეთილება გავიარეთ, ქართული კინო კი ძირითადად უგრძნობია ამის მიმართ; ალბათ, სწორედ იმიტომ, რომ ზერელედ ასახავს – ასახვას იმას, რაც ზედაპირზეა.

P.S. საქართველოში ”შემოქმედებითი კლანებით” ვის გააკვირვებ, მაგრამ ”კლანების” შემოქმედებით ”გაკვირვება” კი არა და არ ხერხდება.

თეო ხატიაშვილი
თეო ხატიაშვილი
თეო ხატიაშვილი არის კინოს კრიტიკოსი

მასალების გადაბეჭდვის წესი