კინოხელოვნება

ჩვეულებრივი ადამიანებისა და სუსას უკუსვლა – კინოფესტივალი,დღე მეორე

8 დეკემბერი, 2010 • • 1928
ჩვეულებრივი ადამიანებისა და სუსას უკუსვლა  – კინოფესტივალი,დღე მეორე

თბილისის მეთერთმეტე საერთაშორისო კინოფესტივალის მეორე დღე დილის 11 საათზე ერთდროულად სამმა ფილმა გახსნა (როგორც წესი, სამი პარალელური ჩვენება მიმდინარეობს). მაყურებელს საშუალება ჰქონდა, აერჩია ერთ-ერთი ფილმი განსხვავებული სექციებიდან: ევროპული ფორუმი, ბრიტანული შოუქეისი, ფრანგული კოლექცია, ქართული პანორამა და საერთაშორისო კონკურსი. არჩევანი დიდი იყო, მაყურებელი – ცოტა. დარბაზები ალაგ-ალაგ იყო შევსებული. ყველაზე მეტი მაყურებელი მაინც საერთაშორისო კონკურსის ფილმებს ჰყავდა.

მთელი დღის განმავლობაში სამი საკონკურსო ფილმის ჩვენება გაიმართა, აქედან ერთ-ერთი ქართველი რეჟისორის, რუსუდან პირველის „სუსა“ იყო.

ფილმი 12 წლის ბიჭზეა, რომელიც არალეგალურ არყის ქარხანაში მუშაობს და ჯიხურების, პატარა კაფეების, მეძავებისა და ლოთების არყით მომარაგება ევალება. 12 წლის სუსა ხან ხელნაკეთი კალეიდოსკოპით, ხანაც ფერადი ბოთლების შუშების საშუალებით ცდილობს დაინახოს სამყარო უფრო ლამაზი და ფერადი. ერთხელაც ბიჭი იგებს, რომ მისი დიდი ხნის უნახავი მამა ბრუნდება და იმედი ეძლევა, რომ ნორმალურ ცხოვრებას დაუბრუნდება, თუმცა მამასთან შეხვედრა მის ცხოვრებაში არაფერს ცვლის.

ფილმის დასასრული მოულოდნელია. ის სწორედ მაშინ მთავრდება, როცა გგონია, რომ კვანძი, რომელიც მთელი 78 წუთის განამვლობაში იკვრებოდა, უნდა გაიხსნას. დასასრული თითქოს ისევ დასაწყისში გაბრუნებს და გამოდის, რომ მთელი ამ დროის განმავლობაში შენ მიერ დასმულ ყველა შეკითხვას უპასუხოდ ტოვებს.

 „სუსას“ გარდა მოეწყო კიდევ ორი საკონკურსო ფილმის ჩვენება: „ჩვეულებრივი ადამიანები“ (რეჟ: ვლადიმირ პერისიჩი) და „უკუსვლა“ ( რეჟ: ანდრეი სტემპოვსკი).

ანდრეი სტემპოვსკიმ თავად წარუდგინა თავისი ფილმი მაყურებელს. „უკუსვლაზე“ მუშაობის დაწყებისას ფილმის პროდიუსერი იყო ქართველი რეჟისორი მიხეილ კალატოზიშვილიც, რომელიც ერთი წლის წინათ მოსკოვში გარდაიცვალა.

„მე და მიშამ ერთად დავიწყეთ ამ ფილმზე მუშაობა. მაშინ ვერავინ წარმოიდგენდა, რომ ეს მისი უკანასკნელი ნამუშევარი იქნებოდა. დღეს ჩემი მღელვარების მიზეზი სწორედ ის არის, რომ ჩემი ფილმი აქ, მიშას ქვეყანაში, უნდა აჩვენონ.“ – თქვა ანდრეი სტემპოვსკიმ.

ფილმი კარგი იყო, ყოველ შემთხვევაში, მაყურებელი ამ სეანსით უფრო კმაყოფილი დარჩა, ვიდრე წინა, საკონკურსო თუ სხვა სექციების ფილმებით.

დილასთან შედარებით, საღამოს ხალხის რაოდენობამ იმატა. ერთმანეთს დაემთხვა ხალხის რაოდენობისა და ფილმების ხარისხის ზრდაც და ბოლოს ამ ორი მაჩვენებლის დაგვირგვინება იყო კინოთეატრ ამირანში გერმანელი რეჟისორის, მიხაელ ჰანეკეს 2009 წლის ფილმი „თეთრი ლენტი“.

თეთრი ლენტი
თეთრი ლენტი

თითქმის მთლიანად შევსებული დარბაზი 144 წუთის შემდეგაც ისევ სავსე იყო.

კინოფესტივალის მეორე დღე შედგა, მიუხედავად ალაგ–ალაგ ცარიელი დარბაზების, სუბტიტრების არევის, შუა ფილმის დროს „აბრდღვიალებული“ კამერებისა და თხოვნის მიუხედავად,  გამოურთავი მობილური ტელეფონებისა (ეს ყევლაფერი ხომ უკვე წვრილმანად იქცა).

დღეს მაყურებელს კიდევ უფრო საინტერესო პროგრამა ელოდება. ფესტივალის მესამე დღეს დაასრულებს კოტე მიქაბერიძის ფილმი „ჩემი ბებია“. ფილმი უხმოა, თუმცა ამირანში მისულ მაყურებელს სიჩუმე არ შეაწუხებს, რადგან სეანსი ცოცხალი მუსიკის თანხლებით გაიმართება. 

მასალების გადაბეჭდვის წესი