ხელოვნება

Game over ანუ ხერხი 7

19 ნოემბერი, 2010 • • 1410
Game over ანუ ხერხი 7

სასწრაფო დახმარების მანქანა კინოთეატრის წინ, ექიმები დარბაზში, ჭიქებში გამზადებული დამამშვიდებლები მაყურებლებისთვის – ეს „ხერხი 7“-ის პრემიერაა კინოთეატრ რუსთაველში.

„ხერხის“ ბოლო, მეშვიდე სერიის გამოსვლას ბევრი საშინელებათა ჟანრის მოყვარული ადამიანი ელოდა. მითუმეტეს, მას შემდეგ, რაც “ხერხმა” აჯობა ისეთ პოპულარულ ფილმებს, როგორებიცაა: „ჰელოუინი“, „საშინელება თელების ქუჩაზე“, „ პარასკევი 13“, და შევიდა გინესის რეკორდების წიგნში, როგორც ყველაზე წარმატებული საშინელებათა სერიალი. და როგორც იქნა, მსოფლიო პრემიერიდან 20 დღის შემდეგ, ფილმმა თავისი სპეცეფექტებითა და 3D აღჭურვილობით თბილისშიც ჩამოაღწია. 

თუ „ხერხის“ პირველი ექვსი სერია არ გინახავს, მეშვიდედან ვერაფერს გაიგებ. ეს ყევლაფერი ერთი დიდი „პაზლია“. ყველაფერი ერთმანეთს უნდა დაუკავშირო, შეადარო, იმსჯელო, რომ ბოლოს მიიღო ერთ მთლიანი სურათი. 
ხერხი I 2004 წელს გამოვიდა და დიდი წარმატება მოიპოვა. ამის შემდეგ მიყოლებით გადაიღეს დანარჩენი 5 სერიაც და ბოლოს, მაყურებელთა ერთი ნაწილის გულის გასახეთქად, ხოლო მეორე ნაწილის სიამოვნების გასაორმაგებლად გამოვიდა ფილმის დასკვნითი, მეშვიდე ნაწილი, რომელიც კრიტიკოსებმა შეაფასეს, როგორც ყველაზე სისხლიანი 3D და ტელე-ეკრანების კუთხეში პატარა რგოლში ჩასმული 16 მიახატეს. 
16 წლამდე ბავშვებისთვის არ არის რეკომენდებული!

შენს ცხვირწინ დაგდებული ადამიანის შინაგანი ორგანოები, შენკენ მომავალი სისხლის წვეთები ან ხერხი, რომელიც შენკენ მოფრინავს და სადაცაა დაგეჯახება, მხოლოდ სპეცეფექტებია და მაყურებელს ადვილად შეუძლია სათვალის მოხსნით დაიხსნას თავი მათგან (რასაც ვერ ვიტყვით ფილმის გმირებზე).
მათთვის, ვისაც ჯერ კიდევ არ უნახავს ხერხის დასკვნითი სერია, ვიტყვი, რომ ელოდებათ მოვლენების უჩვეულო განვითარება და ძალიან ბევრი სიურპრიზი.
და კიდევ, ნუ შეგაშინებთ სასწრაფოს მანქანა, ან ექიმები, შეშფოთებული სახეებით … სინამდვილეში არაფერია ისეთი საშიში. ეს ყველაფერი უბრალოდ PR-ია, რომელიც, რაღა დაგიმალოთ და, საკმაოდ კარგად მოქმედებს. ეგ კია რა, ამ დღეებში, ალბათ, ჭორიც გავრცელდება, ვიღაცას სეანსის დროს გული გაუსკდაო და ბილეთების გაყიდვა მერე ნახეთ. 

მოკლედ, ხერხის ფანებო, ადრენალინის მოყვარულებო, და თქვენ, ვისაც უბრალოდ გიყვართ საშინელებათა ჟანრის ფილმები, არ გამოტოვოთ ბოლო შანსი, გახდეთ ხერხის თამაშების მონაწილენი.
ბოლოს და ბოლოს GAME OVER!

Saw 7

მასალების გადაბეჭდვის წესი