ხელოვნება

Rachelle Farrel, Syndicate – ვნებათაღელვა ფილარმონიის სცენაზე

31 ოქტომბერი, 2010 • • 1321
Rachelle Farrel, Syndicate – ვნებათაღელვა ფილარმონიის სცენაზე

ფესტივალის მესამე და ყველაზე ხალხმრავალმა დღემაც ჩაიარა.

კონცერტი ამერიკულმა ბენდმა „The syndicate” გახსნა.

ეს ჯგუფი 1988 წელს ლეგენდარულმა მუსიკოსმა, ჯო ზავინულმა ჩამოაყალიბა და დაარქვა „Zawinul Syndicate”. ის ამბობდა: „როცა ხარ სინდიკატში, შენ არ ხარ მარტო ბენდში, შენ ხარ ოჯახში.“ მას მერე ჯგუფის შემადგენლობა ბევრჯერ შეიცვალა, მაგრამ მთავარი პრინციპი – „ოჯახის შეგრძნება“ და ამდენი ადამიანის ინდივიდუალიზმის ერთ მუსიკაში მოქცევა– იგივე დარჩა.

ბენდში 7 ადამიანია – Emile Parisien – alto, soprano saxophone; Alegre Corrêa – guitar, vocals; Thierry Eliez – keyboards; Alioune Wade – bass; Paco Sery – drums; Aziz Sahmaoui – percussion, vocals; Jorge Bezerra – percussion. როგორც წესი, 7 მუსიკოსთან ერთად 7 საკრავი უნდა იყოს ხოლმე, მაგრამ გუშინ სცენაზე საკრავების ნამდვილი გამოფენა იყო. 3 დასარტყამი ინსტრუმენტი, 2 სიმებიანი, 2 კლავიშიანი, ბევრი სხვადასხვანაირი „შეიკერი“ და ა.შ.  თუმცა რიო-დეჟანეიროელ პერკუსიონისტს, როგორც ჩანს, ეს არჩევანი არ აკმაყოფილებდა და ნატახტარის ლუდის ქილაც (სხვათაშორის სავსე) „გაასაკრავა.“

ეს ერთმენეთისგან სრულიად განსხვავებული, სხვადასხვა ქვეყნებიდან შეკრებილი მუსიკოსები თავიანთ ფოლკლორულ ელემენტებსაც დებდნენ მუსიკაში და სცენაზე ხან აფრიკული ჰანგები ისმოდა, ხან ბრაზილიური, ხან ძველი ინდოელების საკულტო სიმღერის მაგვარი, ხანაც ეს ყველაფერი ერთად. წესით, მოსასმენად შეუძლებელი არეულობა უნდა ყოფილიყო, მაგრამ სხვადასხვა საკრავის იმპროვიზირებული მუსიკა იმდენად უხდებოდა ერთმანეთს, რომ იმაზე უკეთესს ვერაფერს მოისმენდი.

საოცარი იყო დასარტყამი ინსტრუმენტების დუელი, რომელშიც ბოლოს 3 ნაწილად დაყოფილი და თავ-თავის პარტიებნასწავლი დარბაზიც ჩაერთო ტაშის დაკვრით.

მოკლედ, იქ ისეთი ამბები ხდებოდა, სურვილი გიჩნდებოდა, რამე ჟღარუნა აგეღო ხელში და მათთან ერთად დაგეკრა. იმ საათნახევარში მსმენელიც იმ ოჯახის წევრი გახდა, რომელზეც, ჯგუფის ჩამოყალიბებისას, ზავინული საუბრობდა.

შესვენება საკმაოდ დიდი გამოვიდა და რეიჩელ ფერელის მოლოდინში კიდევ უფრო გაიწელა. როგორც იქნა, ისიც გამოჩნდა თავის ბენდთან ერთად. პირველი, იქვე იმპროვიზირებული სიმღერა საქართველოს, თბილისსა და ქართველებს ეძღვნებოდათ. ამის მერე იმპროვიზაციების მთელი ჯაჭვი გაგრძელდა, რაც გარკვეული მიზეზებით იყო გამოწვეული.

მოკლედ, აი, რა ხდებოდა: რეიჩელს მისთვის მოტანილი ჩაის დალევის დროს სითხე აპარატურაზე დაეღვარა, რის შედეგადაც გიტარა გაითიშა. რა თქმა უნდა, ამ ხარვეზის გამოსწორებას დრო დასჭირდა, მთელი ამ დროის განმავლობაში კი ჩვენ ვისმენდით რეიჩელისა და მისი ბენდის იმპროვიზაციებს. ხარვეზის გამოსწროების შემდეგ ვოკალისტმა სიმღერით მოუხადა ბოდიში თავის გიტარისტს, და როცა, როგორც იქნა, აპატიეს, კონცერტი ჩვეულებრივად გაგრძელდა. თუ, რა თქმა უნდა, შეიძლება ამას ჩვეულებრივი ეწოდოს.

ფერელის სიცილი და კარგი ხასიათი გადამდები აღმოჩნდა. მსმენელი მასთან ერთად მღეროდა, რამაც რეიჩელი გააოცა. მან აღნიშნა კიდეც, რომ ის, რასაც თვითონ გასცემს ხოლმე ხალხისთვის, ახლა ხალხისგან მიიღო.

განუწყვეტელი ტაშის შემდეგ სცენაზე შემობრუნებულმა ბისზე 2 კომპოზიცია შეასრულა. პირველი ეძღვნებოდათ ბავშვებს, რომლებიც სცენასთან ძალიან ახლოს იდგნენ, მეორე კი თავისუფლებასა და საქართველოს. ფერელმა გვიამბო, რომ ეგონა, საქართველო რუსეთის ფედერაციის ნაწილი იყო, რომ სწორედ ასე დაწერა თავის საიტზეც – კონცერტების სიაში, რომ მერე დაურეკეს საქართველოდან და სთხოვეს შეეცვალა ეს ინფორმაცია, და რომ მერე მიხვდა, რა მნიშვნელოვანი იყო ეს ჩვენთვის და სწორედ ამიტომ, სიმღერა „თავისუფლება“ ჩვენ მოგვიძღვნა.

მთელი დარბაზი მღეროდა ბოლო სიმღერის მისამღერს. მერე რეიჩელმა ქართულად და ინგლისურად გადაგვიხადა მადლობა და სცენიდან გავიდა.

მოსაწვევიანმა მსურველებმა ივენთ ჰოლში ქართული “House Band”-ის მოსასმენად გადაინაცვლეს. დანარჩენები კი, ვისაც ან მოსაწვევი არ ჰქონდა, ან უბრალოდ აღარაფრის მოსმენა უნდოდა, სინდიკატისა და რეიჩელის კონცერტის მერე დაიშალნენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი