ხელოვნება

მუსიკა,რომელიც საზღვრებს გასცდა

29 ოქტომბერი, 2010 • • 2022
მუსიკა,რომელიც საზღვრებს გასცდა

მსუბუქად განათებული სცენა, პატარა მაგიდა ზედ ყვავილების თაიგულითა და ბოკლებით წყლისთვის –  ეს ის გარემოა, სადაც, როგორც წესი, დაიანა რივზი უნდა გამოჩნდეს.

ზუსტად ასეთი სიტუაცია იყო გუშინ ფილარმონიის სცენაზე, როცა 2 გრემის მფლობელი ქალბატონი – დაიანა რივზი გამოვიდა და ორ გიტარიტს – რასელ მელოუნსა და რომერო ლუბამბოს შორის დაჯდა.  

ამ სამ მუსიკოსს შორის რომელიმეს სოლო კონცერტიც ძალიან სასიამოვნო მოსასმენი იქნებოდა და წარმოიდგინეთ, როგორი იყო სამივესი ერთად. სამეული სასწაულებს ახდენდა.

გიტარისტებს ერთმანეთში ნამდვილი პაექრობა ჰქონდათ გამართული. დაიანა კი უყურებდა მათ და იცინოდა.

სასწაული იყო ის, რომ თავისი უშუალობით და, რა თქმა უნდა, საოცარი სიმღერით დაიანამ შეძლო ჩვენი, ცოტა არ იყოს და, დაკომპლექსებული საზოგადოების ამღერებაც კი. ყველაფერი მარჯვენა ფეხის რიტმზე აყოლებით დაიწყო, მერე ფეხს თავის რიტმული მოძრაობა მიჰყვა და დარწმუნებული ვარ, უამრავ იქ მყოფ ადამიანს მოუნდა ამდგარიყო და ეცეკვა (ჩემი ჩათვლით).  თან დაცვაც ვერავის შეაჩერებდა, იმიტომ, რომ კონცერტის დასაწყისში დაიანამ ხალხს თვითონ მისცა უფლება, რომ ემღერათ, ეცეკვათ და გამოეხატათ ემოციები ისე, როგორც უნდოდათ. მერე გვიამბო, როგორ ჩამოვიდა, როგორ მოეწონა საქართველო და ქართველები, რომ ერთი სული აქვს, ჩავიდეს და თავის მეგობრებს ჩვენ შესახებ მოუყვეს. ბოლოს გაგვიმხილა, რომ „შოპინგიც“ მოასწრო და შეძენილი საყურეებიც გვაჩვენა. არ ვიცი, მისი ეს ტექსტი ყველა კონცერტზე მეორდება, თუ მართლა მოეწონა აქაურობა, მაგრამ, რაც მთავარია, ამ შესავლით მან ნამდვილად მოიგო მსმენელთა გულები.

ადვილია მოყვე, რა და როგორ ილპარაკა დაიანამ კონცერტზე, მაგრამ ძნელი, და უფრო მეტიც, შეუძლებელია, აღწერო სიმღერა. სცენიდან მოდიოდა ულამაზესი მელოდიები, ელექტრო და აკუსტიკური გიტარების რიტმები და სოლოები, ხმა, რომელიც ოქტავებში ადიოდა და ჩამოდიოდა, იმპროვიზაციები  და, ამ ყველაფერთან ერთად, უზარმაზარი ენერგია და ვნება.

სამწუხაროდ, დრო ისევ ცოტა იყო. ბოლო სიმღერის შემდეგ რივზი, ლუმბამბო და მელოუნი სცენაზე მობრუნდნენ და კიდევ ერთი კომპოზიცია შეასრულეს. დაიანამ მადლობა გადაუხადა მსმენელს, აღნიშნა, რომ ამ სიმღერას  ხალხის თხოვნით ასრულებდა სრულიად უფასოდ და სიმღერ-სიმღერით დაემშვიდობა დარბაზს.

შესვენებაზე ყველა რივზზე ლაპარაკობდა. ქართველი ჯაზ მომღერალი მაია ბარათაშვილიც დიდი შთაბეჭდილების ქვეშ იყო:

„ჩვენ მოვუსმინეთ ძალიან მაღალი კლასის მომღერალს, ანუ აქ აღარ არის, საერთოდ, ლაპარაკი, რომ კარგი მომღერალია. ეს უკვე რაღაც საზღვრებს ცდება.  ყველა რეგისტრში დაიანას ერთნაირად კარგად უჟღერს ხმა. მე პირადად დიდი შთაბეჭდილება მივიღე ამ კონცერტიდან. იცით, საერთოდ, ძალიან რთულია, როცა ვოკალი  მხოლოდ 2 გიტარასთან ერთად გამოდის და  დიდი საშიშროებაა, რომ ეს  უინტერესო იყოს, მაგრამ აქ სამი ვირტუოზი იყო სცენაზე და ამ ადამიანებმა შეძლეს, რომ დარბაზში მუდმივი მაღალ ნოტა და დაძაბულობა შეენარჩუნებინათ.“

შესვენების შემდეგ მაგიდა და ვარდების თაიგული გაქრა და სცენაზე ცნობილი ჯაზ ბენდი The crusaders გამოჩნდა.

1960 წელს ჰიუსტონში ჩამოყალიბებული ბენდი ლოსანჯელესში გაემგზავრა, დაირქვა „The Jazz Crusaders”, კონტრაქტი გააფორმა „Pacific Jazz Records”-თან და სწორედ აქედან დაიწო მათი შემოქმედებითი აღმავლობა. ამის მერე ჯგუფმა ბევრი რამ გადაიტანა, ჩაწერა უამრავი სიმღერა და ალბომი, მერე საერთოდაც  დაიშალა, თუმცა ბოლოს მაინც აღდგა და აი, გუშინ ფილარმონიის სცენაზეც გამოვიდა.

თავდაპირველი შემადგენლობიდან უკრავდნენ ჯო სემპლი-კლავიში და  ვეინ ჰენდერსონი-ტრომბონი. დანარჩენები კი ერნი უოთსი-საქსაფონი, მოიეს ლუკასი – დასარტამი ინსტრუმენტები და რეგი სალივანი – კონტრაბასი ბენდში მოგვიანებით მოსულები არიან.

ენერგიული მუსიკა, ხუმრობები, ჯგუფის ისტორიები და სხვადასხვა ისნტრუმენტების სოლოები ძალიან შთამბეჭდავი იყო. დიდი აპლოდისმენტები დაიმსახურეს „The beatles“-ის  „Eleanor Rigby“-ს  „Crusaders”-ის ვარიანტებმაც.

ყურადღებას განსაკუთრებით იქცევდა ფეხშიშველა „დრამერი“, რომლის სოლომ დარბაზი აღაფრთოვანა და საბოლოოდ მუსიკოსის ჯოხებიც შეიწირა.

ჯვაროსნებმაც, ისევე როგორც რივზმა, არ დაწყვიტეს გული მსმენელს  და მათი თხოვნით ერთი კომპოზიციით მეტი დაუკრეს, ვიდრე ეს დაგეგმილი ჰქონდათ.

მათი გამოსვლა საკმაოდ დიდხანს გაგრძელდა, ამასობაში ჯემ სეიშენის დროც დადგა და ხალხმა (ვისაც სპეციალური მოსაწვევი ჰქონდა) ივენთ ჰოლში გადაინაცვლა, სადაც მათთვის ქართველ შემსრულებელთა ჯგუფი „House Band” უკრავდა.  

დღეს ჯაზ ფესტივალს  კიდევ ერთი ქალი ვოკალისტი Rachelle Ferrell და ჯგუფი The Syndicate გააგრძელებენ. 

ჯაზ ფესტივალი, რომელიც 27 ოქტომბერს დაიწყო, წელს თბილისობის ფარგლებში იმართება. კომპანია ისთერნ ფრომოუშენი ფესტივალს თბილისის მერიისა და საქართველოს კულტურის და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით ატარებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი