კოტე – თანამედროვე ევროპელის კიდევ ერთი წინაპარი საქართველოდან

კოტე, როგორც მას ექსპედიციის წევრებმა შეარქვეს, საქართველოს ტერიტორიაზე აღმოჩენილი ერთ-ერთი უძველესი ადამიანის ნეშტია, რომლის გენის კვლევის შემდეგ ქართველი და უცხოელი მეცნიერების საერთო ჯგუფმა მანამდე უცნობ გენეტიკურ კომპონენტს მიაკვლია. აღმოჩენა ადასტურებს, რომ სამხრეთკავკასიური გენი თანამედროვე ევროპელის გენეტიკური ჯაჭვის ერთ-ერთი მთავარი რგოლია.

ამ დრომდე მეცნიერები თვლიდნენ, რომ ევროპელები სამი პოპულაციის მემკვიდრეები არიან: ადგილობრივი მონადირე-შემგროვებლების, ლევანტიდან გამოსული ნეოლითელი მწარმოებლური მოსახლეობისა და ჩრდ. ევრაზიის, იამნაის მესაქონლე ტომების, თუმცა საქართველოს ტერიტორიაზე აღმოჩენილი ადამიანის გენომის თანმიმდევრობის დადგენის შემდეგ აღმოჩნდა, რომ კავკასიელი მონადირე-შემგროვებლები სრულიად განსხვავებულ, უძველეს შტოს წარმოადგენენ.

 

ისინი აფრიკიდან წამოსული “მოაზროვნე ადამიანის” მემკვიდრეები არიან. რომლებმაც მიგრაცია 2 ტალღად – 45.000 და 25.000 წლის წინ განიცადეს. ამ ორივე ჯგუფის წარმომადგენლები საქართველოს ტერიტორიაზე დასახლდნენ და იზოლირებულად დაახლოებით 15 000 წელი ცხოვრობდნენ. მეცნიერთა თქმით, ეს სწორედ ის ტომები არიან, რომლებიც ევროპაში მოგვიანებით, დაახლოებით მესამე ათასწლეულში გავრცელდნენ. მათ დასავლეთით ექსპანსია იამნაის ტომებთან ერთად კონტინენტალური ყინულის საფარის შემცირების შემდეგ დაიწყეს.

 

მკვლევართა თქმით, სამხრეთკავკასიელი მონადირე-შემგროვებლების გენის გავლენა ჩანს, როგორც ადრებრინჯაოს ხანის მატარებელ ტომებში, ასევე, თანამედროვე კავკასიურ და სამხრეთ აზიის მოსახლეობაზე. ისინი პირველი ტომები იყვნენ, ვინც შემგროვებლობისა და ნადირობის გარდა უკვე წარმოება დაიწყეს.

 

წყალტუბოს მუნიციპალიტეტში არსებული საწურბლის მღვიმის გვიან ზედაპალოლითური 13.300 წლის და ჭიათურის მუნიციპალიტეტის კოტიას კლდის მღვიმის მეზოლითური ხანის 9.700 წლის ადამიანის ჩონჩხები მთავარი საკვლევი ობიექტები იყო.

 

კოტიას კლდის მღვიმის მეზოლითური ხანის 9.700 წლის ადამიანის ჩონჩხი
კოტიას კლდის მღვიმის მეზოლითური ხანის 9.700 წლის ადამიანის ჩონჩხი

 

გარდა იმისა, რომ ადამიანის გენის მსგავსი სახით კვლევა საერთაშორისო მნიშვნელობას ატარებს, ეს საქართველოს ტერიტორიაზე ჩატარებული პირველი არქეოლოგიური გათხრაა, რომლის შედეგადაც მოიპოვეს გენეტიკური ინფორმაცია საქართველოს ქვის ხანის ძეგლებზე.

 

კვლევის შესახებ ვრცელი სტატია ექსპედიციის ხელმძღვანელმა თენგიზ მეშველიანმა, ეროვნული მუზეუმის გენერალურმა დირექტორმა დავით ლორთქიფანიძემ და არქეოლოგმა ნინო ჯაყელმა მოამზადეს. სტატია 1 წლის განმავლობაში გადამოწმდა და ახლა ჟურნალ Nature Communication-ში გამოქვეყნდა. 

 

“ნამარხი მონაცემთა ბაზების არსებობა მნიშვნელოვანია, რომ განვითარდეს მულტიდისციპლინური კვლევები; რომ მოხდეს უკვე არსებული კვლევების ერთმანეთთან დაკავშირებმა და მეცნიერებმა ერთი და იგივე არ აკეთონ. სტატია უნდა გახდეს საწყისი ეტაპი უფრო ფართომასშტაბიანი კვლევებისათვის,” – აცხადებს დავით ლორთქიფანიძე.

 

დნმ-ის შესწავლა რთული პროცესია, რადგან დროთა განმავლობაში ის ქრება, ან იმდენად ზიანდება, რომ შესწავლა აზრს კარგავს. საქართველოს მღვიმეებში შექმნილი კლიმატი კი კარგ პირობებს ქმნის დნმ-ის ნაშთების შესანარჩუნებლად.

პირველი ჩონჩხი, რომელიც ჯერ კიდევ 2004 წელს, კოტიას კლდის არქეოლოგიური გათხრისას აღმოაჩინეს, განსაკუთრებულ დნმ-თან ერთად, მნიშვნელოვან ეთნოგრაფიულ ინფორმაციასაც შეიცავს. “კოტე”, როგორც მას ექსპედიციის წევრებმა შეარქვეს, განსხვაბეული წესითაა დაკრძალული.

 

“როგორც ჩანს, მისი “სულის დასამშვიდებლად” განსხვავებულ წესს მიმართეს. მას ქვით ჩაჩექვილი აქვს თავის ქალა და ფეხის ტერფები. ასევე, გულმკერდში ჩარჭობილი აქვს ცხოველის ნეკნი. ეს არ შეიძლებოდა გამხდარიყო მისი სიკვდილის მიზეზი, ეს მოგვიანებითაა გაკეთებული. რაც ასევე საინტერესო შემთხვევაა. ზუსტად ამ ფორმით დაკრძალული ნეშთი იპოვეს დანიაშიც,” – ამბობს თენგიზ მეშველიანი.

 

კოტიას კლდის მღვიმის მეზოლითური ხანის 9.700 წლის ადამიანის ჩონჩხი
კოტიას კლდის მღვიმის მეზოლითური ხანის 9.700 წლის ადამიანის ჩონჩხი

 

მეცნიერთა განცხადებით, მოკვლევა გრძელდება. ლაბორატორიული კვლევების დახმარებით გამოვლიდნება კიდევ უფრო ზუსტი დეტალები. ამჟამად კვლევებში მონაწილეობას იღებენ გენეტიკოსები დუბლინის ტრინიტი და საუნივერსიტეტო კოლეჯებიდან. ასევე, კემბრიჯის უნივერსიტეტიდან. ქართველი მკვლევრების თქმით, აღმოჩენა ქართული მეცნიერებისათვის დღემდე ჩატარებულ კვლევებს შორის უმნიშვნელოვანესია.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
გუკი გიუნაშვილი