ხელოვნება

რუსული კინოფესტივალი ახალი ფორმატით – “თბილისის ღია კინოფორუმი” 4-8 ნოემბერს გაიმართება

4 ნოემბერი, 2015 • • 1631
რუსული კინოფესტივალი ახალი ფორმატით – “თბილისის ღია კინოფორუმი” 4-8 ნოემბერს გაიმართება

ფესტივალზე 10 ქვეყანა 30 ფილმს წარადგენს. ფილმების უმეტესობა  რამდენიმე ქვეყნის კოპროდუქციაა; მათ შორის 10 დამოუკიდებელი რუსული ფილმია. ნაჩვენები იქნება ერთი ქართველი რეჟისორის, თინათინ ყაჯრიშვილის ფილმი “პატარძლები”. კინოფორუმის პროგრამის გაცნობა ვებ-გვერდზეა შესაძლებელი.

 

ფესტივალის ორგანიზატორები სახელის ცვლილებას ფესტივალის ახალი ფორმატის ჩამოყალიბებას უკავშირებენ. როგორ ისინი ამბობენ, გაფართოებული მასშტაბები ფესტივალის ახალ კონცეფციას მოითხოვდა.

 

“ფორუმის ფორმატი სწორედ იმას გულისხმობს, რომ ფესტივალი უფრო ღია გახდეს, ყოველი ფილმისა და სექციის წარდგენის წინ გაიმართება შეხვედრები და ფილმებზე თავად მათი ავტორები ისაუბრებენ,” – განაცხადა ფესტივალის დირექტორმა მაკო ჯაოშვილმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე.

 

წლევანდელი კინოფესტივალი ეძღვენება გერმანიაში მოღვაწე ტაჯიკი რეჟისორის ბახტიან ხუდოინაზაროვის ხსოვნას, ამიტომ 7 ნოემბერს მაყურებელს მისი ფილმის “ლუნა პაპას” ნახვის საშუალება მიეცემა.  

 

როგორც ფესტივალის ორგანიზატორები აცხადებენ, კინოფესტივალი მათი პირადი სახსრებით ფინანსდება. წელს ფინანსურ მხარდამჭერას ფესტივალს უკვე თბილისის მერიაც გაუწევს.

 

კინოფესტივალის ორგანიზატორებმა ფესტივალის დეტალების გასაცნობად პრესკონფერენცია გამართეს. 04.11.15
კინოფესტივალის ორგანიზატორებმა ფესტივალის დეტალების გასაცნობად პრესკონფერენცია გამართეს. 04.11.15

 

“წინასაარჩევნო პერიოდში დავით ნარმანიას საარჩევნო პროგრამაში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დაპირება იყო თბილისის, როგორც რეგიონის კულტურული ცენტრის სტატუსის შენარჩუნება. ამ კინოფესტივალის კონცეფცია საუკეთესოდ ეთანხმება ამას,” – აცხადებს თბილისის კულტურულ ღონისძიებათა ცენტრის ხელმძღვანელი, გიორგი წერეთელი.

 

წელს ფესტივალზე ცალკე სექცია გამოიყო უკრაინული მოკლემეტრაჟიანი კინოსათვის. თბილისს ამ სექციის წარსადგენად უკრაინის კინოკავშირის ხელმძღავნელი სერგეი ტრიმბაჩი ეწვია, რომელმაც ვრცლად მიმოიხილა უკრაინულ კინემატოფრაფიაში განვითარებული მოვლენები. ტრიმბაჩის თქმით, ვიქტორ იუშენკოს პრეზიდენტობის დროს კინოხელოვნებას ყურადღება არ ექცეოდა, რაც ვიქტორ იანუკოვიჩის გაპრეზიდენტების შემდეგ შეიცვალა.

 

“უკრაინულ კინოს ვიქტორ იანუკოვიჩის შვილი პატრონობდა, ამიტომ ამ პერიოდში საკმაოდ მაღალბიუჯეტიანი ფილმები გადავიღეთ. ასევე, გამოჩნდა რამდენიმე ფილმი, რომლებმაც მსოფლიოს წამყვანი კინოფესტივალები მოიარეს და საკმაო დიდი მოწონებაც დაიმსახურეს,”- ამბობს სერგეი ტრიმბაჩი.

ფესტივალის ფარგლებში კინოჩვენებებთან ერთად რამდენიმე ღონისძიება დაიგეგმა. “კადრს მიღმა”, როგორც მას მაკო მანჯავიძე უწოდებს, ფესტივალს ესტუმრა ფინელი ვილე ჰაპაასოლო. ჰაპასოოლმა საქართველოს შესახებ 4-საათიანი დოკუმენტური ფილმი გადაიღო და დაწერა წიგნი ქართული კულინარიაზე. წიგნი ამჟამად მხოლოდ ფინურ ენაზეა.

 

“წიგნი 1 თვეა რაც გამოვიდა და ფინეთში უკვე 10 000 ეგზემპლარი გაიყიდა. ჩემი ფილმი კი მილიონამდე ადამიანმა ნახა, რაც ფინეთის მოსახლეობის მეხუთედს შეადგენს,” – ამბობს ვილე ჰაპასოოლი.

 

ფესტივალის ორგანიზატორები აცხადებენ, რომ კინოფესტივალი ერების დაახლოების პროცესს ეხმარება:

 

“კინოდიალოგის ფორმატში საუკეთესო საშუალებაა ერების დაახლოებისათვის. იმას ვერ გავექცევით, რომ რუსეთი ჩვენი მეზობელია, თაობები გავიზარდეთ ამ კულტურულ კავშირებზე, ბევრი ქართველი ხელოვანი მეგობრობს იქაურ კინოხელოვანებთან და უფრო მეტიც, თავად იქ მოღვაწეობენ. ეს არ უნდა იყოს შემაფერხებელი, ეს უნდა იყოს კეთილის ნების გამოხატვა და ის ხელს უნდა უწყობდეს დაპირისპირებულ მხარეთა შორის სიტუაციის დათბობას,” – აცხადებს მაკო ჯაოშვილი.

 

ბილეთების ფასი 3 ლარია, სტუდენტებს კი კინოსეანსებზე დასწრება უფასოდ შეეძელებათ.

 

დასკვნით ღონისძიებაზე კინემატოგრაფიაში შეტანილი წვლილისათვის გაიცემა სოფიკო ჭიაურელის სახელობის ჯილდო.

 

“თბილისის ღია კინოფორუმის” (TOFF) ორგანიზატორები არიან ხელოვნებისა და კულტურათაშორისი დიალოგის საერთაშორისო ფონდი და საპროდიუსერო ცენტრი “კინოპროცესი”.

მასალების გადაბეჭდვის წესი