”სეზონი” პრემიერისთვის ემზადება

28 ოქტომბერს სრულმეტრაჟიანი ქართული მისტიკური დრამა ”სეზონი” თბილისის კინოთეატრების ეკრანებზე გამოვა. ახალი ქართული ფილმი მაყურებელთან და კრიტიკასთან შესახვედრად ემზადება. რეჟისორი დათო ბორჩხაძე ამბობს, რომ ფილმთან დაკავშირებით დიდი გეგმები აქვთ. სურთ, ”სეზონი” სხვა ქვეყნებში გაიტანონ და ფესტივალებზეც გაუშვან.

28 ოქტომბერს სრულმეტრაჟიანი ქართული მისტიკური დრამა ”სეზონი” თბილისის კინოთეატრების ეკრანებზე გამოვა.

ახალი ქართული ფილმი მაყურებელთან და კრიტიკასთან შესახვედრად ემზადება. რეჟისორი დათო ბორჩხაძე ამბობს, რომ ფილმთან დაკავშირებით დიდი გეგმები აქვთ. სურთ, ”სეზონი” სხვა ქვეყნებში გაიტანონ და ფესტივალებზეც გაუშვან.

ფილმის გადაღება 2009 წლის სექტემბერში ბათუმში დაიწყო. ”სეზონის” ბიუჯეტი, როგორც რეჟისორი ამბობს, 1 მილიონი ლარია. გადაღებები 45 დღის მანძილზე მიმდინარეობდა, თუმცა მანამდე გადამღებმა ჯგუფმა ქასთინგების სერია გაიარა, რომლის მიზანი მათთვის საჭირო ტიპაჟების პოვნა იყო.

”თითქმის მთელი თბილისი მოვიყვანეთ ქასთინგზე, საბოლოოდ არც ერთი პროფესიონალი მსახიობი არ არის ფილმში, ერთის გარდა, რომელიც თეატრალური ინსტიტუტის სტუდენტია”,-ამბობს რეჟისორი.

რატი ბაქრაძე, ჯეჯი სხირტლაძე, ნიკა ბახტაძე, რეზი გოგეშვილი, ლიკა ქორქია, სალომე ბეზარაშვილი, თიკო დალაქიშვილი – ის არაპროფესიონალი მსახიობები არიან, რომლებიც ფილმში მთავარ როლებს ასრულებენ.

რამდენიმე თვის წინათ ინტერნეტში ”სეზონის” დემო ვერსია გავრცელდა, რომელსაც მუსიკალურ ფონად ცნობილი სიმღერები (მაგალითად მომღერალ უილ სმიტის სიმღერა და სხვ.) ჰქონდა დადებული. თუმცა, როგორც  ჩვენთან საუბარში რეჟისორი აცხადებს, ”სეზონს” თავისი მუსიკა ექნება. დავით ევგენიძემ სპეციალურად ფილმისთვის  მუსიკა შექმნა.

ფილმის სცენარის ავტორი მწერალი გურამ მეგრელიშვილია. მას –ფსევდონიმით ზემხა–  მოთხრობების რამდენიმე კრებული აქვს გამოქვეყნებული. მათ შორის ერთ-ერთით 2009 წლის ლიტერატურული პრემია საბას ნომინანტიც გახდა.

ზემხა ამბობს, რომ ფილმის სცენარი მსოფლიო კინოსთვის არ არის ნოვაცია, თუმცა ქართული რეალობისთვის მისი თემა ახალია.

”მე შევეცადე, რომ ისეთი დეტალები ჩამედო, რაც იქნებოდა ახალი და არა უკვე გამოყენებული, – ამბობს მწერალი ნეტგაზეთთან საუბრისას.

ფილმი  მისტიკურ ისტორიას მოგვითხრობს, რომელიც მეგობრებს ბათუმში გადახდებათ. ხმაურიან ბათუმში ჩასულ მეგობრებს მეორე დილით ცარიელი ქალაქი დახდებათ.

თუ როგორ გრძელდება ისტორია, უკვე პრემიერის დღეს გახდება ცნობილი.

”სეზონს” რამდენიმე პროდიუსერი ყავდა– თეზო გობეჩია და კო პროდიუსერი დიმა ჩიქოვანი.

როგორც რეჟისორი ამბობს, ფილმის ტრეილერი ინტერნეტით მალე გავრცელდა. ამ დროისთვის ”სეზონის” ტრეილერი გახმოვანების პროცესშია.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
თამარ ჩხეიძე