ხელოვნება

ფესტივალი ნუკრიანში

4 ოქტომბერი, 2010 • 1736
ფესტივალი ნუკრიანში

2 ოქტომბერს სიღნაღის რაიონის სოფ. ნუკრიანში  „ხალხური რეწვის, კულინარიისა და შემოქმედების ფესტივალი – ნუკრიანი 2010“  ჩატარდა.  ფესტივალი წელს უკვე მეორედ გაიმართა და მისი ორგანიზატორია „კავკასიური სახლი“ და სათემო კავშირი „ნუკრიანი“.

ორგანიზატორების თქმით, „ფესტივალის მიზანია კახეთის რეგიონის შემოქმედებითი პოტენციალის წარმოჩენა და პოპულარიზაცია, კახეთის ტურისტული განვითარების მხარდაჭერა და სოფლის ცხოვრების გამრავალფეროვნება“. შარშანდელისგან განსხვავებით, წელს ღონისძიებაში კახეთის თითქმის ყველა მუნიციპალიტეტის წარმომადგენელმა მიიღო მონაწილეობა. ფესტივალის  სპონსორები იყვნენ ფონდი „ღია საზოგადოება-საქართველო“ და Diakonisches Werk der EKD, BfdW, Deutschland.

თბილისიდან ჩასულ ასამდე სტუმარს ნუკრიანის პირველი საჯარო სკოლის სტადიონზე ხალხმრავლობა დახვდა. სცენა და პავილიონები უკვე აწყობილი იყო, ხელნაკეთი ნივთები და სურსათი – გამოფენილი.  თითოეული პავილიონი ერთი კონკრეტული მუნიციპალიტეტისა და სახელოსნოს ნაწარმს ეთმობოდა. ნუკრიანის სახელესნოების პავილიონში  გამოფენილი იყო თექისგან დამზადებული სათამაშოები, თმის სამაგრები, ფერად-ფერადი დეკორატიული ყვავილები, ფარდაგები, ჩანთები, ასევე, ნაქსოვი წინდები, ქუდები  და ა.შ.  ნუკრიანის თექის, მინანქრისა და ქვილთის სახელოსნოები რამდენიმე წლის წინათ „კავკასიური სახლის“ დახმარებით გაიხსნა. ნუკრიანელმა ქალებმა ხელსაქმე ადვილად შეისწავლეს და უკვე წლებია, საქმიანობას დამოუკიდებლად აგრძელებენ. დიასახლისებს ოჯახში შემოსავლის დამატებითი  წყაროც გაუჩნდათ.

ერთ-ერთ პავილიონში საკუთარი სახელოსნოს ნამუშევრები  ლილი მურთაზაშვილს ჰქონდა გამოფენილი. მან რამდენიმე წლის წინათ გაიმარჯვა პროექტში „იდეა, ფული და ერთი შანსი“, რის შემდეგაც საკუთარ სახლში, ახმეტის რაიონის სოფელ ალვანში, „ფარდაგის სახლი“ გახსნა. მას დღემდე აფინასნებენ ბიზნესმენები ოსმან თურანი და პაატა კურტანიძე.  „ფარდაგის სახლს“ ფესტივალზე  ნატურალური მატყლისგან დამზადებული ფარდაგები, ქუდები, წინდები და ა.შ. ჰქონდა გამოტანილი.

ლილი მურთაზაშვილის თქმით, მისი მიზანი  ძველი, ტრადიციული ფარდაგის ორნამენტების აღდგენა და ბუნებრივი საღებავებით შეღებვა იყო. „ქართულ მატყლს  განსხვავებული აგებულება აქვს, იგი ღრუ–ღეროიანია და კარგად იღებება. ასევე, კურნავს ოცზე მეტ დაავადებას“ – ამბობს „ფარდაგის სახლის’ დამფუძნებელი. ამ სახელოსნოში 70-მდე ადამიანია დასაქმებული. პროდუქციას ყიდის როგორც უცხოელ ტურისტებზე, ისე – ადგილობრივებზე. ნაწარმის დიდი ნაწილი საზღვარგარეთ გააქვს. მისი ნამუშევრების მაქსიმალური ფასი 1500 ევროა. ლილი მურთაზაშვილმა პირველად მიიღო ნუკრიანის ფესტივალში მონაწილეობა  და ამის გაკეთებას მომავალ წელსაც აპირებს.   

თექის ნამუშევრების გარდა, პავილიონებში გამოფენილი იყო მინანქრისგან დამზადებული სუვენირები, სამკაულები, თიხის ჭურჭელი, ადგილობრივი მხატვრების მიერ შესრულებული ნახატები, ასევე, ხალხური საკრავები და სხვ. მიუხედავად ამისა, ფესტივალის სტუმრების ყურადღება და დიდი ინტერესი იმ ფაცხებისკენ იყო მიმართული, სადაც ტრადიციული, ქართული კერძები იყო გამოფენილი.  ხინკალი, მწვადი, შოთის პურები, თათარა – ყველაფერი სტუმრების თვალწინ მზადდებოდა. ნებისმიერ მსურველს შეეძლო, საკუთარი ხელით ამოევლო ჩურჩხელა. იქვე ხდიდნენ არაყს, იყიდებოდა კახური ღვინო.  ქეიფის მოყვარულთათვის სტადიონის ერთ მხარეს მაგიდა და სკამები სახელდახელოდ იყო გაშლილი. იქვე მოწყობილ აგრობაზარში კი ადგილობრივებს გასაყიდად ჰქონდათ გამოტანილი ჩურჩხელები, ყურძენი, თხილი, კაკალი, კახური ზეთი, ვაშლი, ჩირი, ლეღვი და სოფლის სხვადასხვა ნაწარმი. ჩვენი ყურადღება ტიბაანის ყველის ქარხნის პავილიონმა მიიქცია.  უკვე წლებია ამ ქარხანაში, ფრანგული ტექნოლოგიითა და ქართული რძით, სხვადასხვა სახეობის ყველს ამზადებენ და დიდ სუპერმარკეტებში ყიდიან.  

ძველებური, ქართული მარცვლეული კულტურების თესლი ჰქონდა გასაყიდად გამოტანილი ბიოლოგიურ მეურნეობათა ასოციაცია „ელკანას“.  შარშანდელისგან განსხვავებით, არ ყოფილა ძველი, ქართული კერძების დეგუსტაცია.

კონცერტის დაწყებამდე სტადიონის ერთ კუთხეში მცირე სანახაობა გაიმართა. აქ პატარა ფალავნები ერთმანეთს დაეჭიდნენ. ბავშვები ერთმანეთს ფალავნობაში დიდი მონდომებით ეპაექრებოდნენ.  თითოეულ მოჭიდავეს მეგობრები შეძახილებით ამხნევებდნენ.

ფესტივალზე მრავლად იყვნენ ფოტო-ვიდეო კამერებით აღჭურვილი უცხოელი ტურისტები. შუადღის პირველი საათისთვის სპეციალურად მოწყობილ სცენაზე კონცერტი დაიწყო. აქ ერთმანეთს ცვლიდნენ ფოლკლორული ანსამბლები კახეთის სხვადასხვა მუნიციპალიტეტებიდან. სანახაობის კულმინაცია კი ძველი, ქართული საბრძოლო ხელოვნების ოსტატების წარმოდგენა იყო. ფარებით, ხანჯლებითა და შუბებით შეიარაღებულმა ბიჭებმა სცენაზე ნამდვილი ცეცხლი დაანთეს. შესაბამისად, მიიღეს აღფრთოვანებული აუდიტორიის ოვაციები.  

ფესტივალი საღამოს 6 საათამდე გაგრძელდა, ქეიფი კი – უფრო გვიანობამდე. ორგანიზატორებმა პირობა დადეს, რომ ფესტივალი ნუკრიანში მომავალ წელსაც აუცილებლად ჩატარდება.  

მასალების გადაბეჭდვის წესი