ხელოვნება

თბილისს ბერლინალეს დირექტორი ეწვია

12 ოქტომბერი, 2015 • • 1042
თბილისს ბერლინალეს დირექტორი ეწვია

ეს კოსლიკის პირველი ვიზიტია საქართველოში. გერმანელი სტუმრის  ვიზიტი თბილისში მხოლოდ 2 დღეს გაგრძელდება. ნიკოლაი ნიკიტინი კი კიდევ 3 დღის განმავლობაში დარჩება და  ფესტივალისთვის  შესარჩევად ახალ ქართულ ფილმებს ნახავს. 

 

“დიტერ კოსლიკი დღეს ევროპული კინოს ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ფიგურაა. ის ბერლინალეს დირექტორის პოსტზე 2001 წლიდან არის”, – ნათქვამია პრესრელიზში, რომელსაც საქართველოს კინოცენტრი ავრცელებს. 

 

ბოლო წლების განმავლობაში ეროვნული კინოცენტრი ბერლინალესთან მჭიდროდ თანამშრომლობს. 2013 და 2014 წლებში ბერლინალეს  სხვადასხვა პრესტიჟულ პროგრამაში (პანორამა, ფორუმი) ორ-ორი ქართული ფილმი მონაწილეობდა. 

 

2013 წელს, პირველად დიდი პაუზის შემდეგ, ბერლინალეზე, „ფორუმში“, მოხვდა 2 ქართული ფილმი: ნანა ექვთიმიშვილის და სიმონ გროსის „გრძელი ნათელი დღეები“  და ზაზა რუსაძის „ჩემი საბნის ნაკეცი“, „პანორამაში“.  „გრძელი ნათელი დღეები“ შარშან არტჰაუს კინოთეატრების სპეციალური პრიზითაც დაჯილდოვდა.  ქართულ ფილმებს ბერლინში დიდი წარმატება ხვდა წილად. 2014 წელს კი ამავე სექციებში მოხვდა  „შემთხვევითი პაემნები“ (ლევან კოღუაშვილი) და „პატარძლები“ (თინათინ ყაჯრიშვილი).

 

ბერლინალეს ისტორიის მანძილზე ფესტივალზე სულ 15-მდე  ქართულ ფილმს მიუღია მონაწილეობა. პირველად, 1986 წელს გიორგი შენგელაიას „ახალგაზრდა კომპოზიტორის მოგზაურობა“ იყო მთავარი საკონკურსო პროგრამის მონაწილე და ვერცხლის დათვიც მოიპოვა. შემდეგ, 1992 წელს, მიხეილ კალატოზიშვილის „რჩეული“, 1993 წელს კი თემურ ბაბლუანის „უძინართა მზე“, რომელიც ასევე საუკეთესო რეჟისურისთვის ვერცხლის დათვით დაჯილდოვდა. ელდარ შენგელაიას “ცისფერი მთების” პირველი საერთაშორისო ჩვენება 1986 წელს სწორედ ბერლინის კინოფესტივალის პროგრამა “პანორამაში” შედგა. 

 

ეროვნული კინოცენტრი  ბერლინის საერთაშორისო კინოფესტივალთან უკვე 10  წელია აქტიურად თანამშრომლობს. ფესტივალის წარმომადგენლები კინოცენტრის მოწვევით ოფიციალური ვიზიტით 2011–2012 წლებში თბილისშიც იმყოფებოდნენ. მიზანი ახალი ქართული კინოპროდუქციის გაცნობა იყო. 

 

ფესტივალის არაოფიციალურ პროგრამა “ჯენერეიშენში” ეროვნული კინოცენტრის მიერ დაფინანსებული ფილმები – 2009 წელს, გიორგი ოვაშვილის „გაღმა ნაპირი“ და 2010 წელს, რუსუდან პირველის „სუსა“ აჩვენეს.

დიტერ კოსლიკი
დიტერ კოსლიკი

მასალების გადაბეჭდვის წესი