ხელოვნება

ქაღალდის გემი, გემის კაპიტნის საყვარელი და სხვა დანარჩენი

24 სექტემბერი, 2010 • 1976
ქაღალდის გემი, გემის კაპიტნის საყვარელი  და სხვა დანარჩენი

ბოლო ორი კვირაა სამხატვრო აკადემიის სტუდენტები უკვე გამოუსადეგარი ქაღალდების, ფანქრების, დისკების და პლასტმასის ბოთლებისგან,  ერთი სიტყვით, ,,ნაგვისგან“ (როგორც სტუდენტები უწოდებენ) სხვადასხვა ნივთებს ქმნიან.

 ბრიტანეთის საბჭოს მხარდაჭერით, საქართველოში ბრიტანელი ხელოვანი კლერ მიტენი ორკვირიანი უორკშოპით ჩამოვიდა. უორკშოპის ფარგლებში  მიტენი სამხატვრო აკადემიის სტუდენტებს ასწავლიდა, თუ როგორ შეიძლება, გამოუსადეგარი საკანცელარიო ( და არამარტო) ნივთებისგან შეიქმნას ტექნოლოგიური ინოვაციების მოჩვენებითი სამყარო.

 საქართველოში ჩამოსვლამდე კლერ მიტენი ანალოგიური პროექტით ბანგლადეშში იმყოფებოდა 2008 წელს. მიმდინარე წლის ნოემბერში კი აზერბაიჯანელ სტუდენტებს ეწვევა.

 კლერ მიტენი, სტუდენტები და კლერის თარჯიმანი 13 სექტემბრიდან ერთად ქმნიან ნივთებს. იდეები მუშაობის პროცესში მოდის, წინასწარ არაფერს გეგმავენ რა გააკეთონ.

 ასე შეიქმნა ”რადიო” გაზეთებით, მუყაოთი და ნაჭრის ბაფთებით; ”მედუზა” -პოლიეთილენის პარკებით და პლასტმასის ბოთლებით; ”გემის კაპიტნის საყვარელი” – ბოთლებით, ყავის ელექტრო სადუღარით და  მწებავი ლენტით ანუ ,,სკოჩით“; მიკროსქემებით აწყობილი ვირი და კიდევ უამრავი ნივთი. 

 ყველაზე მასშტაბური კი ქაღალდის გემია, რომელსაც ერთი მთლიანი ოთახი უკავია და  რომელზეც 4 დღე მუშაობდნენ ერთობლივად. როგორც სტუდენტები ამბობენ, თავიდან უბრალოდ დაიწყეს მილებივით დახვეული ფორმატების ერთმანეთზე მიწებება, მერე გემს მიამსგავსეს და ღუზა და ჯაჭვებიც გაუკეთეს. ნაწილებად დაშლილი  ქაღალდის გემი აკადემიის სტუდიაშია და გამოფენას ელოდება.

პლასტმასის ბოთლებით შექმნილი ,,გემის კაპიტნის საყვარელიც“ გამოფენისთის ემზადება. როგორც ამ ნამუშევრის ავტორი ამბობს, იდეა თამაშ-თამაშში წარმოიშვა, როცა სტუდენტები ზოგადად ქალზე საუბრობდნენ. თეომ წარმოიდგინა, ქალი ზის ბაღში სკამზე და სიგარეტს ეწევა. ეს ქალი კი, არც მეტი არც ნაკლები, გემის კაპიტნის საყვარელია. პლასტმასის ბოთლებით კი იმიტომ ააწყვეს, რომ სტუდიაში, უბრალოდ, სულ ეს მასალა იყო. სტუდენტები ამბობენ, რომ პლასტმასს სხვა დატვირთვა არა აქვს.

გამოფენა კი 6 ოქტომბერს გუდიაშვილის სკვერში რესტორან პურ-პურის წინ გაიმართება. სწორედ აქ  დაელოდება თავის კლიენტებს პლასტმასის ბოთლებით აწყობილი მსუბუქი ყოფაქცევის ქალი. როგორც კლერი და სტუდენტები ამბობენ, გუდიაშვილის  ბაღში სკამზე დასვამენ და სიგარეტს მისცემენ, კლიენტების მოლოდინში რომ არ მოიწყინოს. გამოფენა არტისტერიუმის – თანამედროვე ხელოვნების მესამე საერთაშორისო ფესტივალის ფარგლებში იმართება.

 პროექტის ხელმძღვანელი კლერ მიტენი გამოფენას ვერ დაესწრება, რადგან ხვალ უკვე დიდ ბრიტანეთში ბრუნდება.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი