კინოხელოვნება

ბათუმში საავტორო კინოს ფესტივალი იწყება

12 სექტემბერი, 2010 • 1558
ბათუმში საავტორო კინოს ფესტივალი იწყება

საავტორო კინოს ბათუმის მეხუთე საერთაშორისო ფესტივალი დღეს ირანული ფილმით, „დამოწმებული ასლი“ გაიხსნება. ფილმის რეჟისორი, ირანული კინოს „ახალი ტალღის“ ყველაზე ცნობილი ფიგურა, აბას ქიაროსთამი ბათუმის საავტორო კინოფესტივალს თავადაც ესწრება. ეს ირანელი რეჟისორის პირველი ვიზიტია საქართველოში, თუმცა ქიაროსთამი წლევანდელი კინოფესტივალის ერთ-ერთი და არა ერთადერთი საპატიო სტუმარი იქნება. ბათუმის კინოფესტივალის ჟიურის ზბიგნევ რიბჩინსკი, ცნობილი პოლონელი რეჟისორი და ვიდეოარტის ერთ-ერთი ფუძემდებელი უხელმძღვანელებს. ფესტივალზე ელოდებიან  ოთარ იოსელიანს, რომელიც 80-იანი წლებიდან მოყოლებული საფრანგეთში ცხოვრობს. იოსელიანის ახალი სურათი, „შანტრაპა“ კინოფესტივალს 19 სექტემბერს დახურავს.  ცნობილი რეჟისორის ახალ ფილმს საქართველოში პირველად სწორედ ბათუმის საავტორო კინოფესტივალზე აჩვენებენ.

ბათუმის საავტორო კინოფესტივალი ერთ კვირას გრძელდება. ამ ხნის მანძილზე მაყურებელს საკმაოდ დიდი არჩევანი ექნება, ძირითად პროგრამაში 50-მდე მხატვრული და დოკუმენტური ფილმი იქნება ნაჩვენები, ხოლო ახალგაზრდული და მოკლემეტრაჟიანი ფილმების სექციაში მაყურებელი 30-მდე ფილმს ნახავს. გარდა ამისა, გოეთეს ინსტიტუტი უკვე მეორედ წარმოადგენს ფესტივალზე გერმანულ კინოს, სექციაში „შეხვედრა ჟიურისთან“ ჟიურის წევრთა ფილმები იქნება წარმოდგენილი, ხოლო „აბრეშუმის გზის ქვეყნების“ სექცია წელს, ძირითადად, ირანულ კინემატოგრაფს წარმოადგენს. გაიმართება აბას ქიაროსთამისა და ზბიგნევ რიბჩინსკის ფილმების რეტროსპექტივა.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი