ხელოვნება

წაკითხვისთანავე დაწვი

25 აგვისტო, 2010 • • 3314
წაკითხვისთანავე დაწვი
გასულ წელს საკუთარი ჯანმრთელობის ფასად პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის თანამშრომლებმა ძალისხმევა არ დაიშურეს, რომ ყოფილი მარქსიზმ-ლენინიზმის ინსტიტუტის ბიბლიოთეკის „განსაკუთრებული ფონდი“, რარიტეტული ფონდი და ძვირფასი პერიოდიკა განადგურებისგან ეხსნათ. დღეს ძნელია იმის დადგენა, თუ რამდენი წიგნი და პერიოდული გამოცემა დაბინავდა სხვადასხვა დაწესებულებში იმელის ბიბლიოთეკის უმდიდრესი კოლექციიდან, რომელიც 370 ათასზე მეტ წიგნს და კიდევ უფრო მეტ ჟურნალ-გაზეთს მოიცავდა, რამდენი დაიკარგა ან განადგურდა. ცხადი მხოლოდ სახელმწიფოს პოლიტიკაა ქვეყნის ისტორიასთან და კულტურულ მემკვიდრეობასთან მიმართებაში. ვინ არიან კულტურული მემკვიდრეობის უფრო დიდი მძარცველები – ადამიანები, რომლებსაც ორი ათასზე მეტი წიგნის მოპარვა ედებათ ბრალად, თუ სახელმწიფო, რომელმაც არაფერი გააკეთა, რომ ბრალდებულებს ასეთი ქმედების განხორციელებისთვის  შესაძლებლობა არ ჰქონოდათ? 

1996 წელს მიღებულ კანონში საბიბლიოთეკო საქმის შესახებ წერია, რომ სახელმწიფო უზრუნველყოფს ბიბლიოთეკების მატერიალურ-ტექნიკური ბაზის დაცვასა და ხელშეუხებლობას, ასევე ბიბლიოთეკის კულტურულ ფასეულობათა შენარჩუნებას, გამდიდრებას, რეგისტრაციასა და მათი საგანგებო რეჟიმით დაცვის კონტროლს. 37–ე მუხლში კი, რომელიც განსაკუთრებული მნიშვნელობის საბიბლიოთეკო დოკუმენტების დაცვას ეხება, ვკითხულობთ: იმ ბიბლიოთეკის ლიკვიდაცია, რომელიც ისტორიისა და კულტურის ძეგლებად რეგისტრირებულ ფონდებს ფლობს, დასაშვებია მხოლოდ ისტორიისა და კულტურის ძეგლთა დაცვის სახელმწიფო ორგანოს ნებართვით ამ ფონდების შემდგომი დაცვისა და სარგებლობის უზრუნველსაყოფად.

შედიოდა თუ არა  მოსკოვის მარქსიზმ–ლენინიზმის ქართული ფილიალის ბიბლიოთეკა საქართველოს კულტურულ ფასეულობათა ნუსხაში, რომელშიც საბიბლიოთეკო ფონდების განსაკუთრებული მნიშვნელობის ფასეულობები ფიქსირდება, გაურკვეველია. ისევე, როგორც ასეთი სახის ნუსხაში რომელიმე ქართული ბიბლიოთეკის არსებობა. საერთოდ, ფაქტებით, მით უფრო, უტყუარი ფაქტებით საუბარი საჯარო დაწესებულებების მხრიდან, ინფორმაციული ვაკუუმის შექმნის მცდელობის პირობებში, ქართული მედიისთვის რთულია. სამაგიეროდ, ცხადია ის, რომ იმელის შენობაში მართლაც იყო უნიკალური წიგნებით და პერიოდული გამოცემებით დაკომპლექტებული საცავი, ისევე, როგორც  პარტიული არქივი, რომელიც დღეს ნახევრად დანგრეულ შენობაში აღარ არის.

შარშანდელი წლიდან მოყოლებული შენობასთან რამდენიმე საპროტესტო აქცია გაიმართა. აქციის მონაწილეთა მთავარი მოთხოვნა არქიტექტორ ალექსეი შუსევის ნაგებობის ხელშეუხებლობა იყო, რომელიც ჯერ კიდევ 2007 წელს, იმელის გაყიდვამდე ერთი კვირით ადრე, კულტურული ძეგლის სტატუსს ატარებდა. მომიტინგეები მაშინ ნაკლებად საუბრობდნენ შენობაში არსებული პარტიული არქივისა და ბიბლიოთეკის შესახებ და მთავარ აქცენტს შენობის შენარჩუნებაზე აკეთებდნენ.

გასული საუკუნის 30–იანი წლებიდან მოყოლებული ბიბლიოთეკა აგროვებდა ყველაფერს, რაც პარტიის ისტორიის კვლევას საჭირდებოდა. ეს იყო საბჭოთა ლიტერატურა, პარტიული პრესა, ასევე წინა საუკუნეების რარიტეტული გამოცემები, ფაშისტური ლიტერატურაც კი, 1918-1921 წლების და მე–11 და მე–12 არმიების აქამდე ხელმიუწვდომელი საველე გაზეთები თბილისის აღების აღწერილობით. როგორც პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი ლევან თაქთაქიშვილი ამბობს, წიგნების ფონდის კოლექციაზე უფრო ძვირფასი პერიოდიკის კოლექცია იყო.

იმელის ბიბლიოთეკაში აკრძალული ლიტერატურა და პერიოდიკა სრული სახით, კუპიურების გარეშე იყო დაცული. თუკი საჯარო ბიბლიოთეკის ჟურნალ–გაზეთების ნაწილში, იდეოლოგიური მოსაზრების გამო, ტექსტები ამოჭრილი სახით ინახებოდა, იმელის ბიბლიოთეკა ისტორიას გაუყალბებელი სახით ინახავდა. დეკადების მანძილზე ამ ისტორიას რიგითი, უპარტიო საბჭოთა მკითხველი არ იცნობდა, თუმცა დახურულ საცავებში ის ფიზიკურ არსებობას განაგრძობდა.

დაახლოებით ერთი კვირის წინ, წიგნების გატაცებისა და უკანონო რეალიზაციისთვის, თბილისში სამი პოროვნება დააკავეს. მათ შორის იყო ეროვნული არქივის ბიბლიოთეკის დირექტორი ზურაბ ეცადაშვილი. წიგნებზე, რომლებიც მის და არჩილ გელოვანის სახლებში აღმოაჩინეს, იმელის ბიბლიოთეკის შტამპები იყო აღნიშნული. ამ ფაქტის გაშუქებაში ქართულმა ტელევიზიებმა გულუხვობა გამოიჩინეს. ბრალდებულთა დაკავების გარდა, რუსთავი 2–ისა და ტელეიმედის ჟურნალისტებმა სიუჟეტები ძველი წიგნებისა და რარიტეტული გამოცემების კულტურული ფასეულობის მიმოხილვასაც მიუძღვნეს. თუმცა არავის გამოუკვლევია, თუ როგორი იყო იმელის ბიბლიოთეკის პირობები უკანასკნელი წლების მანძილზე, რამდენად უსაფრთხოდ იცავდა სახელმწიფო უნიკალურ საცავს, არის თუ არა კულტურული ღირებულების ობიექტების დაცვა მათზე ზრუნვის შემადგენელი ნაწილი, თუ ზრუნვა მხოლოდ ქურდების დევნაში გამოიხატება, ნიშნავს თუ არა სახელმწიფოს მხრიდან უარი მემკვიდრეობის შესანახად საჭირო პირობების შექმნაზე კულტურული მემკვიდრეობის განიავებას და რაც ყველაზე მთავარია – ვინ არიან კულტურული მემკვიდრეობის უფრო დიდი მძარცველები – ადამიანები, რომლებსაც ორი ათასზე მეტი წიგნის მოპარვა ედებათ ბრალად, თუ სახელმწიფო, რომელმაც არაფერი გააკეთა, რომბრალდებულებს ასეთი ქმედების განხორციელებისთვის  შესაძლებლობა არ ჰქონოდათ?

1990 წელს მარქსიზმ–ლენინიზმის ინსტიტუტის ქართული ფილიალი უზენაეს საბჭოს დაუქვემდებარეს და ახალი სახელწოდება მიანიჭეს – „პოლიტიკური ისტორიის ინსტიტუტი“. 1992 წელს დაწესებულებას სახელი ისევ შეეცვალა. ამჯერად „დემოკრატიული აღმშენებლობისა და პოლიტოლოგიის ინსტიტუტი დაერქვა“.  ორგანიზაციის დირექტორი 1990-1995 წლებში გერმანე ფაცაცია იყო. იგი ამბობს, რომ 1992 წლამდე შენობა ორჯერ დაარბიეს, ხოლო 1991 წელს გაიძარცვა ერთ–ერთ ფლიგელში არსებული ლენინის მუზეუმი, სადაც მოგვიანებით ედუარდ შევარდნაძემ დაიდო ბინა. გერმანე ფაცაციას თქმით, „ისე დასრულდა მთელი ეს ბატალიები, რომ  ინსტიტუტი თავისი ბიბლიოთეკით და იმ არქივით გადარჩა, რომელიც საშინელი, მაგრამ ჩვენი ისტორია იყო… მთელი ამ ხნის განმავლობაში ერთი საარქივო მასალა არ დამწვარა და არ დაკარგულა, არც ერთი წიგნი არ დაზიანებულა და არ გამქრალა“.

ზურა ჯიბლაძე, ბიბლიოთეკის ბოლო დირექტორი ასევე აცხადებს, რომ მისი მუშაობის დროს ბიბლიოთეკას დანაკარგები არ ჰქონია. ჯიბლაძე დირექტორობის მოვალეობას 2002 წლიდან მოყოლებული 2005–მდე, ანუ ბიბლიოთეკის გაუქმების წლამდე ასრულებდა. მისი თქმით, ამ ხნის განმავლობაში ბიბლიოთეკას მკითხველი თითქმის არ ჰყავდა. ყოფილი იმელის შენობაში მაშინ საკონსტიტუციო სასამართლო, საარჩევნო კომისია და აფხაზეთის მთავრობა იყო განთავსებული. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ფონდები ღია იყო მკითხველისთვის, თუმცა ჯიბლაძე თვლის, – „ბიბლიოთეკა არ შეიძლება იყოს დახურულ შენობაში, დახურულ სივრცეში, სადაც პოლიცია დგას, საშვთა სისტემაა და შესასვლელად შეთანხმებებია საჭირო. რა თქმა უნდა, ასეთ ადგილას ბიბლიოთეკა ვერ იფუნქციონირებდა. დაინტერესებულ პირს კი შეეძლო ესარგებლა, მაგრამ სურვილიც არ ყოფილა, კომუნისტურ ლიტერატურას გაცნობოდნენ. მკვდარი იყო პრაქტიკულად“.

სამაგიეროდ, სტუმრები პარტიულ არქივს ჰყავდა. სამეცნიერო ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორის მოადგილე მიხეილ გალდავაძე იხსენებს, – „სანამ ჩვენ შემოგვთავაზებდნენ ბიბლიოთეკის გადმოცემას, ერთი თვით ადრე გაიტანეს არქივი, როგორც ვიცი, უშიშროებამ“.

დღეს ძნელია ვივარაუდოთ, რითი იყო გამოწვეული მკითხველებისა და მკვლევარების გულგრილობა საბიბლიოთეკო ფონდების მიმართ. რა იყო ამის მიზეზი – საზოგადოებაში ინფორმაციის ნაკლებობა ფონდებში დაცული მასალების შესახებ, თუ უარი საბჭოთა წარსულის შესწავლაზე.

ზუსტი ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რამდენად დაცული იყო ბიბლიოთეკა მისი გაუქმების შემდეგ ბოლო დირექტორს არ აქვს: „რა დაცვა ეყოლებოდა, შენობა გაიყიდა და მშენებლობა დაიწყო, ძაღლი პატრონს ვერ ცნობდა. გარკვეულ დონეზე კონტროლი კი იყო, მაგრამ, როცა ბიბლიოთეკა მუშა მდგომარეობაშია, მაშინ ძნელდება კონტროლი, გაყიდულ შენობაში კომუნისტურ ლიტერატურას ვინ გააკონტროლებდა?“

მოგვიანებით შენობა ეკონომიკური განვითარების სამინისტროს გასაყიდი ობიექტების სიაში მოხვდა. იგი „კაპიტალ ვოსტოკმა“ შეიძინა. დღეს კი შენობის მფლობელი „დაბი ჯგუფია“ („ვოსტოკი“ ისევ რჩება ერთ–ერთ მეწილედ).

გაყიდულ შენობაში განთავსებული მდიდარი ბიბლიოთეკა 370 ათას წიგნს, პერიოდიკის სახით კი ამაზე მეტ სააღრიცხვო ერთეულს ითვლიდა. სააღრიცხვო ერთეულების ზუსტი რაოდენობის დადგენა დღეს შეუძლებელია, ვინაიდან მაშინ, როცა სხვადასხვა დაწესებულებებმა საბიბლიოთეკო ფონდების გატანა დაიწყეს, ერთიანი კატალოგი უკვე განადგურებული იყო. როგორც პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი ლევან თაქთაქიშვილი ამბობს, ზემოთ მოყვანილი ციფრი მიახლოებითია და ეს ინფორმაცია 80–იან წლებში მარქსიზმ–ლენინიზმის ინსტიტუტის მიერ გამოცემულ წიგნზე დაყრდნობით აქვს.

ბიბლიოთეკის ფონდების გატანაზე საუბარი გაუქმებიდან დაახლოებით ორ წელიწადში დაიწყო. 2007-2008 წლების მიჯნაზე ეკონომიკის სამინისტრომ ფონდების ათვისება სამეცნიერო ეროვნულ ბიბლიოთეკას შესთავაზა, რომელსაც წიგნებისა და პერიოდიკის წასაღებად საჭირო თანხა არ აღმოაჩნდა (ამიტომაც დღეს სამეცნიერო ეროვნულ ბიბლიოთეკაში იმელის შენობიდან მხოლოდ ათი წიგნი და „მოამბის“ რამდენიმე კომპლექტია). შემდეგში საქმე გაჭიანურდა. ლევან თაქთაქიშვილი იხსენებს: „იმელის შენობის ახალმა მფლობელებმა ჩათვალეს, რომ სამეცნიერო ეროვნული ბიბლიოთეკა პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკაა და მოვიდნენ, აბა ჩქარა, რატომ არ მიგაქვთო. ჩვენ ავუხსენით, რომ სხვა დაწესებულება ვიყავით. შემდეგ სამეცნიერო ბიბილიოთეკას დაუკავშირდნენ, მათ თავიანთი პრობლემები აღმოაჩნდათ. ახალმა მფლობელმა გვითხრა, რომ ეს წიგნები განადგურდებოდა. ჩვენც თავაზიანად მივიღეთ წინადადება, რომ თავად დავუკავშირდებოდით ეკონომიკის სამინისტროს. დავუკავშირდით კიდეც. გვითხრეს, დაგეხმარებითო. ჩემი აზრით, ჯობდა თავიდანვე, რამდენიმე წლით ადრე, სანამ შენობის დემონტაჟი დაიწყებოდა, ეკონომიკის სამინისტროს ბიბლიოთეკა ჩვენთვის გადმოეცა“.

პარლამენტის ეროვნულმა ბიბლიოთეკამ მარქსიზმ–ლენინიზმის ყოფილი ინსტიტუტიდან 10–12 ათასი წიგნი გადაიტანა. კოლექციის სიდიდის გათვალისწინებით და დუბლირებისგან თავის არიდების მიზნით, ლევან თაქთაქიშვილმა წამოსაღები ერთეულები გარკვეული კრიტერიუმებით შეარჩია. დღეს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში გადატანილია 1931 წლამდე გამოცემული თითქმის ყველა წიგნი, შეძლებისდაგვარად, სრული სახით რარიტეტული ფონდი (ბაკუნინის, ტროცკისა და ლენინის პერგამენტის სიფრიფანა ქაღალდზე დაბეჭდილი ლიტერატურის, ივანე მაჩაბლის ავტოგრაფიანი წიგნების ჩათვლით) და ე.წ. „Особый Фонд“, რომელზე წვდომაც საბჭოთა პერიოდში ბიბლიოთეკაში შერჩევით მისულ პარტიულ მოღვაწეებსაც არ ჰქონდათ, ასევე გაზეთების მთელი ფონდი  და ის ჟურნალები, რომლებიც საჯარო ბიბლიოთეკას აკლდა ან იქ საერთოდ არ ინახებოდა (მაგალითად, „Каторга и Ссылка“).

მაშინ, როცა დაწესებულებებმა კოლექციის წამოსაღებად იმელის შენობას მიაკითხეს, ბოლო სართულზე განთავსებულ ბიბლიოთეკაში სავალალო მდგომარეობა იყო. მიხეილ გალდავაძე, სამეცნიერო ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორის მოადგილე იხსენებს, – „იყო სრული ანტისანიტარია, იქ შესვლა ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო არ იყო. საშინელი მტვერი იდგა. არც შუქი, არც არაფერი შიგნით“. მისივე თქმით, ამ დროს შენობაში ნგრევის სამუშაოები უკვე მიმდინარეობდა. ამას ადასტურებს გაუქმებული ბიბლიოთეკის ყოფილი დირექტორი ზურა ჯიბლაძეც. ზურა ჯიბლაძე, მიხეილ გალდავაძე და ლევან თაქთაქიშვილი იმაზეც საუბრობენ, რომ საცავში მოხვედრა უცხო პირისთვისაც შესაძლებელი იყო. ამ შესაძლებლობას დაზიანებული შესასვლელი კარი და შახტა იძლეოდა.

ნეტგაზეთმა ვერ მიიღო პასუხი კითხვაზე, თუ რა გააკეთა სამინისტრომ ბიბლიოთეკის ფონდების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. ნეტგაზეთს სამინისტროსთან სხვა კითხვებიც ჰქონდა, კერძოდ, რატომ არ მოხდა იმელის ბიბლიოთეკის ფონდების სხვა ბიბლიოთეკებში განაწილების დაწყება შენობის გაყიდვამდე, რა მოიმოქმედა სამინისტრომ ბიბლიოთეკაში ნორმალური პირობების შესანარჩუნებლად მას შემდეგ, რაც შენობა 2002 წელს მიწისძვრამ დააზიანა, იყო თუ არა საკმარისი დრო, რომელიც სხვადასხვა დაწესებულებებს ფონდების გასატანად მიეცათ, ბიბლიოთეკებისა და სხვა დაწესებულებების სრული ჩამონათვალი, რომლებმაც წიგნები გაიტანეს (წიგნების რაოდენობის მითითებით), ჯამში რა რაოდენობით წიგნების გატანა მოხდა ბიბლიოთეკიდან, წიგნების რა რაოდენობა რჩება დღეს იმელის შენობაში და რა ბედი ეწევათ მათ, რა გააკეთა სამინისტრომ იმ ბიბლიოთეკების დასახმარებლად, რომლებსაც იმელის ბიბლიოთეკის ფონდების წაღება სურდათ… „ეროვნულმა არქივმა  დეტალურად იცის, რა ფონდი იყო, როგორ იყო, სად წავიდა, როგორ და ა.შ.“ – ასეთი იყო სამინისტროს პრესსამსახურისპასუხი.

სამინისტროს პრესცენტრთან არაერთგზის დაკავშირების შემდეგ, ნეტგაზეთი ეროვნული არქივის ბიბლიოთეკასთან გადაამისამართეს, დაპირებული ინტერვიუს ნაცვლად კი სამინისტროში საჯარო ინფორმაციის გამოთხოვაზე განაცხადის შეტანა ურჩიეს, რომლის საფუძველზეც, ინფორმაციის მიღების მაქსიმალური ვადა ათი დღეა.   

მარქსიზმ-ლენინიზმისყოფილი ინსტიტუტის ბიბლიოთეკაში წიგნები დღესაც იატაკებზე ყრია. ნეტგაზეთმა მათი დათვალიერება ვერ მოახერხა. როგორც „დაბი ჯგუფის“ ხელმძღვანელი გიორგი სეთურიძე აცხადებს, წიგნების რაოდენობა ცოტაა, – „დღეს იქ ის წიგნებია, რომლებიც არც ერთმა ამ ორგანიზაციამ, ვისაც ევალებოდა წიგნების წაღება, არ წაიღო, რადგან ჩათვალეს, რომ ამ წიგნებს ფასეულობა არ გააჩნია. ექსპერტები ეგენი არიან…  მოცულობა ძალიან პატარაა, სულ ერთ მანქანაში დაეტევა“. ქვემოთ შეგიძლიათ იხილოთ დარჩენილი ლიტერატურის ფოტოები, რომლებიც „დაბი ჯგუფის“ თანამშრომელმა სპეციალურად ნეტგაზეთისთვის 20 აგვისტოს გადაიღო.

მასალების გადაბეჭდვის წესი