კინოხელოვნება

უჩინარი მწერალი და აბას ქიაროსთამი ბათუმის საავტორო კინოფესტივალზე

13 აგვისტო, 2010 • • 1575
უჩინარი მწერალი და აბას ქიაროსთამი ბათუმის საავტორო კინოფესტივალზე

წელს ბათუმის საავტორო კინოფესტივალის გამართვის ოფიციალური თარიღი 12-19 სექტემბერია. 2006 წელს დაარსებულ ფესტივალს ”ბათუმის ხელოვანთა სახლი არგანი” უკვე მეხუთედ უკეთებს ორგანიზებას. ტრადიციულად, ფესტივალი შემდეგ განყოფილებებს სთავაზობს მაყურებელს: მხატვრული და დოკუმენტური ფილმების კონკურსი, გერმანული ფილმები, „აბრეშუმის გზის ქვეყნების კინო“, რეტროსპექტივა, „ოსტატების კოლექცია“ და „შეხვედრა ჟიურისთან“, რომელიც ჟიურის წევრების ფილმების ჩვენებას ითვალისწინებს.  

ფილმებს ჟიური ორი სხვადასხვა შემადგენლობით შეაფასებს. მთავარ ჟიურის წარმოადგენენ პოლონელი რეჟისორი ზბიგნევ რიბჩინსკი, ბულგარელი კინოთეორეტიკოსი ბოჟიდარ მანოვი, ქართველი დოკუმენტალისტი ნინო კირთაძე და ავღანელი რეჟისორი სიდიქ ბარმაკი, ავტორი ევროპულ ფესტივალებზე ნაჩვენები ფილმისა „ოპიუმის ომი“, რომელიც ავღანეთში, ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად ოპიუმის ველზე აღმოჩენილი ამერიკელი ჯარისკაცების და საბჭოთა ტანკში მცხოვრები ავღანური ოჯახის ურთიერთობის შესახებ მოგვითხრობს.

ახალგაზრდა კინემატოგრაფისტების ჟიურის ჩიკაგოს საერთაშორისო დოკუმენტური ფილმების ფესტივალის დირექტორი, ქრისტოფერ კამისჩევი უხელმძღვანელებს, რომელიც დიდი ხანია ბათუმის საავტორო კინოფესტივალთან თანამშრომლობს და 2008 წელს ფესტივალის პროგრამის დირექტორიც იყო. ჟიურის სხვა წევრები არიან: ვასილი სიგარევი (რუსეთი), მაიკლ ბრუკი (ბრიტანეთი), სეიფოლა სამადიანი (ირანი). ახალგაზრდული ჯიურის შემადგენლობაში შეიძლება ნუცა კუხიანიძეც მოხვდეს.

ზვიად ელიზიანი, ფესტივალის მენეჯერი ამბობს, რომ წელს ფესტივალის სტუმარი ირანული კინო იქნება. ბათუმში საპატიო სტუმრად ირანელ კინორეჟისორს, აბას ქიაროსტამის ელოდებიან. გაიმართება ირანული კინოს რეტროსპექტივაც. სექციაში „აბრეშუმის გზის ქვეყნების კინო“ მაყურებელი ქიაროსტამის სამ ფილმს ნახავს („სად არის მეგობრის სახლი“ 1997; „სიცოცხლე გრძელდება“ 1991; „ზეთისხილის ხეების ქვეშ“ 1994). ამავე განყოფილებაშია ჰომაიუნ ასადიანის ფაჯრის 28-ე კინოფესტივალზე პრემირებული ფილმი „ოქრო და სპილენძი“, რომელიც ბათუმის შემდეგ ვანკუვერის საერთაშორისო კინოფესტივალზე მიემგზავრება და რომელსაც საერთაშორისო კინოდისტრიბუტორი მოჰამად ატებაი პროპაგანდისტულ ფილმად მოიხსენიებს. ამ შეფასების დაზუსტების და კიდევ ერთი ახალი ირანული ფილმის, „ღრუბლებში ნავარდი“ ნახვის შესაძლებლობა კინომოყვარულებს საქართველოში სექტემბრის შუა რიცხვებში ექნებათ. ისტორია ირანელი სკოლის მოსწავლისა, რომელიც ჯერ სიგარეტს უსინჯავს გემოს, შემდეგ კი ნარკოტიკსაც, ივლისში „დამოუკიდებლების ფორუმზე“ კარლოვი ვარის საერთაშორისო კინოფესტივალის ფარგლებშიც აჩვენეს. ასევე ირანული სურათია ჩართული საკონკურსო პროგრამაში („რაღაცეები, რასაც არ იცნობ“).

ყოველწლიურად ბათუმის საავტორო კინოფესტივალი კინემატოგრაფიაში შეტანილი წვლილისათვის ერთ ქართველ და ერთ უცხოელ კინემატოგრაფისტს აჯილდოებს. წელს ეს პრიზები პოლონელ ზბიგნევ რიბჩინსკის და ქართველ ოთარ იოსელიანს გადაეცემათ. მოეწყობა რიბჩინსკის მოკლე ფილმების რეტროსპექტივაც.

ძალიან საინტერესო პროგრამა ელის მაყურებელს „ოსტატების კოლექციის“ განყოფილებაში. აქ სულ ხუთი ფილმი იქნება და ხუთივე ცნობილი რეჟისორის. საუბარია რომან პოლანსკის, ვუდი ალენის, ჯიმ ჯარმუშის, ნიკიტა მიხალკოვის ბოლო ფილმებზე და ლუკ ბესონის ბოლოს წინა ნამუშევარზე („ადელ ბლან–სეკის უჩვეულო თავგადასავალი“).

საფესტივალო ჩვენებები ბათუმის დრამატულ თეატრში და კინოთეატრ „ინტერნაციონალში“ გაიმართება. კინოთეატრი „თბილისი“ ამჟამად არ ფუნქციონირებს და როგორც ზვიად ელიზიანი ამბობს, მომავალში შენობას კინოთეატრის ფუნქცია, სავარაუდოდ, არ ექნება. ორგანიზატორები ორივე სივრცეს ჩვენებებისთვის სახელდახელოდ მოამზადებენ, ვინაიდან დრამატულ თეატრს არც აქვს კინოთეატრის ფუნქცია, ხოლო „ინტერნაციონალი“ ფესტივალის მასპინძლობისათვის ამ ეტაპზე გაუმართავია. ფილმების ძირითადი ნაწილი ფირზე, ხოლო ნაწილი სხვა სახის მატარებლებზე იქნება ნაჩვენები.

წელს ბათუმის საავტორო კინოფესტივალს კიდევ ერთი სიახლე აქვს – ფესტივალზე დასასწრებად და გასაშუქებლად ორგანიზატორები ბლოგერებს ეპატიჟებიან. ბლოგერებს ფესტივალის კატალოგები და მაისურები გადაეცემათ, ისევე, როგორც ორი დამატებითი აბონემენტი სეანსებზე უფასოდ დასასწრებად.  ამ იდეის ავტორი და ინიციატორი ფესტივალის მედიასთან ურთიერთობის კოორდინატორი ნანა კვაჭაძეა. „სტატისტიკა აჩვენებს, რომ ბლოგერების პოპულარობა თანდათან იზრდება და დღეს ინტერნეტის ძალიან ბევრი მომხმარებელი ბლოგების მკითხველია. ეს არის შანსი ფესტივალისთვის, რომლის სურვილია, ბანალურად მომზადებული სტატიებისა თუ ტელესიუჟეტების გარდა, კინოფესტივალი ახალი მედიის საშუალებით გაშუქდეს, და ასევე ბლოგერები გახდნენ უფრო წარმატებულნი და კონკურენცია გაუწიონ ტრადიციულ ჟურნალისტიკას“, – ამბობს ნანა კვაჭაძე. მეტი ინფორმაცია ამ საკითხთან დაკავშირებით შეგიძლიათ იხილოთ ფესტივალის ფეისბუქის გვერდზე.

ორგანიზატორები დიდი რაოდენობით მაყურებელს ელიან. ყველაზე მეტი სტუმარი ფესტივალს შარშან ჰყავდა, როცა საღამოს სეანსებზე დარბაზები თითქმის მთლიანად ივსებოდა. 

მასალების გადაბეჭდვის წესი