ხელოვნება

კინო, ირანი და ქალები

22 ივლისი, 2010 • 3327
კინო, ირანი და ქალები

მანიჯე ჰეკმატი
მანიჯე ჰეკმატი

47 წლის ირანელი რეჟისორი მანიჯე ჰეკმატი ირანულ კინოინდუსტრიაში თითქმის 30 წელია მუშაობს, როგორც რეჟისორის ასისტენტი, პროდიუსერი და რეჟისორი. რეჟისორს “ბათუმელები” საავტორო კინოს ბათუმის მე-4 საერთაშორისო ფესტივალზე შეხვდა, სადაც ჰეკმატი ჟიურის წევრი იყო. ფესტივალზე მისი ბოლო ფილმი, “სამი ქალი” აჩვენეს.

„ინტერვიუ? დიდი სიამოვნებით, მაგრამ ცუდად ვიცი ინგლისური” – ღიმილითა და მობოდიშებით მითხრა ჰეკმატმა კინოთეატრ „თბილისის” ფოიეში, მისი ფილმის ჩვენების შემდეგ.

ინტერვიუ კინოფესტივალის დასრულების შემდეგ მაინც შედგა. ჰეკმატი ირანში დასაბრუნებლად ემზადებოდა. სასტუმროს ჰოლში, ჩემოდნების გარემოცვაში რეჟისორი, ცოტა არ იყოს, დაღლილი გამოიყურებოდა, მაგრამ ჩვენი საუბარი ინგლისურ, ირანულ და ჟესტების ენაზე მაინც ემოციურად წარიმართა.

„ძალიან ახალგაზრდა, 15 წლის ვიყავი, როცა კინოთი დავინტერესდი. ხან რეჟისორის ასისტენტად ვმუშაობდი, ხან პროდუსერად. ეს სულ სხვა რამეა და რეჟისორობას არაფრით ჰგავს. თითქმის 30 წელია ვმუშაობ კინოში და ბოლო ათი წელია, მოვკიდე ხელი რეჟისურას.”

ჰეკმატის ფილმების მთავარი გმირები ირანელი ქალები არიან. მისი პირველი ფილმი „ქალების ციხე” (2002 წ.), რომელიც ირანელ პატიმარ ქალებს ეხება, 80-ზე მეტ საერთაშორისო კინოფესტივალზე იყო ნაჩვენები და შვიდი პრიზი მიიღო.

„ქალთა უფლებების მხრივ ირანში ბევრი პრობლემაა, მითუმეტეს, თუ ხელოვნების რომელიმე სფეროში ხარ დაკავებული. ქალები ბევრს, ძალიან ბევრს მუშაობენ, მაგრამ ხშირად მათ ვერ ამჩნევენ. არადა, ტიპური ირანელი ქალი ძალიან აქტიურია. უნივერსიტეტებში ბიჭებზე გაცილებით მეტი გოგონები არიან. ისინი კარგად სწავლობენ, მაგრამ მაინც უჭირთ საკუთარი შესაძლებლობების რეალიზება. ზოგადად, არ არის ადვილი იყო რეჟისორი და მითუმეტეს, ირანში იყო რეჟისორი ქალი. ამის მიუხედავად, ირანში მხატვრული ფილმების 22 რეჟისორი ქალია, ისინი ძალიან ნიჭიერი რეჟისორები არიან”.

ჰეკმატის ფილმები ირანულ ცენზურას ვერ გადაურჩა. ფილმიდან „ქალების ციხე“  10 წუთი, ხოლო ფილმიდან “სამი ქალი” – ცხრა წუთი ამოჭრეს.
„ ეს საშინელებაა, –ამბობს ჰეკმატი. – დამოუკიდებელი კინო ირანში მუდმივად ცენზურის შიშის ქვეშ მუშაობს. იღებ ფილმს, გაქვს ჩანაფიქრი და თან მუდმივად თავში გიტრიალებს: ცენზურა, ცენზურა… ფიქრობ დამოუკიდებლად, განსხვავებულად? ესე იგი, შენ პრობლემა გაქვს ცენზურასთან. მუშაობ, მუშაობ და მთავრობა იღებს ხელში მაკრატელს და ჭრის იმას, რაც არასწორად ეჩვენება. საშინელი სასოწარკვეთა გეუფლება, როცა შენს ფილმს დანაკუწებულს ხედავ. ვერც ერთი ფილმი ვერ გავა ირანში ეკრანზე, თუ ის კულტურის სამინისტროს სპეციალურმა განყოფილებამ არ ნახა. ჯერ სცენარს ნახულობენ, თუ მოახერხე გასვლა, ხომ კარგი, მაგრამ შემდეგ ფილმზე გიწევს ნერვიულობა. არ იცი, რა იქნება. სულ გამოწმებენ, გამოწმებენ… რომ არა ცენზურა, ირანული კინო სულ სხვანაირი, ბევრად უკეთესი იქნებოდა, მსოფლიოში საუკეთესო.”

საავტორო კინოს ბათუმის მეოთხე საერთაშორისო ფესტივალზე, სექციაში „შეხვედრა ჟიურისთან”, ჰეკმატის ბოლო ფილმი, „სამი ქალი” აჩვენეს. ფილმი, რომელიც სამი თაობის ქალებისა და მათი ხალიჩების ამბავს გვიამბობს, ფესტივალის მაყურებელს შეუმჩნეველი არ დარჩენია. ფილმის შემდეგ კინოთეატრის ჰოლში რეჟისორმა აღნიშნა, რომ ირანული ხალიჩებისა და ქალების ისტორია, ერთი ისტორიაა; „ეს მხოლოდ ხალიჩა არ არის. ეს ირანის ისტორიაა, რომელიც ირანელი ქალების ხელით იქსოვება. „ჩემი სახლი, ჩემი ხალიჩა, ჩემი დედა…” – ეს თითქმის ერთი და იგივეა. ხალიჩაა ჩვენი სურვილების, შესაძლებლობების, ოცნებების ასპარეზი, ყოველი ძაფი კი ირანის სიცოცხლე და ისტორიაა. არასდროს მოგვეცა ირანში ქალებს საშუალება, რომ ჩვენი ხალიჩა დავასრულოთ, საქმე ბოლომდე მივიყვანოთ…”

ფილმში სამი მთავარი როლია, რომელთაგანაც ერთ-ერთს, პეგას, რეჟისორის შვილი თამაშობს. მას სინამდვილეშიც პეგა ჰქვია.
ჰეკმატს ორი ქალიშვილი ჰყავს, უფროსი, 26 წლის მაშიდი კანადაში ცხოვრობს, უმცროსი – პეგა, დედასთან, თეირანში.
25 წლის პეგა აჰანგარანი ირანული კინოს ერთ-ერთი ცნობილი მსახიობია. მას სამსახიობო კარიერაში შვიდი მთავარი როლი აქვს შესრულებული და მიღებული აქვს ორი ჯილდო, კაიროსა და ირანის საერთაშორსო ფესტივალებზე. 2009 წელს პეგას სახელი პროფესიული საქმიანობის მიღმაც გახმაურდა.

„ირანში ახალგაზრდა მსახიობი, პეგა აჰანგარანი დააპატიმრეს” – ეს შეტყობინება სოციალურ ქსელ თვითერზე 27 ივლისს გამოჩნდა, როცა თვითერი ირანში მიმდინარე მოვლენების ყველაზე ობიექტური პირველწყარო იყო.
პეგა საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებული არეულობის გამო დააკავეს. დაკავების ორდერში მითითებული იყო, რომ იგი ოპოზიციის პრეზიდენტობის კანდიდატ მუსავის აქტიური მხარდამჭერია.

„–არაფერი მიღონია, არსად დამირეკავს,” – ყვება ჰეკმატი პეგას დაპატიმრებასთან დაკავშირებით. „– აი, ასე ვიჯექი იატაკზე და ვერაფერზე ვფიქრობდი. ეს სულ ერთ დღეს გაგრძელდა, მეორე დღეს პეგა გაათავისუფლეს, მაგრამ დედისთვის ერთი დღეც საკმარისია.”
პეგა აჰანგარანი ყოველთვის გამოირჩეოდა აზრის თავისუფალი გამოხატვით. 2008 წელს ბერლინის საერთაშორისო ფესტივალზე ჩასულმა პეგამ საკმაოდ გაბედული ინტერვიუ მისცა „დოიჩე ველეს”. იგი სიტყვის გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვასა და ირანში არსებულ ცენზურასა და თვითცენზურაზე საუბრობდა და ღიად ამბობდა, რომ ირანში რეფორმების მომხრეა და მუსავის უჭერს მხარს. „დოიჩე ველე”  წერდა, რომ პეგა აჰანგარანის თამამი გადაწყვეტილება, გადაეღო ფოტოები თავსაფრის გარეშე, უკვე პოლიტიკური განაცხადის ტოლფასი იყო.

პეგას ბათუმის საავტორო კინოს ფესტივალზე კარგად იცნობენ. ირანელი მსახიობი პირველივე ფესტივალის სტუმარი და კინოფესტივალის სახე იყო და მას შემდეგ ყოველ წელს ჩამოდიოდა ბათუმის კინოფესტივალზე. მხიარულ, ექსპანსიურ პეგას ფესტივალზე 2009 წელსაც ელოდნენ, მაგრამ პოლიტიკური ნიშნით დაკავებულ მსახიობს ირანის ხელისუფლებამ ქვეყნის დატოვების უფლება არ მისცა.

„პეგას თაობასთან არასოდეს მქონია გაუცხოება. ეს ჩემი შვილების თაობაა, ვიცი, როგორ გაიზარდნენ და მათი კარგად მესმის. – ამბობს მანიჯე ჰეკმატი. –ამჟამად ახალ მხატვრულ ფილმზე,„იავნანაზე“  ვმუშაობ, პეგას კი იღებენ  ფილმში, რომლის ავტორი მაჰმად ბოზორნიეა, ახალგაზრდა, ნიჭიერი რეჟისორი. იმედია, პეგა მომავალში შეძლებს ბათუმში ჩამოსვლას”.

 

 

პეგა აჰანგარანი
პეგა აჰანგარანი

მასალების გადაბეჭდვის წესი