ხელოვნება

ვგავართ ჩვენ ლტოლვილებს?!

20 ივლისი, 2010 • • 1457
ვგავართ ჩვენ ლტოლვილებს?!

“დევნილების შესახებ წარმოდგენის გაკეთება შესანიშნავი შესაძლებლობა იყო მოგვესმინა მათი ისტორიებისთვის, ვისი ხმაც სცენაზე არასდროს გაგვიგონია. მაინტერესებს ის სამყარო, რომელსაც, გვგონია რომ მედიიდან კარგად ვიცნობთ. მაინტერესებს მათი იმ კუთხით ჩვენება, რომლითაც აქამდე არ დაგვინახავს.

ხალხთან ინტერვიუებს ვწერ და რედაქტირებას ვუკეთებ. შემდეგ, წარმოდგენის დროს, მსახიობები ყურსაცვამებით უსმენენ რედაქტირებულ ინტერვიუებს და ზუსტად იმეორებენ იმას, რაც ესმით. მსახიობები ზუსტად იმეორებენ არა მარტო სიტყვებს, არამედ საუბრის მანერას – ჩახველების, შეყოვნების თუ წაბორძიკების ჩათვლით. ეს მეთოდი მსახიობს არ აძლევს საშუალებას მისთვის დამახასიათებელი საუბრით იმეტყველოს და მკვეთრად გამოხატულ ხასიათს მომენტალურად ქმნის”, – ამბობს ბრიტანელი რეჟისორი ალექი ბლაითი, რომელიც რუსთაველის თეატრში ქართველ მსახიობებთან რეპეტიციებს მართავს.  ალექი ბლაითმა სპექტაკლი სახელწოდებით “ვგავართ ჩვენ ლტოლვილებს?!” 12 დღის განმავლობაში ედინბურგის ფესტივალზე ”საზღვრებს მიღმა” (Beyond Borders) წასაღებად უნდა მოამზადოს.

სპექტაკლის პრემიერას რუსთაველის თეატრმა  შარშან დეკემბერში უმასპინძლა. ახალგაზრდა ბრიტანელმა რეჟისორმა ”ვგავართ ჩვენ ლტოლვილებს?!” რუსთაველის თეატრის, ნაციონალური თეატრის და ბრიტანეთის საბჭოს ერთობლივი და BP-ის მიერ დაფინანსებული პროექტის ”თეატრების პარტნიორობა” ფარგლებში განახორციელა. 

2008 წლის აგვისტოს მოვლენების შემდეგ ალექი ბლაითი გორსა და წეროვანში მცხოვრებ დევნილებს ეწვია და მათთან ინტერვიუები ჩაწერა. რესპოდენტთა ორიგინალურ ისტორიებს ბრიტანელი რეჟისორი არაფერს ამატებს.

ბლაითი ბრიტანული ვერბატიმის თეატრის წარმომადგენელია. ვერბატიმის თეატრის მიმდევრები საკუთარი სპექტაკლებისთვის რეალური ადამიანების ჩანაწერებს იყენებენ და მხატვრული ფორმით მიაქვთ იგი მაყურებლამდე. ამ მეთოდის გამოყენებით ბლაითმა რამდენიმე წარმოდგენა შექმნა. მათ შორისაა ბუშ თეატრისთვის დადგმული ,,კრუიზი” და ,,მე აქ მხოლოდ ექვსი თვით ჩამოვედი”, რომელიც ბრიუსელში ექსპატრიანტების ცხოვრებას ასახავს. ბრიტანელი რეჟისორის ბოლო ნამუშევარი – “,მეგობარი გოგოს თავგადასავალი”, როიალ ქორთსა და იანგ ვიკის თეატრებში დაიდგა. 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი