ნეტგაზეთი | ფესტივალი შავ ზღვაზე ფესტივალი შავ ზღვაზე – Netgazeti
RU | GE  

ფესტივალი შავ ზღვაზე

შავი ზღვის ჯაზფესტივალი, რომელიც ბათუმში დღეს საღამოს გაიხსნება, ოთხი დღის განმავლობაში მსმენელს რვა წარმოდგენას შესთავაზებს. კონცერტები შერატონის სამეჯლისო დარბაზის ნაცვლად ტენისის კორტებზე გაიმართება.  

შავი ზღვის ჯაზფესტივალი, რომელიც ბათუმში დღეს საღამოს გაიხსნება, ოთხი დღის განმავლობაში მსმენელს რვა წარმოდგენას შესთავაზებს. კონცერტები შერატონის სამეჯლისო დარბაზის ნაცვლად ტენისის კორტებზე გაიმართება. 

სასტუმრო შერატონის დირექციამ ფესტივალს მხოლოდ საცურაო აუზის მიმდებარე ტერიტორია დაუთმო, სადაც საღამოობით ჯემ სეიშენები გაიმართება. როგორც ფესტივალის ორგანიზატორის, ”ისთერნ ფრომოუშენის” მარკეტინგის მენეჯერი, კახა კანდელაკი ამბობს, ”შერატონის დირექციას შეეშინდა, რომ ახალ რემონტს გაუფუჭებდნენ. ნახავენ, რომ პანკ-როკი არაა, რომ რაღაც დაანგრიონ ან დაწვან. ამიტომ გაისად ალბათ სხვანაირად იქნება”.

რადგანაც ბათუმში არ არსებობს საკონცერტო სივრცე, რომელიც ჯაზფესტივალის მსმენელს დაიტევს, ორგანიზატორებს სახელდახელო სცენების გამართვა უწევთ. ეს ფესტივალის ხარჯებს საგრძნობლად ზრდის. კახა კანდელაკის თქმით, სასცენო ტექნიკაზე დახარჯული თანხის დაზოგვით, ბათუმში ერთკვირიანი ფესტივალის ჩატარება იქნებოდა შესაძლებელი.

წელს ფესტივალის სტუმრები არიან: როი ჰარგროუს კვინტეტი, გიორგი მიქაძის ტრიო, ჰიუ მასაკელა და ბენდი, ასტროჯორჯია, ბრენდ ნიუ ჰევისი, როი ჰარგროუს ბენდი RH FACTOR და მისივე კვინტეტი, ბექა გოჩიაშვილის ტრიო, მაიკ სტერნის კვარტეტი MIKE STERN BAND, რომელშიც სპეციალური სტუმრები – ამერიკელი დრამერი დეივ უექლ და დანიელი კონტრაბასისტი ქრის მინ დოკი, ასევე რენდი ბრეკერი დაუკრავენ.

მსმენელი ერთი ბილეთით, რომლის ფასი 50 ლარია, ორ კონცერტს დაესწრება. თუმცა, ბილეთები არ იყიდება ჯემ სეიშენებზე, რომლებიც 15-დან 18 ივლისის ჩათვლით შერატონში გაიმართება. ფესტივალის ამ განყოფილებისთვის ”ისთერნ ფრომოუშენმა” NiMo დაპატიჟა. ამ საღამოებს მხოლოდ მოწვეული სტუმრები და ის ადამიანები დაესწრებიან, ვინც სპეციალური საფესტივალო პაკეტით ისარგებლა. 1100- დოლარიანი პაკეტი ორი ადამიანისთვის შერატონში ოთხდღიან ცხოვრებას, ბილეთებს, ღამის კლუბში დაგეგმილ საცეკვაო წვეულებებსა და საცურაო აუზთან გამართულ იმპროვიზირებულ კონცერტებზე დასწრებას ითვალისწინებს. ამ მომსახურების შემცველი ყველა აბონემენტი ორი თვის წინ გაიყიდა.

შავი ზღვის მეოთხე ჯაზფესტივალზე რვიდან ცხრა ათასამდე მსმენელს ელოდებიან. წინა წლებისგან განსხვავებით, ფესტივალი წელს ოთხდღიანია. როგორც ყოველთვის, ამჯერადაც ფესტივალზე ქართველი მუსიკოსებიც წარსდგებიან. მათ შორის არც ერთს აქამდე ქართულ ჯაზფესტივალებზე მონაწილეობა არ მიუღია. 15 ივლისს ფესტივალი ბექა გოჩიაშვილის, ბენ უილიამსის და რიჩი ბარშაის ტრიოთი გაიხსნება, მომდევნო დღეს კონცერტს გიორგი მიქაძის ტრიო გამართავს (შემადგენლობა: გიორგი მიქაძე – ფორტეპიანო, ლაშა სხილაძე – დასარტყამი, ლევან დეისაძე – ბასი), ბოლო საღამოს კი ფესტივალი 2009 წელს შექმნილ ანსამბლს ”ასტროჯორჯია” უმასპინძლებს.

ჯაზფესტივალის წლევანდელი ბიუჯეტი ნახევარი მილიონი ამერიკული დოლარია. ფესტივალის მხარდამჭერი, რომელიც, ამავდროულად, მისი ინიციატორიცაა, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროა. სამინისტრო ფესტივალს 30 ათასი ლარით ეხმარება.

”კულტურის სამინისტრო ერთ-ერთი მთავარი თანაორგანიზატორია, აჭარის მთავრობაც გვერდში უდგას ფესტივალს, იმიტომ, რომ სეზონი გაიზარდა. ისინი, ვინც ფესტივალს ეწვევიან, აგვისტომდე ბათუმში ჩამოსვლაზე არც კი ფიქრობდნენ. ახლა უკვე 15 ივლისს ივსება ყველაფერი, სასტუმროში ნომერს ვეღარ იშოვნით. ამიტომ სეზონის გაზრდასაც უწყობს ხელს. ეს ყველამ დაინახა, მათ შორის სპონსორებმაც. ბილეთების ფასიც 50 ლარამდე ამიტომ ჩამოვიდა”, – ამბობს ”ისთერნ ფრომოუშენის” მარკეტინგის მენეჯერი კახა კანდელაკი.  

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ნინო ძანძავა