ხელოვნება

ალექსანდრა ზელმან-დორინგი ლიტერატურის მუზეუმში

5 ივლისი, 2010 • • 1330
ალექსანდრა ზელმან-დორინგი ლიტერატურის მუზეუმში

ალექსანდრა ზელმან-დორინგი ახალგაზრდა ამერიკელი პოეტია. ლიტერატურის მუზეუმმა მისი საქართველოში ყოფნით ისარგებლა და მიუხედავად იმისა, რომ ლექსების კითხვის საღამო პოეტის თბილისში ჩამოსვლის მიზეზი არ ყოფილა, ალექსანდრა ზელმან-დორინგმა პოეზიის მოყვარულებს საკუთარი შემოქმედება გააცნო. გთავაზობთ ალექსანდრა ზელმან-დორინგის მიერ თარგმანებისა და საკუთარი ლექსების ჩანაწერს. ქართულ ბწკარედს კითხულობს დათო გაბუნია.


Alexandra Zelman-Doring by netgazeti.ge

”მე არ ვეძებ საგნებს, მე მათ ვპოულობ ” – თავის პოეზიაზე საუბარი ალექსანდრამ პაბლო პიკასოს ამ სიტყვების მოშველიებით დაიწყო. თავად ნიუ-იორკში დაიბადა, ესპანური და ფრანგული ფესვებით. ამიტომ ცოტა უჩვეულო, არა ნიუ-იორკული, უფრო მეტიც, არაამერიკული აქცენტით საუბრობს. მოპოვებული აქვს რამდენიმე მნიშვნელოვანი პრიზი პოეტური ნამუშევრებისთვის. მისი ლექსები და თარგმანები იბეჭდება ცნობილ ლიტერატურულ პერიოდულ გამოცემებში (The Oxford Magazine, The Round, The Western Humanities Review). განათლება მიღებული აქვს ოქსფორდისა და კოლუმბიის უნივერსიტეტებში და მიუხედავად იმისა, რომ უყვარს ამერიკული პოეზია, საკუთარ თავს ამერიკულ პოეტურ ტრადიციებს არ მიაკუთვნებს. ” ევროპაში ჩემი უკეთ ესმით, მაგალითად ინგლისში”, – ამბობს ალექსანდრა ზელმან-დორინგი.

ლექსების ნაწილი, რომელიც მან ლიტერატურის მუზეუმში წაიკითხა, მის მიერ შესრულებული თარგმანებია (იანს კაცელი, ბორის პასტერნაკი). ისევე, როგორც ზელმან-დორინგის ორიგინალური ნამუშევრების ქართული ბწკარედი დათო გაბუნიამ გააკეთა და პოეტის მიერ ლექსების კითხვას პარალელურად ქართული თარგმანი დაურთო. 

ამერიკელმა პოეტმა რამდენიმე ნამუშევარი წერილებად დაწერილი ლექსების ციკლიდან წაიკითხა. ერთ დღეს, წერის ტექნიკის სრულყოფაზე მუშაობით დაღლილმა, მეგობარ პოეტს შესთავაზა, კომუნიკაციის ერთადერთ ფორმად ლექსები ექციათ. ასე შეიქმნა პოეტური კრებული, რომელიც წიგნის სახითაც გამოვიდა – ”მარტოს მეშინია. წერილები ლექსად”.

ალექსანდრამ ახლახან დაასრულა მუშაობა ციკლზე, რომელიც ბერძნული ტრაგედიების ლირიკული მომენტებს ეთმობა და სადაც ანტიკური ტრაგედიების პერსონაჟები მან კიდევ ერთხელ აალაპარაკა პოეტური მონოლოგებით.

მასალების გადაბეჭდვის წესი