ხელოვნება

„სიტყვები“ – დადა, პორნოგოგონები და ლაზარე

5 ივლისი, 2010 • • 2296
„სიტყვები“ – დადა, პორნოგოგონები და ლაზარე

გიორგი ლეონიძის ლიტერატურის მუზეუმის ახალი დირექტორის, ლაშა ბაქრაძის სურვილია, გამოაცოცხლოს და თბილისის ცენტრში კულტურულ ცენტრად აქციოს ეს დაწესებულება. მუზეუმის გააქტიურებას ისახავს მიზნად გამოფენების ციკლიც, რომელიც ლაშა ბაქრაძეს კურატორ მაგდა გურულთან ერთად აქვს ჩაფიქრებული და რომლის პირველი მცდელობა ლიტერატურის მუზეუმში გასულ კვირას განხორციელდა.

ნინო გოგუას ფოტო

ქართველ მწერალთა და მხატვართა საერთო ნამუშევრები მაყურებელმა  ინტერდისციპლინარული გამოფენის – „სიტყვები“– ფარგლებში ნახა. „ეს გარკვეულწილად სიახლეა ჩვენს ქვეყანაში, თორემ უცხოეთში ასეთი რამ ხშირად ხდება ხოლმე. ძალიან საინტერესო ექსპერიმენტია“, – თვლის მუზეუმის დირექტორი. ალექს ჩიღვინაძე და ბესა ქართლელიშვილი, შოთა გაგარინი და თემო ჯავახიშვილი, გიორგი კეკელიძე და მამუკა ჯაფარიძე, ვატო წერეთელი და ანთეა ნიკოლსონი, დავით ჩიხლაძე, გურამ წიბახაშვილი, ილიკო ზაუტაშვილი, ზურა ჯიშკარიანი, ლალოსელი, მულტიმედია არტ-ჯგუფი „სტიგმატი“ – მხატვრებისა და მწერლების არასრული ჩამონათვალია, რომლებმაც ერთობლივი პროექტები შესთავაზეს მაყურებელს. საქმეში თანამედროვე ხელოვნების ყველა მთავარი ატრიბუტი იყო ჩართული: პერფორმანსი, ინსტალაცია, ობიექტები და ვიდეო-არტი.

ქართულ სახელოვნებო ცხოვრებაში არც თუ ისე ხშირად ხდება, როცა გამოფენას ბევრი დამთვალიერებელი ჰყავს. მით უმეტეს, როცა საქმე თანამედროვე ხელოვნებას ეხება. მაგრამ ლიტერატურის მუზეუმში სწორედ ასე იყო – ექსპოზიციებს, რომლებმაც სივრცეები დერეფნებისა და შიდა ეზოს ჩათვლით მოიცვეს, ბევრი მნახველი ეწვია. დამთვალიერებლის ასეთი რაოდენობით მოზღვავება ლიტერატურის მუზეუმს, ალბათ, დიდი ხანია არ ახსოვს.

მწერლებმა და მხატვრებმა არა მხოლოდ საკუთარი ნამუშევრებით დაიპყრეს დაწესებულება, არამედ მასალად მუზეუმში ოდითგანვე არსებული ობიექტებიც გამოიყენეს. მაგალითად, შიდა ეზოში, კედლის ჩაყოლებაზე, მოთავსებული კლასიკოსი მწერლების ბიუსტები თაბახის ფურცლებზე ამობეჭდილი წარწერებით და ვიზუალური მასალით შეამკეს. ტიციან ტაბიძის გვერდით დადაისტური მანიფესტი აღმოჩნდა, სადაც ტაბიძის სიტყვები – „თქვენ ყველას ოყნა გინდათ, თქვენი დედა მოვტყან“– გამუქებული სახით, ორჯერ მეორდებოდა. გამოფენის გახსნიდან რამდენიმე წუთში წარწერა სადღაც გაქრა, უფრო სწორად, კედელს მხოლოდ უტექსტო ნაგლეჯი შემორჩა – საქართველოში ცხონებული გურამ შარაძის საყვარელ საქმეს მაყურებლები დღესაც პირნათლად ასრულებენ. უცნაურია, მაგრამ ერთ-ერთი ბიუსტის გვერდით გამოკრული გოგოების ფოტოები, რომლებიც საკუთარ სხეულს სთავაზობენ ინტერნეტმომხმარებელს, ხელუხლებელი დარჩა. სავარაუდოდ, ლიტერატურის, სიტყვის მუზეუმში გამოსახულების ეფექტი სიტყვების სიმბოლურ ძალაზე ნაკლებად მძლავრი აღმოჩნდა და მაყურებელმა მომღიმარი გოგოების გამომწვევი პოზები ამიტომაც დაინდო.

ლიტერატორთა უფროს თაობასთან შეთამაშების მცდელობა სხვა კომპოზიციებშიც გამოჩნდა. მაგალითად, შოთა გაგარინისა და ალექს ჩიღვინაძის ე.წ. დაჭრის ტექნიკით შესრულებულ ნამუშევარში სახელწოდებით „გადაიღე ფოტო ლექსთან“. ატრაქციონი, რომელიც ნამუშევრის წინ გაიმართა, მაყურებელს ლექსთან ფოტოს გადაღებისკენ და თავად ლექსის ატრაქციონად ქცევისკენ მოუწოდებდა. ის, რაც კომპოზიციას დასრულებულ სახეს აძლევდა, ქმედებაში დამთვალიერებლის ჩართვა იყო. „შევედით არქივში, ავიღეთ ერის მამების ხელნაწერები, დავჭერით, ბარბაროსულად გავანადგურეთ და ავაწყეთ ახალი ლექსი. კონცეფციაშიც არის განმარტებული, რომ ყველა ლექსზე ძვირფასი და ყველა წიგნზე ძვირფასი ადამიანისთვის თავისი ცხოვრებაა, ანუ ყველაზე ძვირფასი წიგნი მისთვის ფოტოალბომია“, – ყვება ერთ-ერთი ავტორი, შოთა გაგარინი.  პოეტის აზრით, ნამუშევარი ერთგვარი მინიშნებაა იმაზეც, რომ ახალი კონსტრუქცია ყოველთვის ძველის ნანგრევებზე უნდა აშენდეს და, რომ „სანამ ძველი გრანდების ჰეგემონია არ დაინგრევა, მანამდე ახალს “პრასვეტი” არ აქვს“.

„სიტყვების“ კურატორის, მაგდა გურულის თქმით, საგამოფენო სივრცის ტექსტუალიზაციის მიზანი დისციპლინებს შორის საზღვრების წაშლა იყო. „სიტყვა ისეთი რამეა, რასაც მწერალიც იყენებს და მხატვარიც, როდესაც ტექსტუალურ ნამუშევრებს აკეთებს ან კონცეფციებს წერს“, – ამბობს მაგდა გურული.

სიტყვები ზეპირი და წერილობითი სახით მივიდნენ მაყურებლამდე. პოეტ გიორგი კეკელიძის და მხატვარ მამუკა ჯაფარიძის პრეზენტაცია ვიდეო-არტის და პერფორმანსის ელემენტების შერწყმით მოხდა: ერთობლივად გადაღებული რგოლის – „კოვზის ძილისპირულის“ – ფონზე გიორგი კეკელიძემ თავისი ლექსი წაიკითხა. პოეტი იხსენებს, რომ პირველი, უნებლიე პერფორმანსი ლისის ტბაზე ვიდეოს გადაღების დროს მოეწყო, როცა თევზის საჭერად ტბაში გასული მეთევზეები გაკვირვებას არ მალავდნენ  ორი ზრდასრული, კოვზმომარჯვებული მამაკაცის საქციელზე. სამი წუთის განმავლობაში კედელზე პროეცირებული აყირავებული ვიდეოგამოსახულება, სადაც ერთადერთი მოქმედება წყალში კოვზის მონოტონური მოსმაა და რომელსაც ამოუტრიალებლად მხოლოდ განრთხმულ მდგომარეობაში ნახავ, თავბრუს გახვევს და გარეტიანებს.   

ეს ვიდეო, ისევე, როგორც ბესა ქართლელიშვილის, ლალოსელისა და ალექს ჩიღვინაძის ინსტალაცია, სათაურით „ვიცი, დავბრუნდები“,  სპეციალურად გემოფენისთვის შეიქმნა. ჭერიდან წვიმასავით ჩამოშვებული ტუალეტის ქაღალდების ცენტრში ახორხლილი ჟურნალ-გაზეთების დასტა და მთელს ინსტალაციაზე ვიდეო პროექციით მორბენალი ხვლიკები სიტყვის მნიშვნელობის შეძენისა და დაკარგვის, ქაღალდის, როგორც მედიუმის გაქრობისა და გადამუშავების პროცესის გააზრებისკენ უბიძგებდა დამთვალიერებელს. თუმცა, ავტორები ინსტალაციის განსხვავებულ ინტერპრეტაციებზე საუბრობდნენ. „ქაღალდი, რომელზეც სიტყვა აღარ არის, პოტენციური ტუალეტის ქაღალდია. ხვლიკები, რომლებიც ზედ დარბიან, გადარჩენის სიმბოლოა. გაზეთები და ტუალეტის ქაღალდები: newspaper და toilet paper – სად გადის ზღვარი?“, – სვამს კითხვას ბესა ქართლელიშვილი. ინსტალაციის მეორე ავტორი, ალექს ჩიღვინაძე კი ევოლუციის თეორიაზე ამახვილებს ყურადღებას და ხვლიკს, ამ შემთხვევაში, სიტყვის სიმბოლოდ მოიაზრებს, ქაღალდს კი – როგორც სიტყვის გადარჩენის ერთ-ერთ, ციფრულ ეპოქაში უკვე ნაკლებად მნიშვნელოვან ფაქტორს.

ინტერდისციპლინარული უორქშოფ-გამოფენის ფარგლებშივე მოეწყო ახალგაზრდა ამერიკელი პოეტის, ალექსანდრა ზელმან-დორინგის პოეზიის საღამოც, სადაც ავტორმა თავისი ლექსები გააცნო ადგილობრივ აუდიტორიას.

გამოფენის ორგანიზატორები აცხადებენ, რომ ინტერდისციპლინარული ნამუშევრების მაყურებლისთვის წარდგენას მომავალშიც აპირებენ. შეიძლება ითქვას, რომ 600–ლარიანი პროექტის განხორციელებით, ლიტერატურის მუზეუმი მკვდრეთით აღსდგა და საპრეზენტაციო ფუნქცია დაიბრუნა. რაც მთავარია, სითამამის, თავისუფლებისა და ჰეფენინგის მომენტალურობის ხიბლის შეთავაზებით, მან დამთვალიერებელიც ეიფორიულ ტალღაზე დააყენა.     

მასალების გადაბეჭდვის წესი