ხელოვნება

როგორც ნელი და ხანგძლივი სექსი

30 ივნისი, 2010 • • 2565
როგორც ნელი და ხანგძლივი სექსი

ეპატაჟი – რამდენად მოსაწონი შეიძლება  იყოს ავტორისთვის მის რომანზე ფიქრის ამ სიტყვით დაწყება? შეიძლება კომპლიმენტადაც აღიქვას.  „სიმფსონების“ დროს უთუოდ ასე იქნებოდა. კარგი იყო „სიმფსონები“ – ლაღი, თავხედური, დანის პირივით მკვეთრი და ტამპონივით გაჟღენთილი. „მინერალური ჯაზი“ ლიმონათივით წავიდა – ყელში ჩაღვრილი ყველა ყლუპი ლიტერატურულ ალუზიებს გაზებივით უკან ამოისროდა. კინოობანას თამაშს გავდა, ოღონდ ლიტერატურაში. adibas-ში თავიდან გეჩვენება, რომ ავტორი ისევ კინოობანას გეთამაშება. მაგრამ ამ წიგნში, საერთოდ, ბევრი რამ შეიძლება მოგეჩვენოთ ან მოგეჩვენოთ, რომ მოჩვენებითია. ზაზა ბურჭულაძე არც მალავს, რომ სიმულაციებით გაერთო და რომანის დასაწყისში მკითხველს საგანგებოდ უხსნის: adibas ყალბი ადიდასი, სუროგატი, იმიტაცია და ფალსიფიკაციაა.

წელს, ერეკლე დეისაძის ამბების შემდეგ, კარგი მწერლისთვის ეპატაჟურობაზე ოცნებაც ზედმეტია, რაც უნდა დიდი ლიტერატურა შექმნას. ერთი შეხედვით, ზაზა ბურჭულაძე საკმაოდ პირდაპირია, მოურიდებელიც კი. თუმცა, წლების მანძილზე მისი დანის წვერი დარბილდა – რომც მოგედოს, არ დაგსერავს. სირბილემ მეტი ხიბლი შემატა მის ლიტერატურას. მაგრამ ესეც იმიტაციაა – მწერალი უფრო დახელოვნდა ცინიკურობასა და ირონიულობაში.

adibas -ში ზაზა ბურჭულაძეს რაღაც მოაკლდა და შეემატა კიდეც. რომანში ბევრი ადგილია, სადაც გაგეღიმება. ხორხოცს უკვე აღარ მოყვები, მაგრამ იუმორი ადგილზეა – ბასრი, შავი – კბილებში რომ გამოსცრი. ოღონდ მძლავრი არა. საერთოდ, რომანი ამ სიტყვით რაიმენაირ კონტექსტში განხილვისკენ ნაკლებად გიბიძგებს. პირიქით, adibas -ში ყველაფერი ლივლივებს – იმიჯები რიტმულად იძერწებიან და ხავერდოვნად ერწყმიან ერთმანეთს; ისტორიები და ადამიანები ირევიან, ზავდებიან და ისევ შორდებიან – როგორც ნელი და ხანგძლივი სექსი, როგორც ბურუსით მოცული ომი, რომელიც რომანში ჩანს და თან არც ჩანს, მაგრამ სულ არის.

პირველ პირში მთხრობელი პერსონაჟისთვის ომი და ომთან დაკავშირებული სახეები ეროტიკული ზმანებების სტიმულატორი ხდება. ომი, როგორც სექსი და პირიქით. ამაღლებული განწყობა, რომელიც გულისრევას იწვევს და გულისრევა, რომელიც ამაღლებულ განცდებს ბადებს პერსონჟში, იმ კრიტიკულ ზღვრამდე აღწევს, საიდანაც, პოტენციურად, შესაძლებელია დიდებული ლიტერატურული ბოროტება დაიწყოს. მაგრამ ქართული მწერლობა ჯერ შორსაა შეშლილობის იმ ზღვარისგან, რომელზეც ჟორჟ ბატაი წერდა. 

მასალების გადაბეჭდვის წესი