ხელოვნება

არდიFEST – ღია სივრცე ახალგაზრდებისთვის

23 მაისი, 2010 • • 1637
არდიFEST –  ღია სივრცე ახალგაზრდებისთვის

დღეს საღამოს ოცდახუთწუთიანი სპექტაკლების რიგით მეორე ფესტივალი არდიFEST 2010 იწყება. ფესტივალს 2008 წელს სამეფო უბნის თეატრში ჩაეყარა საფუძველი. შარშან, ფინანსური პრობლემების გამო არდიFEST ჩაიშალა. მერიის კულტურის სამსახურის მხარდაჭერით, რომელიც ამჯერად ფესტივალის ძირითადი ფინანსური პარტნიორია, ქართველი მაყურებელი ახალგაზრდების შემოქმედებას წელს კვლავ იხილავს.

80-ზე მეტი მონაწილე აუდიტორიის წინაშე 14 სპექტაკლით წარსდგება. მონაწილეები უმეტეს შემთხვევაში სტუდენტები არიან. ფესტივალი ღიაა ნებისმიერი სახელოვნებო ინსიტუტის კურსდამთავრებულებისა და სტუდენტებისათვის, რომელთა ასაკი 35 წელს არ აღემატება. ორგანიზატორები ეიჯისტურ მიდგომას იმით ამართლებენ, რომ ფესტივალი ახალგაზრდულია და სწორედ ახალგაზრდული პროდუქციის წარმოჩენაზეა ორიენტირებული. მათი აზრით, ასეთი პირობის დაცვით, ყველა მონაწილე თანაბარ პოზიციაზე იმყოფება.

ფესტივალის დირექტორი, ნიკა თავაძე ამბობს: „მაშინ, როცა ჩვენ ვიწყებდით მუშაობას, თეატრები უფრო დახურულ სივრცეს წარმოადგენდნენ.  არსებობდა დადგენილი შტატი, რომელშიც ძალიან რთული იყო მოხვედრა. საკუთარი თავის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელისთვის წარდგენა უხერხულობას ქმნიდა. ამის გაკეთება მხოლოდ საუბრით არ ხერხდებოდა, რაღაც უნდა გეჩვენებინა, ჩვენება კი შესაბამისი სივრცის უქონლობის გამო, რთული პროცესი იყო. სამეფო უბნის თეატრის დაარსება სწორედ ასეთი სივრცის შექმნის სურვილმა გამოიწვია. პირველი არდიფესტის ჩატარებას მარჯანიშვილის თეატრში ეტიუდების ფესტივალის გაკეთება მოჰყვა. რუსთაველის თეატრში რობერტ სტურუას ახალგაზრდა ასპირანტთა ჯგუფიც არსებობს და ახალგაზრდებს უკვე აქვთ საშუალება, რომ აჩვენონ რა შეუძლიათ“.

კონკურსში მონაწილეობის მსურველი წელს მეტი იყო, თუმცა თეატრის შესაძლებლობებიდან გამომდინარე, სპექტაკლების რაოდენობა შეიზღუდა. 37 განაცხადიდან სელექცია 14-მა გაიარა. თავისუფალი კონკურსის ერთადერთი შეზღუდვა წარმოდგენის ხანგძლივობა იყო (25 წუთი). თუკი შარშან იმდენი სპექტაკლი გაკეთდა, რამდენის გაკეთების სურვილიც გამოიხატა, წელს, განაცხადების დიდმა რაოდენობამ სელექციის დაწესების აუცილებლობა გამოავლინა. ფესტივალის ფინანსური, ხოლო სამეფო უბნის თეატრის ტექნიკური პირობების გათვალისწინებით, ყველა განაცხადის განხორციელება ვერ მოხერხდა. სპექტაკლების მოსამზადებელი პერიოდი ერთი თვე იყო. ახალგაზრდებს ორი სარეპეტიციო ოთახი და თეატრის სცენა დაეთმოთ.  

ერთ-ერთი ორგანიზატორი, დავით გაბუნია ამბობს, რომ პირველი ფესტივალის წარმატებული გამოცდილებიდან გამომდინარე, წელს მეტი ინტერესია: „ეს ახალგაზრდული ფესტივალია და აქ ფსონი პერსპექტივაზე კეთდება. პირველ არდიფესტზე რამდენიმე ადამიანი გამოჩნდა, რომელიც თეატრალურ ცხოვრებაში დღეს უკვე აქტიურადაა ჩაბმული. ჩვენ დიდი იმედი გვაქვს, რომ წელსაც ასე მოხდება“.

ფესტივალის ჟიური 8 ადამიანისგან შედგება. ესენი არიან: მსახიობები გიორგი ნაკაშიძე, და ნინო ბურდული, მხატვარი სიმონ მაჩაბელი, კომპოზიტორი გიო ცინცაძე, რეჟისორი დავით საყვარელიძე და ლილი ფოფხაძე – რუსთაველის თეატრის ლიტერატურული ნაწილის გამგე. რიგით მეორე ფესტივალის ჟიურის წელსაც თემურ ჩხეიძე უხელმძღვანელებს. ჟიურის შერჩევისას ფესტივალის ორგანიზატორები შეეცადნენ ის პროფესიები მოეცვათ, რომელშიც ნომინაციები გაიცემა. ნომინაციები კი შემდეგია: საუკეთესო რეჟისორი, საუკეთესო დრამატურგი, საუკეთესო მსახიობი ქალი და კაცი, საუკეთესო მხატვარი (როგორც კოსტიუმების, ასევე დეკორაციის) და საუკეთესო კომპოზიტორი. ჟიურის წევრების გადაწყვეტილების მოქნილობის ხელშესაწყობად ასევე დაწესებულია სპეციალური პრიზი, რომლის ფორმულირებასაც ჟიური დახურვის საღამოზე მოახდენს.

ფესტივალის ერთ-ერთი მიზანი თანამედროვე ქართული დრამატურგიის წახალისებაა. მონაწილეების შერჩევისას პრიორიტეტი ამ კრიტერიუმს მიენიჭა, თუმცა არა ხარისხის ხარჯზე. შედეგად, ფესტივალზე ახალი ქართული პიესების მიხედვით დადგმული 6 სპექტაკლი გათამაშდება.

სამეფო უბნის თეატრი წელსაც იმეორებს წინა ფესტივალის გამოცდილებას და სხვადასხვა ნომინაციაში გამარჯვებულ კონკურსანტებს ახალი თეატრალური წარმოდგენის შექმნის შანსს აძლევს. საუკეთესო რეჟისორის, დრამატურგის, მსახიობის, მხატვრისა და კომპოზიტორის კატეგორიაში გამოვლენილი გამარჯვებულები ახალი სპექტაკლის გაკეთებაზე ერთობლივად იმუშავებენ. წელს ფესტივალი ამ ინიციატივის შედეგად დადგმული სპექტაკლით „სხვისი შვილები“ დაიხურება.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი