ნეტგაზეთი | დუხობორები საქართველოში დუხობორები საქართველოში – Netgazeti
Batumelebi | RU

დუხობორები საქართველოში

„მუზეუმები სოციალური ჰარმონიისათვის“ მუზეუმების საერთაშორისო დღის წლევანდელი დევიზია. ეს დღე, 18 მაისი, აბრეშუმის სახელმწიფო მუზეუმმა გამოფენით „საქართველოში მცხოვრები დუხობორების ტანსაცმელი და ტექსტილი“ აღნიშნა. გამოფენა 30 მაისამდე გასტანს. 

„მუზეუმები სოციალური ჰარმონიისათვის“ მუზეუმების საერთაშორისო დღის წლევანდელი დევიზია. ეს დღე, 18 მაისი, აბრეშუმის სახელმწიფო მუზეუმმა გამოფენით „საქართველოში მცხოვრები დუხობორების ტანსაცმელი და ტექსტილი“ აღნიშნა. გამოფენა 30 მაისამდე გასტანს.

XIX საუკუნეში რუსეთის იმპერატორმა დუხობორების დიდი ჯგუფი (5000 ადამიანი) ამიერკავკასიაში გადმოასახლა. ისინი სახელმწიფო სისტემას, მართლმადიდებლურ იდეებს, საეკლესიო რიტუალებსა და სხვა საეკლესიო პირობითობებს ემიჯნებოდნენ. დაწერილი, ე.წ. „მკვდარი“ ტექსტის ნაცვლად ამ რელიგიური ფილოსოფიის მატარებელი ადამიანები უპირატესობას ზეპირ სიტყვას ანიჭებდნენ. მათი ლოცვებიც, რომლებსაც ერთმანეთს უზიარებენ, ზეპირია და არა დაწერილი.

საქართველოში, კერძოდ კი ჯავახეთში, დუხობორებმა თავიანთი მიკროკულტურული გარემო შექმნეს. თუმცა, ბოლო დროს მათი რიცხვი წლიდან წლამდე მცირდება. ბევრი ოჯახი რუსეთში გაემგზავრა. დღეს დუხობორთა თემს დაახლოებთ 150 ადამიანი შეადგენს.

„რუსეთის იმპერიაში ამ ადამიანებს, პირველ რიგში, მართლმადიდებლური ეკლესია აღუდგა, რადგანაც ისინი რიტუალურ მხარეს არღვევდნენ. ომში წასვლაზეც უარს ამბობდნენ. არც სახელმწიფოს აწყობდა ასეთი მოქალაქე და არც ეკლესიას ასეთი მრევლი. ისინი ულმობლად იდევნებოდნენ. დუხობორების და ქართველების თანაარსებობა იმის ერთ-ერთი მაგალითია, რომ ერების და ხალხების თანაცხოვრება მტრის ხატის გარეშეც შეიძლება“ – ამბობს მხატვარი ოლესია თავაძე.

წელს აბრეშუმის მუზეუმი დუხობორების შემოქმედების გამოფენას პირველად მასპინძლობს. ექსპოზიციაზე წარმოდგენილია სარიტუალო და საყოფაცხოვრებო მოხმარების ნივთები და ნაქარგები, ტრადიციული ტანსაცმელი, რომლის ქსოვილიც ხელნაკეთია. დუხობორების ტექსტილი ცოცხალი, მჭახე ფერებით და კომპოზიციების თავისებური ხასიათით გამოირჩევა.

ოლესია თავაძის, ნინო ყიფშიძის, ეკატერინე გეგუჩაძის კერძო კოლექციებიდან გამოტანილი საექსპოზიციო ელემენტები XIX და XX საუკუნის მიჯნაზეა შექმნილი. დღეს ტრადიციულ ტანსაცმელს ყოველდღიურად თითო-ოროლა ღრმა მოხუცი თუ ატარებს. ასეთი სამოსი, ძირითადად, სალოცავში აცვიათ.

ნინო კუპრავა, მხატვარი, კურატორი და აბრეშუმის მუზეუმის საგანმანათლებლო პროგრამების ხელმძღვანელი ამბობს: „ჩემთვის, როგორც მხატვრისთვის ძალიან საინტერესოა მათი თავისუფლება კომბინირებაში, ფერებში“. თითქმის ორი საუკუნის განმავლობაში დუხობორები ცდილობდნენ, თვითმყოფადობა შეენარჩუნებინათ და საკუთარი კულტურა ადგილობრივი მოსახლეობის გავლენისგან დაეცვათ. „ექსპოზიციის გაკეთების დროს ვფიქრობდი, მათთვის დამახასიათებელი გარემო შემექმნა და ჩაკეტილობის ეს ხასიათი, მათი სახლების ინტიმური გარემო მეჩვენებინა“ – განაგრძობს ნინო კუპრავა.

ექსპოზიციაში მუზეუმის ინვენტარი იმ სკამების სახითაც არის ჩართული, რომელთა განსათავსებლად აბრეშუმის მუზეუმში დამატებითი სივრცე არ მოიძებნა. თუმცა, სამოვარიანი მაგიდების გარშემო განლაგებული სკამები ექსპოზიციაში არა მხოლოდ ფუნქციურ, არამედ კონცეპტუალურ ელემენტებადაც ეწერებიან. ექსპოზიციის ავტორი ნინო კუპრავა თვლის, რომ არსებული შესაძლებლობები მას აიძულებენ, ექსპოზიციას პრაქტიკული თვალით შეხედოს. დარბაზი, რომელიც დუხობორების გამოფენას მასპინძლობს მრავალფუნქციურია. ეს არის შეხვედრების, კონფერენციებისა და გამოფენების გასამართი ადგილი. საგანმანათლებლო პროგრამების ხელმძღვანელი იმაზეც წუხს, რომ შეზღუდული საგამოფენო სივრცის გამო პროგრამების განხორციელება გართულებულია.   

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ნინო ძანძავა