ხელოვნება

ბევრი ფოტო, ბევრი სტუმარი და ღამის პრომენადი

10 მაისი, 2010 • • 2380
ბევრი ფოტო, ბევრი სტუმარი და ღამის პრომენადი

საქართველოში ფოტოგრაფიით უამრავი ადამიანია დაინტერესებული. ძალიან ბევრი იღებს არა, უბრალოდ, ჩაჩხაკუნების და სამახსოვრო ფოტოს გადაღების მიზნით, არამედ პროფესიული ინტერესით. ეს პროცესი დიდი ხანია დაიწყო: ციფრული ფოტოაპარატების სოკოებივით მომრავლებამდე ქართველ ფოტომოყვარულებს ზენიტები ქონდათ მხარზე გადაკიდებული. ინტერტენ კომუნიკაციების გაძლიერების შემდეგ ადამიანებს თვალიერების საშუალებაც მიეცათ. თუკი ადრე ნან გოლდინის ალბომის სანახავად ქარვასლაში, MAF-ში ან დიუმას ცენტრში უნდა გევლო, ახლა დეფიციტის პრობლემა მოიხსნა და მიუხედავად იმისა, რომ წიგნის მაღაზიებში ფოტოალბომები ძვირი ღირს და საქართველოში უცხოელი ფოტოგრაფების გამოფენებიც საკმაოდ იშვიათად ეწყობა, ყველაფრის დათვალიერება გახდა შესაძლებელი.  

მაისის თვეში თბილისში დაგეგმილ ფოტოფესტივალზე საუბარი ნესტან ნიჟარაძემ ანრი კარტიე-ბრესონის ციტატით დაასრულა: ფოტოგრაფიის ტექნიკურად სწავლას სულ რაღაც 15 წუთი სჭირდება. ამას ნებისმიერი ადამიანი ახერხებს. მაგრამ იმისთვის, რომ მართლა ისწავლო, უნდა უყურო ფოტოგრაფიას, უნდა უყურო სხვის გაკეთებულ ფოტოგრაფიას.

სწორედ ამ მიზნით, 14- 17 მაისს თბილისში ფოტოგრაფიის სამდღიანი ფესტივალი Tbilisi Open Air Photo Fest გაიმართება, რომელიც ფოტოგრაფიასთან დაკავშირებული ასეთი მაშტაბური სახის პირველი ღონისძიებაა საქართველოში. ფესტივალი ევროპის სახლის ნათლობაცაა, რადგან ეს იქნება პირველი კულტურული პროგრამა, რომლითაც იგი გაიხსნება. ფესტივალის განხორციელებაში, თბილისის ფოტოგრაფიის სახლთან ერთად, არლის ფოტოგრაფიის ფესტივალიც (Les Rencontres d’Arles) მონაწილეობს. სამი დღის განმავლობაში ორგანიზატორებს გამოფენები, ვიდეო-პროექციები, დებატები და დაჯილდოების ცერემონიალიც აქვთ დაგეგმილი. 

შარშან არლში ქართული ფოტოჟურნალის FOTO სპეციალური გამოშვების პრეზენტაცია შედგა. ნომერი მთლიანად 2008 წლის რუსულ-ქართულ კონფლიქტს მიეძღვნა. ის ორენოვანი იყო და წამყვანი სააგენტოებიდან 11 უცხოელი ფოტორეპორტიორის ნამუშევრებს აერთიანებდა. ომის დოკუმენტაციის ამსახველი ჟურნალის პრეზენტაციის შემდეგ არლის ფესტივალი, როგორც ნესტან ნიჟარაძე ამბობს, „უცხო, შორეული და უცნობი საქართველოთი“ დაინტერესდა და ქართველებს თბილისში წარსადგენად საკუთარი პროგრამა “la Nuit de l’Année” – „წლის ღამე“ – შესთავაზა.

„წლის ღამე“ ევროპაში ამ უძველესი ფოტოგრაფიული ფესტივალის ერთ-ერთი ყველაზე მომხიბვლელი პროგრამაა, რომელიც ერთი ღამის განმავლობაში გრძელდება. ქალაქის ძველ უბანში ერთდროულად ათეულობით ეკრანი იშლება და ეკრანზე ცნობილი ფოტოგრაფების უახლესი ნამუშევრების პროექცია მიმდინარეობს. პროექციას ხშირად მუსიკალური აკომპანემენტი ახლავს. საერთოდ, მუსიკალური აკომპანირებით ფოტოების ეკრანზე პროეცირება სამუზეუმო და საგალერეო სივრცეების მიერ აწ უკვე დამკვიდრებული, მაგრამ თანამედროვე მეთოდია. მაყურებლის შთაბეჭდილება კიდევ უფრო მძაფრდება, როდესაც ეს ყველაფერი გარეთ, ღია სივრცეში, სათანადოდ შერჩეულ არქიტექტურულ გარემოში, ხდება. ასე იქნება თბილისშიც. ნესტან ნიჟარაძე ამბობს, რომ „ეს არის არლის ფესტივალის ყველაზე პოპულარული პროგრამა და ის ყველაზე დიდ პუბლიკას აგროვებს. ეკრანებზე განსხვავებული პროექციები გადის. ჩვენც ამ პრინციპით ვმოქმედებთ. თბილისში, ძველ ქალაქში, ათი ეკრანი დამონტაჟდება: აბანოთუბანი, მეიდანი, შარდენი, ბამბის რიგი, ლესელიძის 28 და 31, გუდიაშვილის მოედანი, გია აბესაძის, გრიგოლ ხანძთელის ქუჩა. თან ეს არის ღამის ლამაზი პრომენადიც, თან ფოტოგრაფიის ნახვის შესაძლებლობა. მითუმეტეს, რომ მართლაც უნიკალური ფოტოპროდუქცია იქნება წარმოდგენილი“. დაიბეჭდება ჩვენებების საორიენტაციო რუკა, რომელზეც აღნიშნული იქნება ჩვენების ყველა ადგილი და პროგრამა.

მაყურებელს საშუალება ექნება, ნახოს ნან გოლდინის, ჟერომ ბონეს, სტენლი გრინის, პატრიკ დემარშელიეს, მარტინ კოლარის და სხვა ფოტოგრაფების ნამუშევრები. საკუთარ პროდუქციას წარმოადგენენ ცნობილი პრესის სააგენტოები და ასოციაციები (Paris Match Photo, Télérama, Vogue, VU, Noor, MYOP, VII, Le Monde 2, Reuters, World Press, Magnum). ფოტოპროექციის გარდა იქნება ვიდეოპროექციაც. მაგალითად, ჩანახატი ნან გოლდინზე, რომელიც შესულია უილიამ კლეინის მიერ ARTE-სთვის გაკეთებულ სერიაში „კონტაქტები“ (Contacts, vol.II). ამ ვიდეო ესსეში ამერიკელი ფოტოგრაფი ფოტოგრაფიაში მუშაობის საკუთარ გამოცდილებაზე, ასევე, პირად ცხოვრებასა და თავის მეგობრებზე გვიამბობს, რომლებიც მისი ფოტოების პერსონაჟები არიან. ესსე ისევე თბილი და პერსონალურია, როგორც ნან გოლდინის მთელი შემოქმედება. ფილმ-ვიდეოში შესულია ფოტოები ციკლიდან „ბალადა სექსუალურ დამოკიდებულებაზე“.

თბილისის ფესტივალის ორგანიზატორებმა არლის ფესტივალთან შეთანხმებით გადაწყვიტეს კავკასიელი ფოტოგრაფებიც ჩაერთოთ პროგრამაში. ასე რომ „წლის ღამე“ აზერბაიჯანელი, სომეხი და ქართველი ფოტოგრაფების ნამუშევრებსაც დაეთმობა. ღამის პრომენადზე მაყურებელი 12-მდე ქართველი ფოტოგრაფის ნამუშევრებს იხილავს. ეს ფოტოგრაფები არიან: გოგი ცაგარელი, იური მეჩითოვი, გურამ წიბახაშვილი, ნათელა გრიგალაშვილი, ირინა აბჟანდაძე, ლევან ხერხეულიძე, ნიკო ტარიელაშვილი, დათო მესხი, გია ჩხატარაშვილი, ასევე, იუსტინა მელნიკევიჩი – პოლონელი ფოტოგრაფი, რომელიც საქართველოში ცხოვრობს. რადგანაც წელს ფესტივალი პირველად ტარდება, ორგანიზატორებმა გადაწყვიტეს ის ქართველი ფოტოგრაფები გამოფინონ, რომლებიც დიდი ხანია ფოტოგრაფიაში მუშაობენ. გაისად სივრცეს შედარებით ახალგაზრდებს დაუთმობენ, რომლებიც ნესტან ნიჟარაძის აზრით, „თვისობრივად განსხვავებულ, ძალიან საინტერესო ფოტოგრაფიას აკეთებენ და სხვა დამოკიდებულება აქვთ ფოტოგრაფიის მიმართ“. ქართული ფოტო წელს არლშიც მოხვდება, თუმცა, კონკრეტულად ვის ნამუშევრებს უმასპინძლებს ფესტივალი საფრანგეთში ამ დრომდე პატარა საიდუმლოდ რჩება.

ამიერკავკასიელ ახალგაზრდა პროფესიონალებს სივრცეს ევროპის სახლი დაუთმობს, სადაც მაგნუმის სააგენტოს მიერ დაწესებული პრიზით– “პრიზი ახალზაგრდა ფოტოგრაფისთვის კავკასიის რეგიონიდან“ დაჯილდოების ცერემონიალი გაიმართება. თბილისში სპეციალურად ჩამოსული პაოლო პელეგრინი ამ კონკურსში გამარჯვებულ აზერბაიჯანელ რენა ეფენდის მთავარ პრიზს, ხოლო ქართველ დარო სულაკაურსა და სომეხ კარენ მირზოიანს საპატიო დიპლომებს გადასცემს. 2009 წელს მაგნუმის მიერ დაწესებული ეს ჯილდო განკუთვნილია 1978 წელს ზემოთ დაბადებული ფოტოხელოვანისთვის, რომელიც კავკასიის რეგიონში ცხოვრობს და სოციალური მნიშვნელობის დოკუმენტურ ფოტოს იღებს.

ევროპის სახლში გაიმართება რენა ეფენდის გამოფენა სახელწოდებით PIPE DREAMS. სერიაზე, რომელიც ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის თემას ეხება, ეფენდიმ რამდენიმე წელი იმუშავა. თავდაპირველად BP-ის კომერციული პროექტის ფარგლებში, მოგვიანებით, ნავთობსადენთან დაკავშირებული თურქების, ქართველებისა და აზერბაჯიანელების ცხოვრებით დამოუკიდებლად დაინტერესდა და თემაზე მუშაობა განაგრძო. 2009 წელს სერია პირველად გამოვიდა წიგნის სახითაც. ფესტივალის ორგანიზატორებს იმედი აქვთ, რომ წიგნი, რომელიც პოლიტიკური მოსაზრებების და ცენზურის გამო აზერბაიჯანში არ განუბაჟებიათ, აზერბაიჯანის საბაჟო პუნქტიდან საქართველოსკენ აიღებს გეზს. „გვინდა ეს დატყვევებული ტირაჟი აქ გავათავისუფლოთ და ფესტივალის ფარგლებში გვაყიდოთ“, ამბობს ნესტან ნიჟარაძე.

16 მაისს ფესტივალი წარმოშობით ბრიტანელი ფოტოგრაფის, მაიკლ კენას საქართველოში გადაღებული ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვით დასრულდება.  კენა საქართველოს პირველად ორი წლის წინ ეწვია და თბილისის ისტორიის მუზეუმში გამოფენის (“ფრანგული ბაღები”) გარდა საკუთარი შემოქმედების პრეზენტაცია ეროვნული მუზემის საკონფერენციო დარბაზშიც ჰქონდა. თბილისში მეორე გამოფენის მოწყობის სურვილი მაიკლ კენამ თვითონ გამოთქვა. თავად ფოტოგრაფი ნოემბრის ბოლოს ეწვევა საქართველოს და ქართულ სერიაზე მუშაობას გააგრძელებს, რაც, საბოლოო ჯამში, წიგნის სახეს მიიღებს. ნოემბერში კენასთან ერთად თბილისში გამომცემელიც ჩამოვა NAZRAELI PRESS -იდან, რომელსაც ბოლო წლებში ფოტოგრაფის ვენეციის და იაპონიის ციკლი აქვს გაკეთებული.

მაიკლ კენას მიერ საქარველოში გადაღებული ფოტოების პირველ დიდ გამოფენაზე ნამუშევრები გაიყიდება. „ეს ჩემი სურვილი იყო. დროა საზოგადოებამ გაიგოს, რომ ფოტოგრაფია იყიდება და რომ ის შეიძლება ძვირიც ღირდეს. ფოტოგრაფია ძალიან კარგი ინვესტიციაა. მესმის, რომ ეს ყველაფერი დასავლურ კულტურაში უფროა დამკვიდრებული. მაგრამ თუ არ დაიწყე, არასდროს არაფერი დაიწყება. რადგანაც სერია სულ ახალია, ამიტომ ფასებიც დაბალია. რაც უფრო მეტი ფოტო გაიყიდება, ფასებიც მით უფრო გაიზრდება“.

გამოფენებისა და ჩვენებების გარდა ფესტივალზე დებატებიც გაიმართება თემაზე „ფოტოგრაფიის როლი თანამედროვე მედიაში“, რომლებშიც მონაწილეობას დიდი ჟურნალ-გაზეთების ფოტორედაქტორები მიიღებენ. დებატების მონაწილეა პაოლო პელეგრინიც.

„მთელ მულტიმედიურ სივრცეებში და მისტერიებში, რომლებშიც დღეს თანამედროვე ხელოვნება ეხვევა, ფოტოგრაფია დომინანტურია“ – თვლის ნესტან ნიჟარაძე და მიიჩნევს, რომ ფესტივალი საქართველოში ფოტოგრაფიის განვითარებას შეუწყობს ხელს: „საქართველოში შეგვიძლია ლაპარაკი იმაზე, რომ ფოტოგრაფია განვითარების გარკვეულ ფორმებს იღებს. სხვა საკითხია, თუ რა ტემპით და  მიმართულებით ვითარდება ის. ფოტოგრაფია გენიალური საშუალება არა მარტო სამყაროს დაფიქსირების, არამედ სამყაროსადმი შენი ადგილის, ხედვის განსაზღვრის“.

მასალების გადაბეჭდვის წესი