ხელოვნება

ცოცხალი წიგნები,ვახუშტის პრემია და ის, რაც წვიმის ბრალია

23 აპრილი, 2010 • • 2104
ცოცხალი წიგნები,ვახუშტის პრემია და ის, რაც წვიმის ბრალია

კლუბი „ვიტამინი“ უკვე მეორე წელია სამედიცინო უნივერსიტეტში წიგნის დღეს განსაკუთრებულად აღნიშნავს. განსაკუთრებულობა კი იმაშია, რომ ამ დღეს წიგნები ცოცხლდებიან. ცოცხალი წიგნები ცნობილი ადამიანები არიან, რომლებიც სპეციალურად გაფორმებულ მაგიდებთან სხედან და დამთვალიერებლებს მათ მიერ არჩეულ თემებზე ესაუბრებიან. მაგალითად თუ ასტროლოგიით ხართ დაინტერესებული, შეგიძლიათ მიხეილ ცაგარელის მაგიდას მიუსხდეთ. ვირტუალური წიგნი, სწორედ მიხეილ ცაგარელია, რომელიც თქვენ ნებისმიერ კითხვას გასცემს პასუხს. ჯაზის მოყვარულებს დღეს ოთარ ტატიშვილის მაგიდა უმასპინძლებს. მისი წიგნის სახელია „All that Jazz”, ვირტუალური მაგიდის მასპინძელი ჯაზის შესახებ ყველაფერს მოგიყვებათ. გია მურღულია ლიტერატურის მასპინძელია, მოგზაურობის შესახებ კი ჯუმბერ ლეჟავა გესაუბრებათ. გარდა გაცოცხლებული წიგნისა, დღეს სამედიცინო უნივერსიტეტში წიგნების გამოფენა–გაყიდვა დილის ათიდან დაიწყო. ღონისძიებებს კი სანდრო ლორთქიფანიძის (ხვიარა) საღამო დაასრულებს.

წიგნის მოყვარულები დღეს დედაენის ბაღშიც შეიკრიბნენ, თუმცა ძალიან მცირე რაოდენობით. წიგნის გამოფენა–გაყიდვაში მონაწილეობა რამდენიმე გამომცემლობამ და  წიგნის მაღაზიამ მიიღო. მათ შორის „დიოგენემ“, „ბაკურ სულაკაურმა“, „ბიბლუსმა“, ასევე „ბიოგრაფიულმა ცენტრმა“.

წიგნის მაღაზია „სანტა ესპერანსას“ თანამშრომელი, ლევან ცერცვაძე ფიქრობს, რომ დედაენის ბაღში ხალხის სიმცირის მიზეზი, უამინდობა იყო.

„ალბათ წვიმის ბრალია, ცოტა ხალხი რომ იყო“.

მაღაზიას რამდენიმე კატეგორიის წიგნი ჰქონდა გატანილი გასაყიდად, მათ შორის საბავშვო წიგნები და უახლესი თარგმანები.

დღესვე, თბილისის ეროვნულ ბიბლიოთეკაში წიგნის დღეს, ვახუშტი კოტეტიშვილს გაიხსენებენ.  მისი სახელობის პრემია გამომცემლობა „დიოგენემ“ დააწესა. პოეზიის საუკეთესო თარგმანისთვის გამომცემლობა სამ ავტორს ათას ლარიანი პრემიით დააჯილდოვებს. გარდა ამისა, „დიოგენეს“ საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი, ნინო კუსრაშვილი ამბობს, რომ საუკეთესო თარგმანები წიგნად გამოსცეს.

„კონკურსის ყველა მონაწილეს სამ ეგზემპლარად დავურიგებთ კრებულებს, რომლის პრეზენტაცია ასევე დღეს მოხდება ბიბლიოთეკაში“,–ამბობს კუსრაშვილი.

წიგნის დღის აღნიშვნას საქართველო 2003 წლიდან შეურთდა. ეს დღესასწაული კი მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში უკვე 15 წელია აღნიშნება.

წიგნის საერთაშორისო დღის აღნიშვნა იუნესკოს ინიციატივა იყო.

23 აპრილი კი სიმბოლური თარიღია. ის მიგელ დე სერვანტესს და კატალონიას უკავშირდება. სწორედ ამ დღეს დაიღუპა ესპანელი მწერალი. და ეს დღე გახდა ნაწილი წმინდა გიორგის დღის აღნიშვნის, რომელიც ასევე 23 აპრილსაა. ამ დღეს უკვე მრავალი წელია, მამაკაცები ქალებს ვარდებს ჩუქნიან, მათგან კი ვარდის ნაცვლად საჩუქრად წიგნებს იღებენ. ამავე დღეს კატალონიაში ორდღიანი სახახლო კითხვა ეწყობა სერვანტესის “დონკიხოტის”.

იუნესკოს გენერალური დირექტორი, ირინა ბოკოვა ამბობს, რომ გარდა იმისა, რომ წიგნების ფორმები და დიზაინი მუდმივად იცვლება და იხვეწება, შეუძლებელია წიგნის განვითარება საავტორო უფლებების დაცვის გარეშე. ამიტომაც იუნესკო წიგნის დღესთან ერთად საავტორო უფლებების დაცვის დღესაც 23 აპრილს ზეიმობს. იუნესკომ ცოტა ხნის წინ დააფუძნა მსოფლიოს ანტი-პირატული სადამკვირვებლო პუნქტი (WAPO).

წიგნის და საავტორო უფლებების დღის აღნიშვნას “იუნესკომ” კიდევ ერთი კომპონენტი დაამატა. ეს წიგნის მსოფლიო ქალაქია. 2010 წელს ლუბლიანაა რჩეული. დღეს იქ ქალაქის მერი, მერიის თავზე დროშას აღმართავს. დაგეგმილია სახალხო წიგნის კითხვა. მთელი წლის მანძილზე ლუბლიანა 300-მდე საინტერესო ღონისძიებას გეგმავს, რა თქმა უნდა წიგნებთან დაკავშირებით.

ლუბლიანა წლის ქალაქად სპეციალურმა ჯგუფმა დააასახელა, რომელმაც ქალაქი სხვადასხვა კრიტერიუმების მიხედვით შეარჩია. 2011 წელს წიგნის ქალაქი ბუენოს აირესი იქნება.

მასალების გადაბეჭდვის წესი